Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-ის" საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - სამოტივაციო ნაწილი

23 ივნისი, 2016 13:54

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტი მხარის - ძმები ყარამანიშვილების წარმომადგენელს, ზაზა ბიბილაშვილს გუშინ ჩაბარდა.

„ლიბერალი“ გთავაზობთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, სადაც საუბარია წილების ღირებულების დასადგენად წარმოებულ ექსპერტიზის დასკვნაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პირველ ინსტანციაში მიმდინარე პროცესისას მოსარჩელე მხარემ [ქიბარ ხალვაში, შპს პანორამა] ამორალური გარიგების მტკიცება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ იმ დასკვნაზე დააფუძნა, რომელსაც „რუსთავი 2-ის” წილების ღირებულება უნდა განესაზღვრა.

როგორც სასამართლო მიუთითებს, მოპასუხე მხარის კრიტიკა, ძირითადად, მიმართული იყო დოკუმენტზე, რასაც ექსპერტი შოთა ივანაშვილი დასკვნის მომზადებისას დაეყრდნო:

„მოპასუხე მხარის შენიშვნებით, დოკუმენტის სიყალბეზე მეტყველებდა ის, რომ მას 2004-2006 წლებში ხელს  აწერდა „რუსთავი 2-ის“ ფინანსური დირექტორი რევაზ ბერიაშვილი, რომელიც, მათივე მტკიცებით, „რუსთავი 2-ის” ფინანსური დირექტორი არასდროს ყოფილა. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მოპასუხე მხარე ხელმოწერილი დოკუმენტის  ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებდა.

მოპასუხე მხარეს სასამართლო პროცესზე კითხვები ექსპერტის მიერ გამოყენებულ მეთოდოლოგიაზეც ჰქონდა. მხარე ხაზს უსვამდა, რომ ექსპერტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტებიდან (რომელიც მან დასკვნის მოსამზადებლად მოითხოვა) მოსარჩელე მხარემ მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” წესდება და უკვე ნახსენები დოკუმენტი გადასცა. მოპასუხე მხარის მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტები წილების რეალური ღირებულების განსაზღვრისთვის (რაც ექსპერტს დაევალა) საკმარისი არ იყო".

სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე, რომელიც განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ყალბია და არ დგინდება, რომ მასზე ხელმომწერი პირი - რევაზ ბერიაშვილი - სადავო პერიოდში იყო კომპანიის ფინანსური დირექტორი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების საფუძველზე, თავად არის ვალდებული, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რადგან დავის პროცესში მას კომპანიის დოკუმენტებზე წვდომა აქვს. სასამართლომ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა დაცული სადავო პერიოდის დოკუმენტაცია კომპანიაში. ლევან ყარამანიშვილისა და გიორგი ყარამანიშვილის წარმომადგენელმა - ზაზა ბიბილაშვილმა - სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას განმარტა, რომ კომპანიას ჰქონდა გარკვეული ფინანსური დოკუმენტები, მაგრამ მისთვის უცნობია, რა სახის ინფორმაციაა და არის თუ არა სრულყოფილი.

„მოცემულ შემთხვევაში, აპელანტები მიუთითებენ, რომ შუამდგომლობა კომპანიისან მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ მოსარჩელეს არ ჰქონია და შესაბამისად, მათ არ ეკისრებათ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოსარჩელეებმა წარადგინეს მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა მათი სიყალბე, მაშინ, როდესაც კომპანიის ფინანსური დოკუმენტების გაცნობის შესაძლებლობა და წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებათ მოპასუხეებს, როგორც კომპანიის პარტიორებს. აღსანიშნავია, რომ არც იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენიათ, რომ სადავო პერიოდის ფინანსური დოკუმენტაცია დაექვემდებარა განადგურებას“, - წერია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება რევაზ ბერიაშვილის საკითხს, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს - იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეები სადავოდ ხდიან გარემოებას, რომ რევაზ ბერიაშვილი არ ყოფილა კომპანიის ფინანსური დირექტორი, მაშინ, როდესაც ობიექტური თვალსაზრისით მითითებული ფაქტის დამტკიცების შესაძლებლობა მათ აქვთ; მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ რევაზ ბერიაშვილი არ წარმოადგენდა კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, შესაბამისად, სარეგისტრაციო მონაცემების წარდგენის გზით შეუძლებელია მოსარჩელემ დაადასტუროს ფაქტის ნამდვილობა, ხოლო მოპასუხე ამ ფაქტის უარყოფასთან დაკავშირებით, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა წილების საბაზრო ღირებულების დადგენისას გამოიყენა აქტივებზე დაფუძნებული მიდგომა, ასევე, თავისი უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო საკმარისი დასკვნის მისაღებად და, შესაბამისად, პასუხი გასცა ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხებს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულება ვერ აბათილებს აქტივებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების მართლზომიერებას და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული დასკვნის შესაბამისობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ 2005 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების დადების დროს წილის ნასყიდობის ფასი 4.35-ჯერ აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ ფასს, ხოლო 2006 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებების შემთხვევაში - თითქმის 15-ჯერ.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2-ის" გასხვისების შემდგომ პერიოდში სამაუწყებლო კომპანიის წილების გადაფორმების საკითხზე საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის საკითხსა და სამაუწყებლო კომპანიის წილების ამჟამინდელი მესაკუთრეების კეთილსინდისიერებას. 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილების მესაკუთრეები რიგ შემთხვევაში წილზე საკუთრების უფლებას ასხვისებდნენ მისი შეძენიდან მოკლე დროში (12 დღე, 2 თვე, 5 დღე), ასევე დადგენილია, რომ წილის შემძენები არიან ერთმანეთთან დაკავშირებული კომპანიები ან პირები. რიგ შემთხვევაში, წილი მიღებულია უსასყიდლოდ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში წილის ნასყიდობის ფასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხავი მითითებებია. აღნიშნულის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ წილის შემძენთა კეთილსინდისიერი განზრახვა, რაც ქონებრივ ინტერესს უკავშირდება, დგება ეჭვქვეშ.

პალატა განმარტავს, რომ რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერება. რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ქონების შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათ საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები მიუთითებს, რომ შემძენებისთვის ცნობილი იყო უფლებრივი ნაკლის შესახებ. შესაბამისდ, მოპასუხეები ვერ ჩაითვლებიან კეთილსინდისიერ შემძენებად, რადგან მათთვის ცნობილი იყო რეესტრის ჩანაწერების უზუსტობა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გუშინ „რუსთავი 2-ის“ გენერალურიმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანიას თავად გაუგზავნა გადაწყვეტილება, რაც, მისი თქმით, კანონდარღვევაა, რადგან  „მხარის ვალდებულებაა, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, თავად მივიდეს სასამართლოში და თავად ჩაიბაროს გადაწყვეტილება, თან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის მივა ამ შუალედში“.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას „რუსთავი 2-ის“ ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა დააზუსტა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ყარამანიშვილების წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის მდივანს შეაჩეჩეს ხელში.

10 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ. 

რატომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ ურთმელიძის ასაცილებლად წარდგენილი არგუმენტები

„რუსთავი 2-ის“ საქმის სამართლებრივი მხარე

რევაზ ბერიაშვილი - რა ინფორმაცია აქვთ მასზე რეესტრს და რუსთავი 2-ის ყოფილ თანამშრომლებს 

“რუსთავი 2” - პოლიტიკა და სამართალი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^