Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI: საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია

01 სექტემბერი, 2016 12:04

საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოლიტიკის დოკუმენტში - „კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა".

„მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს. თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების მიერ სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებაც, როდესაც ხდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელება", - ნათქვამია პოლიტიკის დოკუმენტში.

IDFI წერს, რომ საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია ბოლო დროს მომრავლებული პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელთა შორის განსაკუთრებით ორი ორგანიზაციის გამოყოფა შეიძლება - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომების თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს.

„საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სიაში, ხშირად, ერთი და იგივე პირები მეორდებიან. ორგანიზაციებს შორის კავშირი მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული. გარდა ამისა, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქსელს ასევე აქვს კავშირები ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეულ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებასთან.

პოლიტიკური პარტიები - საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები პოლიტიკურ სპექტრშიც ფართოდ არიან წარმოდგენილნი. რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოღვაწეები, პირდაპირ ან ირიბად, ავრცელებენ კრემლის პროპაგანდას. ამ პოლიტიკური პარტიების ორ ნაწილად დაყოფა შეგვიძლია:

1. პარტიები, რომლებსაც ღიად პრო-რუსული დღის წესრიგი აქვთ, ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს;

2. პარტიები, რომლებიც დეკლარირების დონეზე ემიჯნებიან რუსულ პოლიტიკურ ელიტას და სანაცვლოდ საკუთარ თავს აცხადებენ „პრო-ქართულ“, ნეიტრალიტეტის მომხრე პარტიებად.

განსხვავების მიუხედავად, ორივე სახის პოლიტიკური პარტიის ძირითადი გზავნილები ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა წარმოჩენილია, როგორც უშედეგო; სანაცვლოდ, ხდება პრო-რუსული განწყობისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი გზავნილების და ზოგჯერ მკაფიოდ ანტი-დასავლური განცხადებების გავრცელება, რაც, ირიბად თუ პირდაპირ, კრემლის პროპაგანდის მიზნებს ემსახურება.

სასულიერო პირები - დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითს ასევე ავრცელებენ საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები. რთულია დავადგინოთ, ეკლესიის რა ნაწილს შეადგენს ეს ჯგუფი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში ავითარებს მითს რუსეთთან ცივილიზაციური ერთობისა და დასავლეთთან იდეური თუ მორალური შეუთავსებლობის შესახებ. 

სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების ირიბად თუ პირდაპირ გავრცელება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან, ქართულ საზოგადოებაში ისინი მაღალი ნდობით და გავლენით სარგებლობენ.

NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევით ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 35%-ის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მრევლის ან მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა.


რეკომენდაციები

1. კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში;

2. რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია;

3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;

4. საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირების და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი;

5. ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ;

6. უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები;

7. საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას;

8. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში", - ნათქვამია IDFI-ის მასალაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^