ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში გაფიცული მუშები დღეს დილიდან გვირაბის მშენებლობას დაუბრუნდნენ. რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, შპს "რკინიგზის ჩინეთის 23-ე ბიუროს" ადმინისტრაციამ მუშებს ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაუფორმა, რომელშიც მუშების ინტერესები გათვალისწინებულია.
30 სექტემბერს მუშები, რკინიგზის ახალი პროფკავშირის წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
წერილობით დოკუმენტში, სადაც კომპანია მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, წერია, რომ დასაქმებულები თავისუფლად ისარგებლებენ კუთვნილი შვებულებით; ბიულეტენით; მუშების სამუშაო დღე განისაზღვრება კვირაში 6 სამუშაო დღით და ჯამურად 48 საათით; დასაქმებულებს ფიქსირებული ხელფასი ექნებათ, რომელიც გაფიცვამდე ჰქონდათ; ზეგანაკვეთურად მუშაობა დასაქმებულებს აუნაზრაურდებათ საათების გაზრდის პარალელურად, 1.2 კოეფიციენტით; უქმე დღეებში მუშაობა ორმაგად აუნაზღაურდებათ; ხელშეკრულებების გაფორმების დღიდან კომპანიამ უნდა დაიწყოს ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის რეკომენდაციების შესრულება და პროფკავშირების წარმომადგენლებს უფლება უნდა მიეცეთ, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი განახორციელონ.
ზვარეში მუშები 15 დღე გაფიცულები იყვნენ.