Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას უზღუდავს ნიგერიელ სტუდენტებს "საქართველოს ბანკი" - ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტი

28 ივლისი, 2016 15:14

"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა" რასობრივ ჯგუფებში ჩატარებული კვლევისას კომერციული ბანკის მხრიდან ნიგერიის მოქალაქეების სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი გამოავლინა.

2016 წლის აპრილში TDI-ის  ნიგერიის მოქალაქე სოლომონ ადებაიო ოკელეიმ მის წინააღმდეგ განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მიმართა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოკელეისა და სხვა სტუდენტებთან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სს “საქართველოს ბანკი” საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს უზღუდავს უფლებას, ისარგებლონ საბანკო და სამგზავრო ბარათებით. ამის გამო ნიგერიის მოქალაქეები ვერ განკარგავენ საკუთარ ფულად სახსრებს საბანკო ანგარიშის მეშვეობით, ექმნებათ გადაადგილების პრობლემა და ეზღუდებათ კანონით გარანტირებული სხვა უფლებები.

მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე სამგზავრო შეღავათები ვრცელდება. შესაბამისად, სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ საბანკო ანგარიში და მასზე მიბმული “სტუდენტური ბარათი”, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ ისარგებლებენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოკელეიმ „საქართველოს ბანკში” 2016 წლის თებერვალში რამდენჯერმე სცადა ანგარიშის გახსნა, თუმცა ბანკმა მას მომსახურების გაწევისთვის რეკომენდაციის წარდგენა აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის ან/და ევროკავშირის საბანკო დაწესებულებიდან მოსთხოვა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ოკელეისთვის შეუძლებელი იყო, რადგან მას არ გააჩნდა არანაირი კავშირი ჩამოთვლილი ქვეყნების კომერციულ ბანკებთან.

TDI-მ ოკელეის მომართვისთანავე სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

ამავე საკითხზე, TDI-მ წერილობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აღნიშნულ ფაქტზე TDI-ის რეაგირების შემდეგ, მაისში “საქართველოს ბანკი” დაუკავშირდა TDI-ის და აცნობა, რომ სოლომონ ოკელეის და ასევე ნიგერიის ათ მოქალაქეს სტუდენტური ბარათების აღება შეეძლოთ.

“პრობლემა მოგვარდა არა სტრატეგიულად, არამედ მხოლოდ იმ კონკრეტული პირებისთვის, რომელთა ინტერესებსაც TDI იცავდა“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

2016 წლის 18 მაისის წერილით, “საქართველოს ბანკმა” TDI-ის აცნობა, რომ ნიგერიის მოქალაქეები მაღალი რისკის კლიენტებად განიხილებიან, რადგან სტუდენტური ბარათები ნიგერიელი ფიზიკური პირების მიერ არამხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საფასურის გადახდის მიზნით გამოიყენებოდა. ბანკის ცნობით, საქართველოში იყო შემთხვევები, როდესაც ნიგერიელი ფიზიკური პირები დაკავებულები იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გასაღების ბრალდებით.  აქედან გამომდინარე, ანგარიშის გახსნისას ბანკი სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას აშშ-ში, ევროპაში, კანადაში ან ავსტრალიაში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან. ამ დოკუმენტაციის არქონის შემთხვევაში კი უარს ამბობს ანგარიშის გახსნაზე. ბანკის ცნობით, საქმის გარემოების გათვალისწინებით, იგი მუშაობს ახალი ტიპის პროდუქტზე, რომელიც საშუალებას მისცემს უცხოელ სტუდენტებს, სტუდენტური ბარათებით მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებში გამოიყენონ.

“ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ბანკის მოთხოვნა, სადაც ანგარიშის გახსნისას სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას აშშ-ში, ევროპაში, კანადაში ან ავსტრალიაში რეგისტრირებული ქვეყნების კომერციული ბანკებიდან, პირდაპირ არის დაკავშირებული სავარაუდო დისკრიმინაციულ მოტივთან და ნიგერიის მოქალაქეების ეროვნულ/მოქალაქეობრივ კუთვნილებასთან. დაუშვებელია, რომ ერთი პირის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება შეერაცხოს ყველა იმ პირს, რომელიც ამავე ეროვნულ თუ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს. მიუხედავად ბანკის ვალდებულებისა, შეაფასოს საკუთარ კლიენტთან არსებული რისკები, პირთა მოქალაქეობრივი ან/და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია, გაუმართლებელია და არღვევს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებებს”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამა წლის 21 ივლისს, TDI-მ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს თხოვნით, განაგრძოს საქმის წარმოება მოცემულ საქმეზე და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი მექანიზმი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის აღსადგენად, მათ შორის, შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს „საქართველოს ბანკს“.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კონკრეტული პრობლემის გარდა, რასობრივ საკითხებზე TDI-ის მუშაობის პროცესში ასევე გამოვლინდა, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა დისკრიმინაციულია, რაც ზოგჯერ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელ უარშიც გამოიხატება.

“უნდა აღინიშნოს, რომ რასობრივი ნიშნით ძალადობის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ქონების დაზიანების, ყაჩაღობის და სხვა შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არაეფექტური და არაადეკვატურია.

რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია ასევე ხშირია საგანმანთლებლო დაწესებულებებში, ქალაქის ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში არსებულ რასისტულ განწყობებსა და სტერეოტიპებს, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირი ქსენოფობიური და დისკრიმინაციული რიტორიკაც ახალისებს. ამგვარი გამოხატვა ხელს უწყობს შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის ლეგიტიმაციას, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^