ხარაგაულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა „ლიბერალის" ჟურნალისტს უთხრა, რომ კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ადმინისტრაციის 6 თანამშრომელი დაკავებულია. როგორც ის ამბობს, დაკავებულები გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ
ზვარეში მუშები არიან შეკრებილები და ამბობენ, რომ სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან, სანამ კომპანიის მენეჯმენტი არ შეიცვლება.
ზვარეში გუშინ „ჩინური რკინიგზის 23-ე ბიუროს” თანამშრომლებმა 4 ადგილობრივს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს - ამის შესახებ კომპანიაში დასაქმებული ერთ-ერთი მუშა გიორგი თაბუკაშვილი ამბობს. მისი თქმით, გუშინ 4 ადგილობრივს სახლში შეშა მიჰქონდა, როდესაც კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლები ქუჩაში დახვდნენ და უთხრეს, რომ შეშა მათი კომპანიის ტერიტორიიდან მოიპარეს:
„ამას შელაპარაკება მოჰყვა და ჩინელები მძიმედ გაუსწორდნენ ადგილობრივებს. ოთხი ადამიანი ახლა საავადმყოფოშია, ზოგი ხაშურში, ზოგი ზესტაფონში. ზოგს თავი აქვს დაზიანებული. სულ ჯოხებით სცემეს და ცივ იარაღსაც იყენებდნენ”, - ამბობს თაბუკაშილი.
მისივე თქმით, ინციდენტი დღესაც მოხდა. მუშებმა გუშინდელი შემთხვევის გამო პროტესტი გამოთქვეს, თუმცა კომპანიის თანამშრომლები, თაბუკაშვილის თქმით, მათაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახლა ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.