პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, როდესაც ორი უმაღლესი თანამდებობის პირი - პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, - ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს, ეს უკვე საგანგაშო მდგომარეობაზე მიანიშნებს, ასეთ დროს კი პოლიტიკოსებს უფრო ადეკვატური კომენტარები მართებთ.
მისი თქმით, „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში, მის ზურგს უკან გარკვეული ძალები, რაღაც პოლიტიკური თუ მერკანტილური დაინტერესებებიდან გამომდინარე, გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, რომელთაც აქვს დამანგრეველი, სახიფათო ძალისხმევები სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ამას სჭირდება სერიოზული რეაქცია".
„როდესაც მოგვიწოდებენ, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან უნდა ხდებოდეს ამ ინფორმაციის მოწოდება და ა.შ. მათთვის ბევრი ასეთი ფაქტია ცნობილი. მათ შორის კორცხელის ინციდენტი, რომლის თაობაზეც ყველაფერი ცხადია. ყველაფერი გადაღებულია, მაგრამ ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ ვნახეთ ის ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, სათანადოდ დასჯილნი. არათუ დასჯილნი, ეს ადამიანები განმეორებით ვნახეთ ანალოგიურ თავყრილობაზე და ბატონი კალაძის კომენტარებიც მოვისმინეთ, რომ ისინი მათი თანამებრძოლები არიან და ყველგან მათთან ერთად იქნებიან" - თქვა ფიქცია ჩიხრაძემ.
გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის სასაცილო იყო ზეწოლის ამგვარი მცდელობა.