
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ნიკო ფიროსმანის ტილოს „შველი წყლის პირას“, რომელიც ლონდონში, „სოტბის“ აუქციონზე შეიძინა, ხელოვნების მუზეუმს გადასცემს.
ივანიშვილი ფიროსმანის ნახატის საქართველოში დაბრუნების მიზანშეწონილობის საკითხსაც განმარტავს.
„პროცესით, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ. მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ, ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს. ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. ფიროსმანს არ ჰქონდა იმდენი ნახატი, რამდენიც, მაგალითად, პიკასოს. ნახატების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, რომ კერძოსაც ბევრი ჰქონდეს, მუზეუმსაც და ა.შ. ამიტომ გადავეცი მუზეუმს, რომ დაიწყოს მსჯელობა, რომ ფოროსმანი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში", - განაცხადა ივანიშვილმა.
„სოტბის“ აუქციონზე ტილო 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, ხოლო საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.
„შველი წყლის პირას“ რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი.
ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს „კრისტის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო „არსენალის მთა ღამით“ 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.