Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია - ანგარიში

22 ივლისი, 2016 22:11

რა ხარვეზებს შეიცავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და როგორია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ამ თვალსაზრისით? - ამის შესახებ ანგარიში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოში“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სახელით ერეკლე ურუშაძემ მოამზადა.

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წლიური ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. ეს კანონი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ კიდევ ერთ ვალდებულებას - მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლასაც ეხმიანება.

კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს არაერთი სერიოზული ნაკლოვანება აქვს, მაგალითად ცენტრალური ორგანოს არარსებობა, რომელიც საჯარო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის გაცემას გაუწევს ზედამხედველობას. ერეკლე ურუშაძე აღნიშნავს, რომ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალმა კანონმა ზედამხედველობის დამოუკიდებელი ორგანო უნდა შექმნას, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საჩივრებს განიხილავს და უფლებამოსილი იქნება, დამრღვევებს სანქციები დააკისროს.

„გარდა ამისა, ახალმა კანონმა უნდა შეამციროს იმ გამონაკლისების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, რომელთა მოხმობითაც მოქალაქეებს ინფორმაციის გაცემაზე უარს ეუბნებიან“ - ვკითხულობთ ანგარიშში. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობა საჯარო მოხელის/თანამდებობის პირის მიმართ ინფორმაციის გაცემაზე უკანონო უარისთვის სანქციებს არ აწესებს. ამასთან, მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება, სიტყვიერად მოითხოვონ საჯარო ინფორმაცია და განაცხადის წერილობით წარდგენა უწევთ.

კიდევ ერთი ნაკლოვანება, რომელზეც მკვლევარი საუბრობს, სანქციების არარსებობა, რომლებიც კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული. კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ საწარმოებზეც - კანონი პირდაპირ არ მოითხოვს სახელმწიფო საწარმოებისგან ინფორმაციის გამხელას საზოგადოებისთვის. მკვლევარის აზრით, ეს მნიშვნელოვანი ნაკლია, ვინაიდან ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოები მსხვილ სახელმწიფო აქტივებს მართავენ.

ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცებით საქართველომ კორუფციის, განსაკუთრებით - მაღალი დონის კორუფციის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების ვალდებულება აიღო, შესაბამისად, ანტიკორუფციული რეფორმის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შორის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის შემუშავება 2014-2015-2016 წლებისთვის სამოქმედო გეგმაშია განსაზღვრული.

როგორია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა?

მკვლევარი ანგარიშში სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იდეალურ შემთხვევაში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საჯარო უწყებებში არსებულ ყველა დოკუმენტს უნდა ეხებოდეს, განურჩევლად მათი ფორმატის, წყაროსა და შექმნის თარიღისა.

„საუკეთესო პრაქტიკაა, როდესაც ნორმები ვრცელდება ხელისუფლების ყველა შტოსა და დონეზე, სახელმწიფო საწარმოებსა და კერძო ორგანიზაციებზე, რამდენადაც ისინი საჯარო ფუნქციებს ასრულებენ ან საჯარო თანხებს განკარგავენ“ - აღნიშნავს ურუშაძე.

ინფორმაციაზე უარის გასაჩივრების მექანიზმები

ურუშაძე მიიჩნევს, რომ მაღალი სტანდარტით, ორგანოს, რომელიც მოთხოვნილი ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარს ამბობს, კანონი ამ გადაწყვეტილების დეტალურ განმარტებას უნდა ავალდებულებდეს.

„განმცხადებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება იმავე ორგანოს საჩივრების განხილვის შიდა მექანიზმის, სასამართლოს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი კომისიის (თუ ქვეყანაში ასეთი კომისია არსებობს) ან სახალხო დამცველის მეშვეობით“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციას, ანგარიშის თანახმად, საჯარო მოხელეები, მოუქნელი რეგულაციების გამო, ხშირად უბრალოდ თავს არიდებენ იმ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც პირად მონაცემებს შეიცავს.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელზეც ურუშაძე საუბრობს, ის არის, რომ ანგარიშების მიმღებს (პრეზიდენტი, პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი) არ აკისრია ვალდებულება, ანგარიშის სიზუსტე შეამოწმოს, რაც მათი უხარისხობის მთავარი მიზეზი ხდება.

რეკომენდაციები

მკვლევარი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის ფარგლებში შემდეგი რეკომენდაციებით გამოდის:

  • დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება უფლებამოსილებით, მონიტორინგი გაუწიოს საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესების დაცვას და განიხილოს საჩივრები;
  • სანქციების დაწესება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო;
  • კანონის მოქმედების სფეროს გაფართოება, რათა იგი გავრცელდეს სახელმწიფო საწარმოებზე;
  • ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უფრო დეტალური მოთხოვნების განსაზღვრა, რომლებიც დააწესებს ზოგად სტანდარტებს და ნორმებს ყველა საჯარო დაწესებულებისთვის;
  • საჯარო დაწესებულებების ვალდებულება, პროაქტიულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია ღია მონაცემების ფორმატში;
  • გასაჯაროებისგან დაცული ინფორმაციის შესახებ ნორმების გაუმჯობესება, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოს განმარტებების დაზუსტება და საჯარო დაწესებულებებისთვის ვალდებულების დაწესება, რომ განახორციელონ საზოგადოებრივი ინტერესის ტესტი, როდესაც საქმე გასაჯაროებისგან დაცულ ინფორმაციას ეხება;
  • თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში, როგორც ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაშია მითითებული;
  • ინფორმაციის სიტყვიერი მოთხოვნის შესაძლებლობის დაშვება;
  • საჯარო დაწესებულებებისთვის ვალდებულების დაწესება, მოთხოვნისა და შესაძლებლობის შემთხვევაში ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გასცენ და შეიმუშაონ შესაბამისი წესები;
  • წლიური ანგარიშების შესახებ საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესება ანგარიშის წარმდგენი და მიმღები დაწესებულებების ვალდებულებათა დაკონკრეტების მეშვეობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^