Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რევაზ არველაძე - დიდი ჰესების გულშემატკივარი ახალი მოწვევის პარლამენტში

25 ოქტომბერი, 2016 13:20

რევაზ არველაძე - ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი „ქართული ოცნების“ სიის 33-ე ნომერია. ის 1992-1993 წლებში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი იყო. მას მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული აქვს. რევაზ არველაძეს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე, მას მიაჩნია, რომ  დიდი ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლების ერთი-ერთი საშუალებაა.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, რას გეგმავს მომავალი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყების შემდეგ, რას ფიქრობს ქვეყნის ენერგოპოლიტიკაზე, როგორ აფასებს დიდი ჰესების მშენებლობას და ა.შ.

„ხუდონჰესი ისეთი ობიექტია, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ნებისმიერი მიმართულებით. იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ტენიანობა და ა.შ. მისი უარყოფითი გავლენის შესახებ ინფორმაცია ზოგიერთი არასამთავრობოების თუ, ე.წ. ექსპერტების მიერ არის გამოგონილი“, - აცხადებს ის „ლიბერალთან“ საუბრისას.

მისი თქმით, „კაცი ბარს რომ დაარტყამს მიწას და ჭიაყელას გასრესს, ეს უკვე გარემოზე ზემოქმედებაა, რაც უფრო დიდია ობიექტი, უფრო დიდ ზიანს აყენებს გარემოს" და როდესაც გარემოზე მიყენებულ ზიანზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, უნდა შეფასდეს, ჰესებისგან მიღებული სარგებელი გადაწონის თუ ის უარყოფითი შედეგი, რომელიც გარემოს მიადგება.

„შორეულ პერსპექტივაში საქართველოს დასჭირდება 30-35 მილიარდი კვტ. ენერგიის წარმოება წლიურად. ასეთ პირობებში „ხუდონჰესი" და „ნენსკრაჰესი" აუცილებელია და კიდევ თუ რაიმეს ათვისება შეიძლება საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში, აუცილებლად მთლიანად ასათვისებელია... „ხუდონჰესის“ წყალსაცავის ზომა მცირე  წყალსაცავებში გადის, ჩვენ გვგონია, რომ ეს დიდია. თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა წყლის ზედაპირი 2000-7000 კვადრატული კილომეტრიც არის. წარმოიდგინეთ, მთლიანად აფხაზეთი ან კახეთი წყლით იყოს დაფარული. ხუდონჰესის 5 კვ.კმ. კი არაფერს არ ცვლის იქ“, - ამბობს არველაძე.

რაც შეეხება „ხუდონჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასს, რომელიც ბოლო ცნობით 10.5 ცენტი იქნება, არველაძე მიიჩნევს, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც ჰესი ექსპლუატაციაში შევა, ეს თანხა არც ისე მაღალი იქნება.

„ხუდოსჰესის“ მშენებლობა რომ განახლდეს, ის ექსპლუატაციაში 7-8 წლის შემდეგ შევა. თუ ამ ელექტროსადგურს არ ავაშენებთ, ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა რითი უნდა დავფაროთ?! ეს უნდა იყოს ან იმპორტირებული ელექტროენერგია, ან თბოელექტოსადგურები, რომლებიც ასევე იმპორტირებულ გაზზე იმუშავებენ. ეს შედარება მოგვცემს  იმის თქმის საფუძველს, ღირს თუ არა ხუდოსჰესის აშენება. აქ მეორე მომენტიცაა - „ხუდონჰესი", ისევე როგორც „ენგურჰესი", თუ მათ იმ რეჟიმში ვამუშავებთ, რაც პროექტით არის გათვალისწინებული, ესენი არიან პიკური ელექტოსადგურები, ანუ ისინი უნდა მუშაობდნენ მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ელექტროენერგიაზე - დილით და საღამოს. ამ პერიოდში ყველაზე ძვირია ელექტოენერგია. აქედან გამომდინარე ის 10 ცენტი, რომელიც თითქოსდა მაღალ ფასად ჩანს, არც ისე მაღალი გამოვა იმ პერიოდისთვის, როდესაც ჰესი ექსპლუატაციაში შევა“, - ამბობს არველაძე.

ამასთან, არველაძე აღნიშნავს, რომ ის, როგორც ენერგეტიკოსი, ყველა იმ ობიექტის მშენებლობას უჭერ მხარს, რომლის განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელია, რომლის ეკონომიკური ეფექტიანობა ეჭვს არ იწვევს და ასევე, რომელიც მისაღებია გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

„თუ ის ისეთ ზიანს აყენებს გარემოს, რომელიც გამოუსწორებლია და რომელსაც კომპენსაციას ვერ გაუკეთებ, რა თქმა უნდა, ასეთი ობიექტი არ უნდა აშენდეს... გარემოს დაცვის სამინისტრო რისთვის არსებობს, რომ წესიერად გამოიკვლიოს ეს ყველაფერი და შედეგი დადოს“, - ამბობს არველაძე.

რაც შეეხება „ნენსკრა ჰესს", არველაძე ამბობს, რომ მას ამ პროექტის გზშ-ის ანგარიში არ უნახავს.

„თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ემზარ ჭითანავას, მას თავის დროზე აქვს შესწავლილი ეს საკითხი. ის ამბობს, რომ იქ ისეთი ბუნებაა, ფაუნა და ფლორა, რომ მართლაც, მშენებლობამ საკმაოდ სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს", - ამბობს არველაძე.

ენერგოპოლიტიკაზე

რევაზ არველაძეს მიაჩნია, რომ თუ საქართველოს ეკონომიკამ 2050 წლისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს მიაღწია, ქვეყანას ყოველწლიურად 30-35 მილიარდი კვტ. ელექტროენერგიის წარმოება დასჭირდება. ის ამბობს, რომ საქართველოს ამის პოტენციალი გააჩნია, თუმცა მიაჩნია, რომ ჰიდროენერგეტიკული რესურსი ქვეყანამ მთლიანადაც რომ აითვისოს,  2040-2050 წლებში ზამთარში საკმაოდ დიდი დეფიციტი შეიქმნება. დეფიციტის შევსება მისივე თქმით, თბოელექტროსადგურების განვითარებით და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების გზით იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, თბოელექტორსადგურების განვითარება შეიძლება ორ ბაზაზე: ბუნებრივ გაზზე, რომელიც მთლიანად იმპორტირებულია და ნახშირზე.

„ჩვენ გვაქვს შაორი-ტყიბულის საბადოები, სადაც დაახლოებით 300 მილიონი ტონა დამტკიცებული მარაგები არის და 700 მილიონი ტონა კი - საპროგნოზო მარაგები. ჩვენ ეს ნახშირებიც რომ გამოვიყენოთ, ალბათ მაინც კიდევ გარკვეული რაოდენობის დეფიციტი დარჩება დასაფარავი“, - ამბობს არველაძე.

მისი თქმით, დეფიციტის აღმოსაფხვრელად ასევე მნიშვნელოვანია ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება. ის ამბობს, რომ რადგან მზისგან ღამე ენერგიას ვერ გამოვიმუშავებთ და ასევე მზე ცუდად იმუშავებს ზამთრის პერიოდში, ამიტომ მზის ენერგიის გამოყენება უმჯობესი იქნება ცხელწყალმომარაგებისთვის, პირდაპირი გარდაქმნისთვის სითბოდ, ვიდრე ელქტროენერგიის წარმოებისთვის.

რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურებს, ის ამბობს, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს ქარის პოტენციალის შესწავლა საქართველოში, რათა ზუსტად გამოვავლინოთ ის ადგილები, სადაც  ქარის ელექტორსადგურების მშენებლობისთვის არამარტო ტექნიკური, არამედ ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება დადგენილი.

„მიახლოებით შეიძლება ვთქვათ, რომ ქარის პოტენციალი საქართველოში წლიურად 3-4 მილიარდი კილოვატსაათის ფარგლებშია. აქედან გამომდინარე, ეს საკმაოდ მაღალი პოტენციალია და ჩვენს პირობებში შორეულ პერსპექტივაში 10%-ის დაკმაყოფილება შეუძლია“, - ამბობს არველაძე.

გეგმები პარლამენტში

რაც შეეხება პარლამენტში მუშაობას, არველაძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ დირექტივის გათვალისწინება, რაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ არის მიღებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენი კანონები უნდა იყოს ჰარმონიზებული დირექტივებთან, თუ რაიმე კანონი არ გავქვს, უნდა დავამუშაოთ. თუ რაიმე კანონი ჩვენი არ მოდის ევროპულ დირექტივებთან თანხმობაში, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიტანოთ. ჩვენ არ გვაქვს კანონი ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით იქნება სამუშაო. ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა ასევე მოითხოვს დახვეწას“, - ამბობს ის.

საქართველომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრების პროტოკოლს ხელი 14 ოქტომბერს მოაწერა. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებაში გაწევრება შეფასდა, როგორც საქართველოს ენერგეტიკის ცივილიზებული დასავლური მოდელისკენ სვლა.  სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც ჯერ გამოქვეყნებული არაა, საქართველოს ევროპული კანონმდებლობის და სტანდარტების დანერგვაზე ზრუნვაც მოუწევს.

რევაზ არველაძის ბიოგრაფია

ის ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ენერგეტიკის აკადემია არასამთავრობო ორგანიზაცია და ის 2000 წელს დაფუძნდა.რევაზ არველაძე ორგანიზაციის პრეზიდენტი და გამგეობის წევრია. 2013 წელს კახი კალაძის მინისტრობის პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის აკადემიას შორის ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის შედეგად აკადემიამ სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარებისა და პროგნოზირების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის ვალდებულება აიღო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^