.jpg)
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი მეორედაც დაიწუნა.
არქიტექტურის სამსახურმა პროექტის მშენებლობის ნებართვაზე 2016 წლის მარტში ერთხელ უკვე გასცა უარყოფითი პასუხი. “სასურველია მასის შემცირება რელიეფურობის მაქსიმალური მოდელირებით”, - განმარტა მერიამ. თუმცა 29 მარტს პროექტის ავტორმა მერიას თავიდან მიმართა.
29 მარტს შეტანილ განაცხადზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებულმა სამეცნიერო-მეთოდურმა საბჭომ 31 მარტს იმსჯელა.
თბილისში, მირზა შაფის ქ. მრავალფუნქციური კომპლექსის წარმოდგენილი პროექტის შეთანხმებას უარი სწორედ სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. საბჭომ გადაწყვეტილება 5 ხმით ერთის (ერთი თანხმობა) წინააღმდეგ მიიღო. საბჭოს წევრები უარის მიზეზად მიუთითებენ, რომ ობიექტის მოცულობა კვლავ დიდია და "კვლავ სასურველია ერთგვაროვანი მცირე მოცულობების შედეგად შექმნილი ერთიანი მასის შთაბეჭდილების მოხსნა გარკვეული არქიტექტურული ხერხებით.
მრავალფუნქციური კომპლექსი „სამეფო ბაღების" არქიტექტურული პროექტის განხორციელება
(საკადასტრო კოდი 01.18.04.018.067 ) 9200 კვ.მ ფართობზე, შპს. „აპოლო გ.ს“ (202430468) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იგეგმება. პროექტის თანახმად, აქედან განაშენიანება 4625.1 კვ.მ-ზე იგეგმება. შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული სიმაღლე 41.55 მეტრია. აქედან 33.1 მ - მიწის ზემოთ და 8.45 - მიწის ქვემოთ.
პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 2114 კვ.მ განთავსებულია უშუალოდ კლდოვანი მასივის თავზე. საპროექტო ტერიტორიის უკიდურეს მაღალ და უკიდურეს დაბალ წერტილებს შორის სხვაობა წარმოადგენს 37,40 მ-ს.
"ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება საერეკრიაციო ზონა (რზ-2), აღმოსავლეთით საცხოვრებელი ზონა (სზ-3), სამხრეთით ლანდშაფტურ-სარეკრიაციო ზონა (ლსზ) და დასავლეთით სარეკრიაციო ზონა (რზ–1) თავად საპროექტო ტერიტორიის ნაწილი (7086 კვმ) წარმოადგენს საზოგადოებრივ–საქმიან ზონას (სსზ–2) ხოლო მეორე ნაწილი (2114 კვმ) სარეკრიაციო ზონას (რზ–2). საპროექტო ტერიტორია მდებარეობს "მირზა შაფი"-ს ქუჩაზე (რომელსაც მივყავართ ბოტანიკურ ბაღში) და გადმოჰყურებს ძველ ქალაქს, მტკვარს და ნარიყალას ციხე-სიმაგრეს. დანიშნულების მიხედვით პროექტი მოიცავს ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, ლუქს კლასის აპარტამენტებს, საცხოვრებელ, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს; საქმიან სექტორს, საზოგადოებრივი და სავაჭრო ფუნქციებით." - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
როგორია მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი (ვიზუალური მასალა)
მირზა შაფის ქუჩა - მშენებლობის ნებართვის მოლოდინში
მირზა შაფის ქუჩა - ქალაქისთვის წართმეული სული
აქვე წარმოდგენილი ინფორმაციით, პროექტის ავტორები ამბობდნენ, რომ კომპლექსი ტერასულად დანაწევრებული არქიტექტურის ნიმუში იყო და ჰგავდა ძველი თბილისის ბანიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურას. "ეს დატერასება და მისი ორ სართულიან მოდულებად დანაწევრება გვაძლევს საშუალებას, რომ კომპლექსი არ აღიქმებოდეს ერთიან მასად, რაც ამ არსებულ გარემოსთვის მიუღებელია. საპროექტო კომპლექსის მოცულობის მასის ვიზუალურად შესამცირებლად გამოვიყენეთ სხვადასხვა მოსაპირკეთებელი მასალები, კერძოდ: ბუნებრივი ქვები, აგური, პერფორირებული კომპაკტლამინატის პანელები სხვადასხვა ტიპის ორნამენტებით, მაღალი ხარისხის დეკორატიული ლესვა, რაც არსებულ ისტორიულ ჩამოყალიბებული გარემოსთვის უცხო არ არის. აქტიურად გამოვიყენეთ ალუმინისპანორამულივიტრაჟები, რაც იძლევა საშუალებას, რომ აირეკლოს არსებული გარემო და ამ კომპლექსში მცხოვრებთათვის გააჩინოს მეტი პანორამული ხედები ისტორიულ ქალაქზე." - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
არქიტექტურული კომპანია “დემარკის” მთავარმა არქიტექტორმა ვლადიმერ აბრამიშვილმა (მირზა შაფის განვითარების პროექტის ავტორი) არქიტექტურის სამსახურს მირზა შაფის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით პირველად 2016 წლის 14 მარტს მიმართა. პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ (დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან) განიხილა (ოქმი N11, 17.03.2016 წ.) და ავტორს უარი უთხრეს მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რეკომენდაციით: “სასურველია მასის შემცირება რელიეფურობის მაქსიმალური მოდელირებით.”
იმავე დღეს, 29 მარტს ვლადიმერ აბრამიშვილმა პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თხოვნით არქიტექტურის სამსახურს ხელმეორედ მიმართა.