Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯილდო "ჯორჯიან მანგანეზს" - სამუშაო უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის დაცვისთვის

17 ნოემბერი, 2016 19:31

„ჯორჯიან მანგანეზი" წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. კომპანია "ჯორჯიან თაიმსმა" შემდეგი კრიტერიუმების გამო დააჯილდოვა - საინვესტიციო მიმზიდველობა, სამუშაო უსაფრთხოების და ეკოლოგიური ნორმების უმაღლესი სტანდარტი, კორპორატიული პასუხისმგებლობა. 

კრიტერიუმების ჩამონათვალის გამო აღნიშნულმა ჯილდომ გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებში ორაზროვნება გამოიწვია. "მწვანე ალტერნატივას" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ ეს ფაქტი ბევრ ეჭვს ბადებს იმ პირობებში, როცა კომპანია სახელმწიფოს მიერ გარემოზე მიყენებული ზარალის გამო 358 მილიონი ლარითაა დაჯარიმებული. საუბარია 2014 წლის აპრილში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ „ჯორჯიან მანგანეზის“ სალიცენზიო პირობების შემოწმების შემდეგ, გარემოზე მიყენებული ზიანის გამო კომპანიის დაჯარიმებაზე.

საქმე ჯერჯერობით ფინანსურ პოლიციაშია გადაგზავნილი, რაზეც დღესაც მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის განცხადებით, ჯერ საჭირო მასალების მოპოვების პროცესში არიან და სასამართლო პროცესი ჩანიშნული არაა. ამავე საქმეზე 2016 ოქტომბერში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი, მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ბიჭიკაშვილს ქრთამის გადაცემა  იმ საექსპერტო ჯგუფისთვის ედება ბრალად, რომელსაც კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოთვლა ევალება.

"ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ზაქარია ზალიკაშვილი "ლიბერალთან" იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კომპანიამ ჯილდო მიიღო. მისი განმარტებით, ბოლო 2 წელიწადია ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში აქტიური მუშაობა დაიწყო, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდეს. მაგალითად, დაიწყო 11 ძველი ღუმელის კაპიტალური შეკეთება, თითოეული ღუმელის შეკეთების ღირებულება 200-დან 300 ათასამდე დოლარი იყო. სექტემბერში გაიხსნა ახალი ღუმელი, რომელიც ულტრათანამედროვე სადნობია(7,2 მილიონი დოლარის ღირებულების). ზალიკაშვილის თქმით, ეს ღუმელი კვამლის ქარხანაში გავრცელებას მაქსიმალურად ამცირებს და გარემოზე მავნე ზემოქმედებაც მინიმუმადეა დაყვანილი. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ადრე ქარხნიდან გამოტანილი ინერტული მასები(წიდა) თუ ქარხნის გარეთ, ზესტაფონის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე იმარხებოდა, ახლა ქარხნისავე ტერიტორიაზე გაკეთებული სეპარაციის ფუნქციის მქონე ტექნიკით, ამ მასას აცალკევებენ და მეორად სამშენებლო მასალებად გადააქცევენ. 

"ასევე, დავაყენეთ სრულიად ახალი გაზგამწმენდები, დამონტაჟდა გენერატორები, ფილტრები გამოვცვალეთ.. სულ 22 ათასი ფილტრი შევცვალეთ. და მნიშნელოვანია, რომ ზესტაფონის 4 ლოკაციაზე დავაყენეთ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სადგურები, ადგილების შერჩევაში თავად გარემოს დაცვის სამინისტრო დაგვეხმარა. ფინანსურად კი 230 ათასი დოლარი დაგვიჯდა. სადგურები ამოწმებს ჰაერის დაბინძურების დონეს ყველა კომპონენტით, იქნება ეს ნატრიუმის დიოქსიდი, გოგირდის ოქსიდი თუ სხვა ნაწილაკები. ჩვენი კომპანიის ფილოსოფია და მიდგომაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს", - ამბობს ზაქარია ზალიკაშვილი.

რაც შეეხება ჭიათურას, სადაც კომპანია მაღაროებში მანგანუმს მოიპოვებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონში წლებია არ ჩატარებულა რეკულტივაცია(მიწის პროდუქტიულობის აღდგენა, რომლებიც უნაყოფო გახდა ადამიანის მოქმედების - სასარგებლო წიაღისეულის ამოღების, ჰიდრონაგებობათა მოწყობის, ტყეების გაჩეხის, ქალაქთმშენებლობისა და მიზეზების გამო).

"ჯორჯიან მანგანეზმა" ბოლო ორი წელიწადია ღია კარიერებზე ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაცია დაიწყო. 16 ჰექტარზე უკვე დასრულებულია ბიოლოგიური რეკულტივაცია, 10-ზე ტექნიკური, უბრალოდ, სიცივეების გამო ამ სეზონზე ხეების დარგვა ვერ მოვასწარით. მომავალი 10 წლის განმავლობაში 90 ჰექტარამდე მიწა უნდა აღვადგინოთ. თუმცა სანამ ბოლომდე არ მოხდება მანგანუმის ამოღება, რეკულტივაციის პროცესიც ვერ დასრულდება", - აღნიშნა ზალიკაშვილმა.

შრომის უსაფრთხოება - ეს კიდევ ერთი კრიტერიუმია, რის გამოც კომპანია დაჯილდოვდა. ზაქარია ზალიკაშვილი განმარტავს, რომ შრომის პირობების გაუმჯობესების გამო კომპანიაში მუშების საწარმო ტრავმები "მნიშვნელოვნად არის შემცირებული":

"ჩვენ დავნერგეთ სისტემა და მკაცრად აღვრიცხავთ ხელის გაჭრის ფაქტებსაც კი, მიუხედავად დათვლის სისტემის შემოღებისა, რაც ადრე არასრულყოფილად ხდებოდა, ბოლო წლებია ასეთი საწარმო ტრავმები საგრძნობლადაა შემცირებული. ასევე დასაქმებულებს ინტენსიურად ვუტარებთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ტრენინგებს და საბოლოოდ, ვამონიტორინგებთ პროცესს".

ჭიათურის მაღაროელთა პროფესიული კავშირების თავმჯომარე პაატა სამხარაძე კომპანიის დაჯილდოების მიზეზს ვერ განმარტავს. ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით, კომპანიაში შესაძლოა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა რეალური სურათი ამას არ შეუცვლია და მუშები საწარმო ტრავმებს იმავე ინტენსივობით იღებენ, როგორც წლების წინ:

"გარდა ამისა, კომპანია, რომელიც 358 მილიონი ლარითაა გარემოს ზემოქმედებაზე დაჯარიმებული, გაუგებარია ამ კრიტერიუმებით როგორ გაიმარჯვა "ჯორჯიან მანგანეზმა", - ამბობს სამხარაძე.

"ჯორჯიან მანგანეზი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს  ჭიათურის მანგანუმის საბადოსა და მანგანუმის დამუშავების საწარმოს;  ზესტაფონის ფეროშენდობისა და სილიკონმანგანეზის ქარხანას და ვარციხეჰესის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიაში 6000-მდე ადამიანია დასაქმებული.

შრომა გადარჩენისათვის

ქალაქი შავი კონტურებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

გიორგი რურუა თავს უდანაშაულოდ ცნობს

თბილისის საქალაქო სასამართლო „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ჟურნალისტური ქარტია აჭარის ტელევიზიის და ...

აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია კვლავ გაააქტიურა სააპელაციო სასამართლოს მიერ 18 ნოემბერს მიღ ...
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

სასამართლო დემონსტრანტთა ადმინისტრაციული ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში18 ივნისის მოვლენებისას დაკავებული დემონსტრანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხ ...
^