Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არ უჭერს „ქართული ოცნება" მხარს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს

30 მაისი, 2016 16:01

„გერმანულ მოდელს" მხარი არ დავუჭირეთ, რადგან, ჩვენი აზრით, წარმოდგენილი ცვლილება კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი - განაცხადა ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზეც კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

ეკა ბესელიას თქმით, მოდელი კონსტიტუციის იმ ჩანაწერს ეწინააღმდეგება, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობაზე მიუთითებს.

„კონსტიტუცია ადგენს მათ შორის წესს. ამ წესის შეცვლა არ შეუძლია საარჩევნო კოდექსს. კონსტიტუციაში მაშინ უნდა იყოს სხვა ტიპის დათქმა, რომ ამ მანდატების გადათვლა სხვა ფორმულით იყოს შესაძლებელი - რომ შეიძლებოდეს მანდატების რაოდენობის შეცვლაც. ამიტომ, რადგან კონსტიტუცია თავად ადგენს ამ პროპორციას, ორგანული კანონი ამ წესს უნდა მიყვებოდეს. ახალი წესის შემოღება გულისხმობს ცვლილების აუცილებლობას. აქ ჩვენ ვერ ვთანხმდებით“ - ამბობს ბესელია.

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ასეთი ცვლილებები არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად გამართლებული არ არის.

„საჭიროა, უფრო მეტი დრო არსებობდეს ასეთი ტიპის მოსამზადებელი პროცესისთვის. ამ არგუმენტებით არ დავუჭირეთ მხარი“ - ამბობს ბესელია.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე  დავით ბერძენიშვილი არასერიოზულს უწოდებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ კანონპროექტის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადებას.

„არაკვალიფიციური ადამიანების მიერ კანონპროექტის უაპელაციოდ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება არ არის სერიოზული ამბავი. მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი და არ მივცემდი თავს უფლებას, ასეთ უაპელაციო განცხადება გამეკეთებინა. ამიტომ, ყველას, ვინც არ არის კონსტიტუციონალისტი და ღრმად ვერ ერკვევა საკითხებში, მოვუწოდებ, თავი შეიკავონ“, - ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, „ქართულ  ოცნებას“ კანონპროექტის მიღება პოლიტიკურად ხელს არ აძლევს და სიახლე არ არის, რომ ისინი პროექტს მხარს არ დაუჭერენ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

„მთავარია, რომ საკითხი ინიცირებულია. კომიტეტმა „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან გამომდინარე მხარი რომ არ დაუჭიროს, მაინც გავა ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე. სხდომაზე მისი მიღების მაღალი ალბათობა არ არის, რადგან მით უმეტეს ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც დეკლარირებული აქვთ, რომ მხარს უჭერენ ამ კარგ პროექტს, თუ არ იქნებიან სხდომაზე ან მეჩხრად იქნებიან, 76 ხმა ვერ მოგროვდება“ - ამბობს ბერძენიშვილი.

დეპუტატის თქმით, „ქართულ ოცნებას“ წარმოდგენილი მოდელი არ მოსწონს, რადგან მოქმედი კანონით იგი იმაზე მეტს იღებს, ვიდრე ნდობას მიიღებს; „გერმანული მოდელი" კი ცოტა ხმებით ბევრი მანდატის მიღებას თავიდან აგვაცილებს.

„გერმანული მოდელის" მიღება თავიდან აგვაცილებდა ცოტა ხმით ბევრი მანდატის მიღების შემთხვევაში პოლიტიკურ კრიზისს და დარბაზიდან ქუჩაში პოლიტიკური ენერგიის გადასვლას. ესაა ჩემი ამოცანა, თორემ „რესპუბლიკელებისთვის“ არსებითად რამე არ იცვლება. 50%-იანი ბარიერის პირობებში ძალიან ბევრი კონკურენტუნარიანი „რესპუბლიკელი" მაჟორიტარია მეორე ტურში გამსვლელი და მოგების შემძლე. „რესპუბლიკელებისთვის“ დღევანდელი მოდელი იქნება თუ გერმანული სისტემა, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის ერთობლიობით ასაღები მანდატების რაოდენობა არსებითად ერთმანეთისგან არ განსხვავდება“, - ამბობს ბერძენიშვილი.

კანონპროექტის ავტორს, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელ ვახტანგ ხმალაძეს ეჭვი ეპარება, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მხარდამჭერთა საჭირო რაოდენობა - 76 ხმა მოგროვდეს.

როგორც იგი „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავს, პროექტს მხარს, ალბათ, ის პოლიტიკური გუნდი დაუჭერს, რომელთაც ამის შესახებ ხმამაღლა უკვე განაცხადეს - „თავისუფალი დემოკრატები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტი განიხილეს, ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამის დასკვნას განხილვების დასრულებამდე გამოგზავნიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის თანახმად, პროპორციული და მაჟორიტარული ხმები ცალ-ცალკე დაითვლება, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით კი კონსტიტუციის თანახმად, 77 მანდატი იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ნაწილდება, რომლებიც ხმათა 5%-ს მაინც მიიღებენ.

„წერია, ვის შორის განაწილდება, როგორ განაწილდება, არ წერია. ვის რამდენი ეკუთვნის, ეს გამოიყვანება 150-დან, მაგრამ ნაწილდება პროპორციული წესით ზუსტად 77 მხოლოდ იმ სუბიექტებს შორის, ვინც ხმების 5%-ს მაინც მიიღებს. ეს ორივე პირობა არის ზუსტად შესრულებული ამაშიც და იმაშიც. ცოტა ფიზიკოსიც ვიყავი, ცოტა მათემატიკოსიც ვიყავი და ვიცი რას ნიშნავს პროპორციები“, - თქვა ხმალაძემ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. 

წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს უჭერს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი მურმან დუმბაძეც. „ლიბერალთან" საუბარში იგი ამბობს, რომ არ იცის, რამდენად გაიზიარებენ იმავე პოზიციას „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები", თუმცა ვარაუდობს, რომ ისინი „ქართული ოცნების" პოზიციას გაიზიარებენ. 

ე.წ. გერმანული მოდელის თანახმად, შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის ფარგლებში იცვლება მანდატების განაწილების წესი, კერძოდ, „საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია არა მაჟორიტარული სისტემით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობისა და პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის (რომელიც განისაზღვრება ამ სიის მიერ მიღებული ხმების პროცენტით) ჯამისა,არამედ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმდენი პროცენტისა, ხმებისრამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ“.

განმარტებითი ბარათის თანახმად, საკუთრივ პარტიულ სიას მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა ტოლია ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი ზემოაღნიშნული მანდატების რაოდენობისა და მაჟორიტარული წესით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობის სხვაობისა. „ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ მაჟორიტარული წესით უფრო მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის მიღებული ხმების პროპორციის შესაბამისად, მის პარტიულ სიას მანდატი აღარ მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში მანდატების ეს ნამეტი 2 გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღუბლგადალახულ სუბიექტებს შორის“ - ვკითხულობთ პროექტის განმატებით ბარათში. პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მაჟორიტარული სისტემით მანდატებს ის პარტიები მოიპოვებენ, რომლებმაც საარჩევნო ზღურბლი ვერ გადალახეს, მანდატების ეს რაოდენობა, ისევე, როგორც მანდატების ნამეტი, მანდატების სრულ რაოდენობას - 150-ს გამოაკლდება და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღუბლგადალახულ სუბიექტებს შორის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^