Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პეტიცია საქართველოს პრეზიდენტს კოტე ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით

24 ივნისი, 2016 18:26

2 გრ ექსტაზის (MDMA) შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული კოტე ჯაფარიძის მეგობრები საქართველოს პრეზიდენტს მის შეწყალებას სთხოვენ. 

30 მაისს 22 წლის კოტე ჯაფარიძეს 2 გრ ექსტაზის (MDMA) შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25 000 ლარის ჯარიმა და 5 წელი პირობითი სასჯელი დააკისრა.

ჯაფარიძის მეგობრებმა პრეზიდენტის სახელზე პეტიციაც მოამზადეს, რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო პრეზიდენტო, წლებია რაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ არაჰუმანური, არაპროპორციულად მკაცრი და ღირსების შემლახავი პოლიტიკა ხორციელდება. ქმედებისთვის შეუსაბამო სანქციებმა, ათასობით ჩვენი თანამოქალაქის ყოფა ერთიორად გააუარასა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ნულოვან ნიშნულს გაუტოლა.

არსებული ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკული დანაშაულისთვის განსაზღვრული სანქციები სცილდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ლეგიტიმურ მიზნებს და ის რეალურად ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა ჩაგვრას, მათზე კონტროლის დამყარებას და ათასობით ადამიანის მომავლის პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენებას. დღევანდელი ნორმატიული ბაზის პირობებში შეუძლებელია ზიანის შემცირებაზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პრევენციასა და კონკრეტულ პირთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციაზე საუბარი.

ნარკოტიკული დანაშაულის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო მოძრაობების, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. წინა ხელისუფლების დანატოვარი ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაცია მოქმედი ხელისუფლების საარჩევნო დაპირებაშიც შედიოდა. ნარკოტიკის მომხმარებისთვის სასჯელად ციხის გამოყენების აბსურდულობაზე ხაზი გაგისვამთ თქვენც ბატონო პრეზიდენტო. ამავე აზრს იზიარებს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე პრემიერი კახი კალაძე და აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი. მიუხედავად ამისა, არსებითი ხასიათის ცვლილებები სამწუხაროდ დღემდე ვერ ვიხილეთ. მოქმედი კანონი კი დღითიდღე ახალ უდანაშაულო მსხვერპლს წარმოშობს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ გასაჯაროვებული პრეზიდენტის სტიპენდიანტის კონსტანტინე ჯაფარიძის საქმე ამის ნათელი მაგალითია. 22 წლის მოქალაქე, რომელსაც მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის მინიმუმ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას. თუმცა ვერც გაფორმებულმა საპროცესო შეთანხმებამ უზრუნველყო სამართლიანი სანქციის გაფორმება, რადგან მსჯავრდებულს კვლავაც მოუწია ერთწლიანი იზოლაცია, ამავდროულად, მისი ასაკისთვის და შემოსავლისთვის შეუფერებლად მაღალი ჯარიმის (25 000 ლარი) თანხის გადახდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფარდებული სასჯელის სრულად მოხდის შემთხვევაში, გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე, მსჯავრდებულს ხელახლა მოუწევს სამსახურის ძიება და პროფესიული კარიერის აწყობა, რაც დღეს, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა მიმართ არსებული სტიგმის პირობებში, თითქმის შეუძლებელია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციუმის ჩვეულებრივი, რიგითი წევრისგან, რომელიც თვისი საქმიანობით ემსახურებოდა საზოგადოებრივ სიკეთეს და რომელიც საკუთარი შემოსავლით უზრუნველყოფდა საკუთარი ხარჯების დაფარვას, სამართალდამცავმა და მართლმსაჯულების სისტემამ შექმნა მსხვერპლი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, პეტიციაზე ხელმომწერი ადამიანები, ვშუამდგომლობთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 საპყრობილიდან კონსტანტინე ჯაფარიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისას, მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პირადი საქმე (მსჯავრდებული აქამდე არასდროს ყოფილა კანონთან კონფლიქტში), მისი ასაკი, პიროვნული მახასიათებლები და უმოკლეს ვადებში განიხილოს მსჯავრდებულის შეწყალების საკითხი. საქართველოს პრეზიდენტს აქამდეც არაერთხელ განუხორციელებია აღნიშნული ჰუმანური აქტი შეწყალების წესის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და მივიჩნევთ, რომ კონსტანტინე ჯაფარიძის საქმეც წარმოადგენს სწორედ ამგვარ განსაკუთრებულ შემთხვევას, როდესაც გადაწყვეტილების დაყოვნებამ და პარალელურად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გატარებულმა თითოეულმა დღემ, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს მსჯავრდებულს", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^