„ლიბერალი“ დაინტერესდა, რა გეგმა აქვს სამინისტროს პედაგოგთა ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით. განათლების ყოფილმა მინისტრმა 2014 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან ერთად საზოგადოებას წარუდგინა პედაგოგთა ხელფასის ეტაპობრივი ზრდის გეგმა, რომელიც 3 საფეხურისგან შედგებოდა და ბოლო ზრდა, ამ გეგმის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვარს მოხდება.
პირველ ეტაპზე საბაზო ხელფასმა 2015 წლის სექტემბრიდან მოიმატა, მეორედ კი - 2016 წლის აპრილში, მესამე ეტაპი 2017 წლის იანვარში იგეგმება.
„ლიბერალი“ დაინტერესდა, გააგრძელებს თუ არა პედაგოგთა ხელფასის ეტაპობრივი ზრდის პოლიტიკას ახალი მინისტრი და იგეგმება თუ არა 2017-ში პედაგოგთა ხელფასის ზრდის შემდეგი ეტაპები.
მინისტრის თქმით, 2017-ში ხელფასის ზრდის კიდევ ერთი ტალღა არ იქნება.
„მაგალითად, წელს პირველად პედაგოგიკაზე სტუდენტებს მივეცით 1000 გრანტი. ეს ორი მილიონი დაჯდა. ეს თანხა რომ სტუდენტების დაფინანსებაზე არ გამოგვეყო და ხელფასების ზრდაზე მიგვემართა, გამოვიდოდა 2017-ში ხელფასების ზრდის მეორე ტალღა, მაგრამ ეს ზრდა იქნებოდა მოცუცქნული. ეს ორი მილიონი იყოფა 1000-ზე და, ხელფასის ზრდის შემთხვევაში, 60 ათასზე მოგვიწევდა ორი მილიონის გაყოფა. თვისობრივ გარღვევას ვერ მივიღებდით. 2017 წლის მდგომარეობით, როცა 1 იანვარს გაიზრდება ხელფასი, პედაგოგის ანაზღაურება გამგეობის რიგითი თანამშრომლის ხელფასს გაუტოლდება. ეს მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, 2017 წლის 1 იანვრიდან პედაგოგთა საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნება. სავარაუდოდ, იგულისხმება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგთა საშუალო ხელფასი, რადგან იმ გეგმით, რომელიც მინისტრმა სანიკიძემ 2014 წლის ბოლოს გააცნო პედაგოგებს, 2017 წლის 1 იანვრის ზრდის შემდეგ პრაქტიკოსი პედაგოგის ხელფასი მინიმუმ 385 და მაქსიმუმ 550 ლარი იქნება (საშუალოდ, 460), უფროსი მასწავლებლის მინიმუმ 670 ლარი და მაქსიმუმ 920 (საშუალოდ, 860 ლარი). წამყვანი პედაგოგის მინიმუმ 1000 ლარი და მაქსიმუმ 1100 (საშუალოდ, 1050) მენტორი მინიმუმ 1200 მაქსიმუმ 1300 (საშუალოდ, 1250 ლარი).
საგულისხმოა, რომ პედაგოგთა ის ჯგუფი, რომელლის ხელფასიც 2017 წლის 1 იანვრიდან საშუალოდ 800 ლარი გახდება, უფროსი მასწავლებლის სტატუსს ფლობს. ასეთი კი სისტემაში, ბოლო მონაცემებით, სულ 16 309 ადამიანია. ყველაზე დიდი ჯგუფის ე.წ. პრაქტიკოსი მასწავლებლების ანაზღაურება 2017 წლის იანვრიდან საშუალოდ 460 ლარი იქნება. პრაქტიკოსი პედაგოგი, არსებული მონაცემებით, 47 572 ადამიანია.
აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგთა ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით კონკრეტული ციფრები და ვადები არც მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაში არ არის შეტანილი.
პროგრამაში წერია, რომ „2017 წლის 1 იანვრიდან, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდება. 2018 წლიდან ხელფასები გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტის შესაბამისად“