სასულიერო პირებისგან შემდგარი დელეგაცია, რომელიც ბრიუსელში 7-11 ნოემბერს გაემგზავრება, NATO-სა და ევროკავშირის შტაბბინებში, ასევე ევროპარლამენტში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს.
NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში „ლიბერალს" უთხრეს, რომ დელეგაციის შემადგენლობაში წმიდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები იქნებიან.
ვიზიტი პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის, ისევე, როგორც ზემოხსენებული ვიზიტის მიზანი სასულიერო პირების საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირება და ჩართულობის გაზრდაა.
„პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სსიპ NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში" - ამბობენ NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.