2015 წელს პროკურატურის თანამშრომლების პრემიებისა და სახელფასო დანამატების საერთო რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 10 619 509 ლარი შეადგინა - IDFI პროკურატურის ხარჯის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პროკურატურის საშტატო თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3 478 539 ლარით შემცირდა, თუმცა სახელფასო დანამატი 3 854 353 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2015 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების საერთო რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 10 619 509 ლარი შეადგინა.
„მთავარი პროკურორის ირაკლის შოთაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს შეადგინა 113 070 ლარი, საიდანაც 42630 ლარი წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემია/დანამატს. მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილის 2014 წლის შრომის ანაზღაურება იყო 138 615 ლარი, საიდანაც 40 800 ლარი წარმოადგენს სარგოს, ხოლო 97 815 ლარი პრემია/დანამატს" - ვკითხულობთ IDFI-ს მონაცემებში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯიც, ამასთან, პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს.
- 2011 წელი - 14 540 949 ლარი;
- 2012 წელი - 15 214 572 ლარი;
- 2013 წელი - 20 108 742 ლარი;
- 2014 წელი - 24 743 192 ლარი;
- 2015 წელი - 25 720 900 ლარი.
რაც შეეხება ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს, ორგანიზაცის ინფორმაციით, ყველაზე დიდი ხარჯი გაწეულია 2014 წელს - 161 7941 ლარი. სამივლინებო ხარჯის მსგავსად, წარმომადგენლობითი ხარჯის შემთხვევაშიც ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 199 177 ლარი.