Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს თსუ-ის რექტორის არჩევნებია- რა გეგემები აქვთ უნივერსიტეტის განვითარებისთვის კანდიდატებს

23 სექტემბერი, 2016 11:36

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები იმართება. არჩევნებში სამი კანდიდატი იღებს მონაწილეობას,- განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე. 

რექტორს 36-წევრიანი აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (19 ხმა) ირჩევს, 4 წლის ვადით. კენჭისყრის პროცედურა თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების შემდგომ გაიმართება.

რატომ გადაწყვიტეს კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობა და რა გეგმები აქვთ უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით. „ლიბერალი“ რექტორობის კანდიდატებს ესაუბრა.

ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი ბარამიძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება უნივერსიტეტში შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ გადააწყვეტინა. მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი უნივერსიტეტში არსებული აკადემიური კორუფციაა, რაც აფერხებს უნივრსიტეტის სრულფასოვან ფუნქციონირებას,- ცოდნის წარმოებასა და მის გადაცემას.

„უნივერსიტეტში არის პროფესორთა ნაწილი, რომელთა ხმა და ძალისხმევა დღეს მიჩქმალულია შიდასაუნივერსიტეტო კლანების მიერ, რომლებიც უნივერსიტეტს განაგებენ და ხელებს აფათურებენ არამარტო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში, არამედ ბიუჯეტშიც. ხდება ბიუჯეტის გაუმჭვირვალე და არამიზნობრივი ხარჯვა, შესაბამისად თანხების მიმართვა არ ხდება იმ მიმართულებით, რაც უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. სწორედ არსებული სიტუაციის ანალიზმა მიბიძგა, რომ არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა“,- უთხრა „ლიბერალს“ გიორგი ბარამიძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ თსუ-ის აკადემიური საბჭო მასზე შეაჩერებს არჩევანს, უნივერსიტეტის მართვისას მისთვის პრიორიტეტული იქენება გარე რეფერირება,ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, სტუდენტების საუნივერსიტეტო მართვის პროცესებში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

კიდევ ერთმა კანდიდატმა, თსუ-ის პროფესორმა ცირა ბარამიძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ ვინაიდან არჩევნებში შიდასაუნივერსიტეტო სივრციდან არავინ ისურვა მონაწილეობა, გადაწყვიტა განცხადება შეეტანა და ამით დაემტკიცებინა, რომ უნივერსიტეტში არიან კადრები, რომლებსაც აქვთ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და უნარები რომ  უნივერსიტეტს უხელმძღვანელონ.

„განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება, რომ უნივერსიტეტს სჭირდება კარგი მენეჯერი რექტორი, აბსურდული და შეურაცხმყოფელია. უნივერსიტეტს უნდა ხელმძღვენელობდეს კარგი მეცნიერი, რომელსაც კარგი მენეჯერის უნარებიც აქვს“,- ამბობს ის.

მისი თქმით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა პროფესორების მხრიდან უნივერსიტეტის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ არჩევნებში შიდასაუნივერსიტეტო სივრციდან არავინ ისურვა მონაწილეობის მიღება.

„ბოლო ათწლეულში არცერთ თსუ-ის რექტორს თავისი უფლებამოსილების ვადა ბოლომდე არ ამოუწურია, ეს გამოწვეული იყო უნივერსიტეტის პოლარიზებით პოლიტიკის საფუძველზე. კლანური მმართველობა უნივერსიტეტში გრძელდება, პროფესორების დიდი ნაწილი კონფორმისტია“

ცირა ბარამიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კადემიური საბჭო მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, მისთვის პრიორიტეტი უნივერიტეტის ავტონომია იქნება, რასაც უნივერსიტეტის მართვით ორგანოებთან, პროფესორებთან და სტუდენტებთან თანამშრომლობით მიაღწევს.

მისი ხედვით, უნდა შეიქმნას სამართლიანი აკადემიური გარემო, რომელიც დაიცავს პროფესორის ღირსებას. მისი თქმით, საჭიროა უნივერსიტეტის ადამიანური რესურსებისა და ქონების სწორი მართვა, უნივერსიტეტმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს სამეცნიერო ინსტიტუტების შესაძლებლობები, რომ მეტად მოხდეს მეცნიერების სწავლის პროცესში ინტეგრირება. მისი ხედვით სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს უნივერსიტეტი, მაგრამ არ უნდა ჩაერიოს მის საქმიანობაში.

რექტორიბის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი შარვაშიძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ უნივერსიტეტი რთულ მდგომარეობაშია,- „უმაღლესი განათლების სისტემაში კი შეუძლებელია ცვლილებების განხორციელება, თუ ეს ცვლილებები ჯერ  დედაუნივერსიტეტში არ განხორციელდა.“

შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტი უნდა გახდეს საერთაშორისო დონის კვლევისა და სწავლების კერა, რაც გულისხმობს კვლევისა და სწავლების შერწყმას, ქმედითი საგრანტო სისტემის შემოღებას, ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობას, სასწავლო კვლევითი გარემოს გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციას.

შარვაშიძის კონცეფციის მიხედვით, უნივერსიტეტს სჭირდება სრული და უპირობო ავტონომია, რაც მიიღწევა სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის ფუნქციების მკვეთრი გამიჯვნით, პროფესორების, მეცნიერებისა და სტუდენტების მართვის პროცესში მაქსიმალური ჩართულობით.

მისივე თქმით, უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, რომელიც შეძლებს, პოზიტიური ცვლილებები შესთავაზოს სახელმწიფოს, მაგალითად, ინიციატივით შევიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ცვლილებები. გახდეს კატალიზატორი პოზიტიური ცვლილებებისა ქვეყნის მასშტაბით.

გიორგი შარვაშიძემ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, თანამდებობა 9 სექტემბერს დატოვა. მის გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხვდა თსუ-ის სტუდენტების  ნაწილი. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრები ეჭვქვეშ აყენებენ უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს. სტუდენტების შეფასებით, არჩევნებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა უალტერნატივოა, გამომდინარე იქედან, რომ მას „ხელისუფლებისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს“. შესაბამისად, სტუდენტების განცხადებით, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ სახელმწიფოს უნივერსიტეტის ავტონომიაში უხეში ჩარევა სურს.

არჩევნებში გიორგი შარავაშიძის მონაწილეობა მიუღებელია თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისათვის. სტუდენტების შეფასებით, გიორგი შარვაშიძე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეჭვს ბადებს იმის შესახებ თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის სამინისტროსგან.

უნივერსიტეტის პროფესორების დამოკიდებულება გიორგი შარვაშიძის კანდიდატურის მიმართ არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ როცა არჩევნებში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე მონაწილეობს, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ამას უნივერსიტეტის ავტონომიისათვის თან ახლდეს ღია თუ ფარული საფრთხეები. მათთვის, ამ ეჭვის საფუძველს კი წლების განმავლობაში უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები და წარსულის გამოცდილება იძლევა. პროფესორების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შარვაშიძეს, სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, პირადი კონტაქტები გამოადგება კიდეც ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ, ფინანსების მოძიებისა და უნივერსიტეტის დაფინანსების ზრდის კუთხით.

თსუ-ის აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას კენჭისყრისას, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების შემდგომ მიიღებს. საბჭო 14 საათზე შეიკრიბება და კენჭისყრას გამართავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^