Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GHRN: თუ C ჰეპატიტის ელიმინაცია გვინდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებელია

06 ივნისი, 2016 13:02

მკაცრი/სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება, - ამის შესახებ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელმა, მაკა გოგიამ ქსელის მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაზე განაცხადა.

ქსელის მონაცემებით, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა რაოდენობა 2010  წელს 40 000 იყო, 2012 წელს – 45 000, 2014  წელს კი – 49,700. მისი თქმით, საქართველოში აივ ინფიცირებულთა ნახევარი (დაახლოებით 2500) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია, ხოლო ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის 70% C ჰეპატიტითაა ინფიცირებული.

მან ყურადღება ზიანის შემცირების პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ პროგრამების ეფექტიანობისა, ის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ქვეყანაში სრულფასოვნად ვერ ხორციელდება.

ზიანის შემცირების პროგრამებს (სკრინინგი და ტესტირება, სტერილური საინექციო აღჭურვილობა, კონდომები, სწავლება ზიანის შემცირების საკითხებზე, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება, მობილური ამბულატორიები და ა.შ.) ქსელი გლობალური ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.

სერვისის მიმწოდებლების თქმით, სოციალური მუშაკები სრულფასოვან საქმიანობას ვერ ახერხებენ და მუშაობის პროცესში ბარიერს აწყდებიან. ნარკომომხმარებლებს ნახმარი შპრიცები უკან ვერ მოაქვთ, რადგან შპრიცში რაღაც დოზით ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები გახდებიან.

„არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში ძალიან რთულია, მომხმარებელი ცენტრში მოვიყვანოთ ტესტირებისთვის, ამიტომ დავიწყეთ ველზე გასვლა. მათ მიერვე შერჩეულ ადგილებში თავად მივდივართ და სხვადასხვა სერვისს ვთავაზობთ“, - ამბობს გოგია.

როგორც გოგია „ლიბერალთან“ ინტერვიუში აცხადებდა, შპრიცების გაცვლის პროგრამას სამართლდამცველების მხრიდან ხშირად ექმნება პრობლემა.

„ჩვენს პროგრამაში დასაქმებული არც ერთი კადრი პოლიციისგან დაზღვეული არ არის. არაერთხელ ყოფილა დაჭერის, იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მცდელობა. ჩვენ იურისტიც გვყავს. ვეხმარებით, თუმცა ეს ძალიან დამთრგუნველია. ჩვენი ბენეფიციარებიც ხედავენ, რომ, როდესაც პროგრამაში დასაქმებულ კადრს პოლიცია ებრძვის, ისინი დაცულები არ არიან“, - ამბობს მაკა გოგია.

პრევენციული ღონისძიებებისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული პროგრამების ეფექტიანობაზე განვითარებული სამყარო, დიდი ხანია, შეთანხმდა. წამალდამოკიდებულების კვლევების ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელის, დათო ოთიაშვილის  თქმით, ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც აივის გავრცელების ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფი ისევ ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელია და სადაც C ჰეპატიტით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელზე მოდის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრევენციული ღონისძიებები (ამ ჯგუფზე C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანების დაახლოებით 60% მოდის).მაკა გოგია ამბობს, რომ არსებული ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ნარკოტიკების მოხმარება უნდა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა და არა კრიმინალი. მისი თქმით, საჭიროა სამართალდამცველებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა, ასევე შეთანხმებული მუშაობა ჯანდაცვისა და შსს სამინისტროებს შორის (ურთიერთთანაშმრომლობის მემორანდუმი), ხელმისაწვდომობა სრული მკურნალობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამებზე.

„სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უსაფრთხო და მუშაობისთვის ადეკვატური გარემოს უზრუნველყოფაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია, რომ არ ხდებოდეს ზიანის შემცირების პროგრამის ბენეფიციარებზე რაიმე სახის სადამსჯელო ან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე შემოწმების ღონისძიების გატარება პროგრამის მომსახურებით სარგებლობისას როგორც მობილურ, ისე სტაციონარულ ცენტრებში; ასევე არ უნდა ხდებოდეს პროგრამის ბენეფიციარების სამართლებრივი დევნა და თვალთვალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არარსებობის შემთხვევაში“, - ამბობს მაკა გოგია.

შეხვედრაზე „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წევრმა, ლაშა აბესაძემ, არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა.

მისი თქმითაც, მინიმალურია და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები.

„დეტოქსიკაცია, რომელიც აუცილებელია არაოპიატური დამოკიდებულებების მკურნალობისათვის ფაქტობრივად მიუწვდომელია სიძვირისა და ქვეყანაში არსებული სიღარიბის გამო. სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობის საშუალება მხოლოდ ერთეულებს აქვთ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ“, - ამბობს აბესაძე.

მისი თქმით, რესპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ხელი ეწყობა ინფექციური დაავადებების გვიან გამოვლენას დ მათ გავრცელებას.

„დეკრიმინალიზაციის გარეშე C ჰეპატიტის ელიმინაცია და აივ/შიდსის ინციდენტობის მაჩვენებლის ზრდის შეჩერება ვერ მიიღწევა", - ამბობდა აბესაძე.

პრევენცია და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, C ჰეპატიტის ელიმინაცია რა თქმა უნდა კავშირშია ნარკოპოლიტიკასთან. მისი თქმით, ეს არის კომპლექსური საკითხი და ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ჯგუფია.

თუმცა სერგეენკო ამბობს, რომ 2 წლის წინ  გატარებულმა ცვლილებებმა ინექციური ნარკოტიკების მოხმარება 95%-ით შეამცირა.

„C ჰეპატიტის პროექტი საქართველოში  სამ მთავარ მიმართულებას მოიცავს, ეს არის პრევენცია, მკურნალობა და პაციენტის ინფორმირებულობა ანუ სტიგმის დამსხვრევა. თუკი შიდსის მიმართულებით სტიგმასთან არც თუ ისე ეფექტური შედეგები გვაქვს, ჰეპატიტის კუთხით, მართლაც მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ეს უშუალო გავლევნას იქონიებს შპრიცების გაცვლის პროგრამაში მეტი ადამიანის ჩართვაზე“, -ამბობს სერგეენკო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^