შეწყდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, შეწყდეს დევნა, შეწყდეს წამება - ამ ლოზუნგებით „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა.
„მას შემდეგ რაც, ლევან აბზიანიძისა და მეთადონის ბენეფიციარის შემთხვევა მოხდა, მას შემდეგ, რაც ჩვენ გავასაჯაროვეთ ბესო ხუციშვილისა და ლაშა ბატუხაშვილს საქმე, კითხვები აღარ არსებობს იმაზე, რომ ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა. ფაქტია, რომ ერთადერთი მიზანი საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკისა არის ადამიანებზე ზეწოლა და ტერორი. ეს არის ბერკეტი პოლიციის ხელში, ადამიანები ამყოფოს კონტროლის ქვეშ, წამების რეჟიმში“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.