Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მწვანე ალტერნატივა“: გამოსაკვლევია „დარიალის“ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ცვლილების გარემოებები

03 ოქტომბერი, 2016 17:24

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს ღია წერილით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია მინისტრისგან ელექტროგადამცემი ხაზის, „დარიალის” დამტკიცებული მარშრუტის ცვლილების შესახებ ინფორმაციას მოითხოვს. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამინისტროს 20 ივლისს მიმართეს და დამტკიცებული პროექტის ცვლილების შესახებ ინფორმაცია სთხოვეს. პასუხად მიიღეს, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ არ შეუთანხმებია სამინისტროსთან მარშრუტის ცვლილება. ამის საფუძველზე ორგანიზაციამ მოითხოვა: 

„1. შესაძლო კანონდარღვევის ფაქტის გამოძიება – ანუ, კანონით დადგენილი პროცედურის გვერდის ავლით მარშრუტის ცვლილების ფაქტის გამოძიება და სამინისტროს მიერ მიღებული ზომების თაობაზე (წარმოების სრული მასალები) ინფორმაციის მოწოდება.

2. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ წარმომადგენლის განცხადება მოისმინეს სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა თამარ შარაშიძემ და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოვალეობის შემსრულებელმა ნინო სამადაშვილმა, ჩვენ ვითხოვეთ დაგედგინათ, რამდენად ჯეროვნად შეასრულეს აღნიშნულმა პირებმა თავიანთი მოვალეობა და შეატყობინეს თუ არა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

27 სექტემბერს მივიღეთ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ მთივლიშვილის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩვენი 20 ივლისის წერილის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსოსტემას არ მიუმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის მარშრუტის ცვლილების მოთხოვნით „და აქედან გამომდინარე, აღნიშნულ დამტკიცებულ პროექტში, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზების მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილება პროექტში არ განხორციელებულა“. საგულისხმოა, რომ ამის „დადგენას“ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 2 თვე მოანდომა.

ბატონო გიგლა, ვიმედოვნებთ, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის წერილი მხოლოდ შეტყობინება იყო საქმის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და არ იყო ჩვენს მოთხოვნაზე საბოლოო პასუხი. აქვე გამოვთქვამთ იმედს, რომ გამოძიება დაიწყება კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით მარშრუტის ცვლილებაზე და არ შემოიფარგლება კანონით დადგენილი პროცედურის გავლის შესახებ ინფორმაციის (ზედმეტად ხანგრძლივი) მოძიებით.

ასევე მოგახსენებთ, რომ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის წერილში არაფერი იყო აღნიშნული სამინისტროს თანამშრომლების – თამარ შარაშიძისა და ნინო სამადაშვილის მიერ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმირების თაობაზე – რაც უცნაურია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შიდა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაში ზუსტად ეს საკითხი შედის და არა საქმიანობის განმახორცილებელის მიერ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოძიება.

ყოველივე ზემოაღნიშნული საფუძველზე, კიდევ ერთხელ გთხოვთ: გამოიკვლიოთ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე ცვლილების ფაქტი; სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოვალეობის ჯეროვნად შესრულების საკითხი; და მოგვაწოდოთ ჩატარებული მოკვლევის ამსახველი სრული დოკუმენტაციის ასლი.

ინფორმაციის მოძიებისათვის კვლავ დროის ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, გიგზავნით 2016 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოქალაქე ზაზა წიკლაურის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ოქმს, რომელიც სამინისტროშიც უნდა ინახებოდეს და რომელშიც ასახულია სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლის განცხადება დამტკიცებული მარშრუტის ცვლილების შესახებ.” - ვკითხულობთ „მწვანე ალტერნატივის” საჯაროდ გავრცელებულ წერილში. 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 5 იანვრის #ი-11 ბრძანებით - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექროსისტემას“ ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალი 110“ რეკონსტრუქციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლდა.  მინისტრის  2016 წლის 19 თებერვლის Nი¬91 ბრძანებით კი - სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 110 კვ (220 კვ-იან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალის“ რეკონსტრუქციის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ წარდგენილ პროექტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დამტკიცდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^