„შინაგან საქმეთა სამინისტრო სამტრედიაში 20 აგვისტოს გამართულ აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანების გამო გამოძიებას აწარმოებს", - ამის შესახებ „ლიბერალს“ უწყებაში განუცხადეს.
მათი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმერეთის სამხარეო სამმართველო მედიისგან მტკიცებულების სახის კადრების მიწოდებას ითხოს. მსგავსი თხოვნით მათ „ლიბერალის“ რედაქციასაც მიმართეს.
რედაქციამ პოლიციისთვის კადრების გადაცემაზე უარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით (პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე) განაცხადა, რაც ითვალისწინებს, რომ ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ აქვს ვალდებულება, იყოს მოწმე.
20 აგვისტოს სამტრედიაში მოქალაქეებმა აქცია „დემურ სტურუასათვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ" გამართეს.
„ნუ მკლავ, მეც ადამიანი ვარ", „დღეს გაჩუმება ხვალ სიკვდილს ნიშნავს" - ამ მოწოდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეები დემურ სტურუას საქმეში დამნაშავეთა დასჯასა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ.