Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძიძიგური: „არ ვეთანხმები აზრს, რომ ქვეყანაში ლგბტ თემი დაჩაგრულია" - NGO-ების არგუმენტები

05 მაისი, 2016 13:29

არ ვეთანხმები აზრს, რომ ჩვენს ქვეყანაში ლგბტ თემი დაჩაგრულია - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობად განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ძიძიგურს შეკითხვით მიმართა „ადამიანის უფლებთა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ, რომლის თქმითაც, საქართველოში ლგბტ თემი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, განიცდის ძალადობასა და დისკრიმინაციას და ეს პრობლემები სისტემურია. მან დეპუტატს სთხოვა, ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან დაესაბუთებინა ამ ცვლილების საჭიროება.

დეპუტატის თქმით, მან გულწრფელად ისაუბრა ცვლილებების საჭიროებაზე და მიუღებელია არგუმენტი, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა.

„რომ ვთქვათ რომ ლგბტ თემი იჩაგრება და 17 მაისი მოვიყვანოთ ამის სალუსტრაციოდ, 17 მაისი იყო საზოგადოების ორ ნაწილს შორის დაპირისპირება. ადვილი შესაძლებელი იყო, მსხვერპლით დასრულებულიყო ის შეკრება. ხელისუფლების დადანაშაულება რომ არაფერი გააკეთა…  ვფიქრობ, ხელისუფლებამ იყოჩაღა, რომ სისხლი არ დაიღვარა და ეს დასაფასებელია.  უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე მიმართეთ სასამართლოს, სასამართლომ იმსჯელოს ამაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სპეკულაციაა. თქვენ თქვენს აზრზე დარჩებით. ჩვენ ვინც ვფიქრობთ, რომ ტრადიციული ოჯახი კიდევ უნდა გავამყაროთ, ამაზე ჩვენი პოზიციები არ შეიცვლება“ - თქვა ძიძიგურმა.

დეპუტატმა ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნგრეთი და ხორვატია ის ქვეყნებია, რომელთა კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არსებობს.

დეპუტატს გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე, რომლის თქმითაც, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნების კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არსებობს, მათივე კანონმდებლობით ლგბტ ადამიანებს შორის სამოქალაქო პარტნიორობა დაშვებულია.

ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ამ ქვეყნების კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის შესახებ, რომელიც ლგბტ პირთა შორის სამოქალაქო პარტნიორობას უშვებს, თუმცა იგი ვერ ხვდება, რატომ ეწინააღმდეგება ეს საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა  და მამაკაცის ერთობად განსაზღვრას.

ორგანიზაცია „ლგბტ საქართველოს“ წარმომადგენელი ბექა გაბადაძე დაინტერესდა, თუ რატომ არ ესწრებოდნენ საკონსტიტუციო ცვლილების საერთო სახალხო განხილვას ლგბტ თემის წარმომადგენლები, რამდენადაც დეპუტატი ამბობს, რომ დამსწრე საზოგადოებას ერთსულოვანი პოზიცია ჰქონდა საკითხთან დაკავშირებით.

ძიძგურის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ამ განხილვებს ლგბტ ადმაიანები არ ესწრებოდნენ, თუმცა საჯარო განხილვაზე მისვლისა და დასწრების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.

„თუ სურვილი არ აქვს ვინმეს, ძალით ვერავის მიიყვანს. თემა, რომ ლგბტ თემი ქვეყანაში დაჩაგრულია, მე ამას არ ვეთანხმები” - თქვა ძიძიგურმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კი განაცხადა, რომ წინასწარ იყო ცნობილი, სად ტარდებოდა შეხვედრები.

„ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო ეს შეხვედრა. არავინ არ იზღუდებოდა, მოსულიყო და მოსაზრება დაეფიქსირებინა. ჩვენთვის პირიქით, ძალიან  საინტერესო იქნებოდა განსხვავებული მოსაზრებების მიღება. მგონი არც ის იქნებოდა სწორი, იქ დაგვესვა კითხვა, აქ რომელიმე ხომ არ ხართ ლესბოსელი ან გეი?” - თქვა კობახიძემ.

პარლამენტში  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 80 წევრის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" განიხილავს. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ქორწინების ცნება განისაზღვრება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.

კონსტიტიციის მოქმედ რედაქციაში ნათქვამია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

ზვიად ძიძიგური ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეცენდენტებზე და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი აზრით, აუცილებელს ხდის ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. 

„შემიძლია გითხრათ 2 პრეცენდენტის შესახებ. ერთი ლატვის კონსტიტუციაში იქნა ჩანაწერი გაკეთებული, ანუ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობა წერია. მეორე ხორვატიის კონსტიტუციაში, სადაც ამ ჩანაწერის გაკეთებას წინ რეფერენდუმი უძღოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ჩანაწერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსტიტუციებშიც არის და ევროკავშირის გადასახედიდან რაღაც ახალი სიტყვა არ იქნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 21-ში ამა თუ იმ ფორმით არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ან ქორწინება ან რეგისტრაცია. ამიტომ, ამ ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ფორმულირება იყოს დაზუსტებული კონსტიტუციაში. განსაკუთრებით, ჩვენთან საქართველოში, სადაც დემოგრაფიულად ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, სადაც გადაშენების პირას ვართ მისული და გაერო გვეუბნება, რომ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა დემოგრაფიული პრობლემები, 2020 წლისთვის ვიქნებით მომაკვდავი ერების სიაში შეტანილი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^