Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყველა ბავშვს აქვს უფლება, იყოს ჯანმრთელი და განათლებული - UNICEF-ის კვლევა

21 ნოემბერი, 2016 20:06

ყველა ბავშვს აქვს უფლება, გაიზარდოს ჯანმრთელი და ძლიერი, იყოს განათლებული და დაცული, ცხოვრებაში ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობები, როგორიც სხვა ბავშვებს აქვთ - ამ სიტყვებით დაიწყო დღეს თავისი მოხსენება ლაილა ომარ გადიმ, რომელიც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელია.

UNICEF-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში, ყოველი მე-5 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ყოველი მე-6 ბავშვი ძალიან ღარიბია.

ოჯახები, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ, სიღარიბის რისკის ქვეშ უფრო მეტად არიან, ვიდრე  ოჯახები, ვისაც ბავშვები არ ჰყავს. ეს მაჩვენებელი ქალაქთან შედარებით სოფლებში 50%-ით უფრო მაღალია.

სიღარიბე და ბავშვთა შრომა - ეს მიზეზები ბავშვებთა განათლების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორებია. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ თუკი საბავშვო ბაღში მოსახლეობის უმდიდრესი 20%-ის 3-დან 5 წლამდე ბავშვების თითქმის 70% დადიოდა, უღარიბეს 20%-ში ეს ციფრი მხოლოდ 52%-ია.

საშუალო სკოლაში ქალაქებში 12-18 წლის ბავშვების 95% სწავლობს, სოფელში მხოლოდ  - 87%. ამასთან ერთად, საშუალო სკოლაში უღარიბესი ბავშვების რაოდენობის 79% დადის, უმდიდრესი ბავშვების რაოდენობის კი - 96%.

საბავშვო ბაღებში დადის ბავშვების 2/3, დანარჩენი 1/3 კი მოკლებულია სკოლამდელ აღზრდას:

„საქართველოში ბავშვების 1/3 მოკლებულია სკოლამდელ ასაკამდე იმ სოციალური ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების შანსებს, რაც მათთვის ასე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ქეთი მელიქაძემ. მან ასევე ისაუბრა 5 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობაზე და აღნიშნა, რომ მართალია ბოლო წლებში 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით მდგომარეობა გამოსწორდა და ბავშვები ისეთი სიხშირით აღარ იღუპებიან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა პირობებში იზრდებიან და როგორ ვითარდებიან ისინი.

ქეთი მელიქაძემ ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მდგომარეობაზეც და ამისთვის პირველ რიგში, მოიშველია ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, დღეს სოციალური პაკეტის მომხმარებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 9000-მდე ბავშვია რეგისტრირებული. ეს რიცვხვი საქართველოში მცხოვრები ბავშვების სულ 1,5%-ია.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ნებისმიერ ქვეყანაში შშმ ბავშვების რაოდენობა 5%-მდე მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 40 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე სახელმწიფო არათუ ზრუნავს, ვერც კი ხედავს. მაშინ, როცა საქართველომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და ამით მიდგომა და მოდელი უნდა შეგვეცვალა, ჩვენ ამ ბავშვების რაოდენობის სრული სურათიც კი არ აქვს“, - აღნიშნა ქეთი მელიქაძემ.

"პარტნიორობა ბავშვებისთვის" წარმომადგენელმა ანდრო დადიანმა ისაუბრა ბავშვებზე, რომლებიც რელიგიურ დაწესებულებებში(დიდ ინსტიტუციებში) იმყოფებიან. მან კვლევის ავტორებს უთხრა, რომ კვლევაში საუბარია ინსტიტუციებში მყოფ მხოლოდ 80-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე. ეს კი არასწორი ციფრია, როცა ბავშვების გარკვეული ნაწილი დღემდე, სახელმწიფოს მიერ არარეგულირებად დაწესებულებებში, ე.წ. საპატრიარქოსა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ ინსტიტუციებში არიან.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა კვლევის პრეზენტაციაზე მყოფ ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა სოფრომაძეს სოციალური აგენტების შესახებ დაუსვა შეკითხვა და აღნიშნა, რომ 2005 წლიდან დღემდე სოციალური მუშაკების რაოდენობა არ გაზრდილა, მაშინ როცა, ბავშვთა უფლებების გარდა 22 სხვა საკითხზე უწევთ მუშაობა, როგორიცაა მაგალითად, პენსიონერების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები და ა.შ. 

"240 სოციალურ მუშაკს ამ წლების განმავლობაში დაემატა ფუნქციები, მათი რიცხვი კი არ გაზრდილა. მოგეხსენებათ, ეს ადამიანები ბავშვთა უფლებების დაცვის მთავარი კომპონენტები არიან. დამატებული ფუნქციების პარალელურად კი, მათ უწევთ მძიმე პირობებში მუშაობა. არ ეზრდებათ ხელფასი, მათთვის არაა გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები. გენდერული თვალსაზრისითაც, მათი უმეტესობა ქალია. როგორ აპირებთ გააუმჯობესოთ ეს სისტემა ასეთ პირობებში?".

ზაზა სოფრომაძის თქმით, სამინისტრო აცნობიერებს, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა საკმარისი არაა, თუმცა მისი განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ამ წლების განმავლობაში სოციალურ მუშაკებს ხელფასები არ ეზრდებათ: "სამინისტროს რა რესურსებიც გააჩნია, იმ პირობებში ხდება მათი ფინანსურად გაძლიერება, თუმცა გეთანხმებით, ეს სისტემა გასაუმჯობესებელია",  - ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

UNICEF-ის კვლევაში ასევე წერია, რომ უკიდურესი სიღარიბის დონე 2013 წელთან შედარებით შემცირებულია. თუმცა, პროდუქტზე და მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები და გადასახადები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლების შემცირება გამოკითხული მოსახლეობის მთავარი პრობლემებია, რის გამოც, ადამიანები ფიქრობენ, რომ ძალიან ღარიბები არიან.

კვლევის მნიშნელოვანი ნაწილი ეხება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების გაზრდას და ეს ციფრი მოსახლოებაში 31%-ითაა გაზრდილი. გაზრდილია ასევე მედიკამენტებზე დახარჯული ხარჯები. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მოსახლეობის 83%-ია ჩართული. 7%-ს საერთოდ არ აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს მიერ დაზღვეულები არიან. 6% კი სხვადასხვა კერძო დაზღვევით სარგებლობს.

სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა სოფრომაძემ ამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საშუალებით ერთი ადამიანიც არაა სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩენილი და ამაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხების ზრდა პირიქით, პოზიტიურიცაა:

"ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ ადამიანებს არ ჰქონდათ საყოველთაო დაზღვევა, დაბალი იყო სამედიცინო დაწესებულებებით სარგებლობის დონე. ადრე არ უღირდათ, ახლა კი, 70%-იან(პენსიონერებისთვის 90%-იან, სოციალურად დაუცველებისთვის 100%) თანაგადახდის პირობებში, მოსახლეობა უფრო ინტენსიურად ზრუნავს ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა, ეს ზრდის ჯიბიდან გადახდის თანხებს. ვფიქრობ, რომ ეს ზრდის ტენდენცია კიდევ უნდა შევინარჩუნოთ. მედიკამენტებზე გაზრდილი ხარჯებს რაც შეეხება, ეს ჯანდაცვის სისტემის უტილიზაციის პროცესს კარგად აჩვენებს- სოფლებში კი ჩამოყალიბდა კულტურა, მივიდნენ და გაესინჯონ, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე", - აღნიშნა სოფრომაძემ. 

UNICEF-ის კვლევა ასევე აღწერს მოსახლოების შემოსავლებისა და დანახარჯების არაადეკვატურობას და წერია, რომ ადამიანები ხარჯავენ მეტს, მეტი შემოსავლის გარეშე. საშუალოდ. 2013 წლის შემდეგ ზრდასრული პირის შემოსავალი 10%-ით გაიზარდა, თუმცა თუ ფასების ზრდას გავითვალისწინებთ, შინამეურნეობათა საშუალო შემოსავალი არც ქალაქებსა და არც სოფლებში მნიშვნე- ლოვნად არ შეცვლილა.

შინ მოხმარებული საკვების წილი 2013-დან 2015 წლამდე 43%-დან 40%-მდე შემცირდა. ამავდროულად, გაიზარდა არასაკვები პროდუქტების გრძელვადიანი ხარჯების წილი. საინტერესოა, რომ 2013 წლის შემდეგ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, ოდნავ გაიზარდა ჯანდაცვასთან დაკავშირებული პროდუქტებისა თუ სერვისების მოხმარება. 

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ლაილა ომარ გადის თქმით, მოსახლეობის სიღარიბე პირდაპირ აისახება ბავშვთა კეთილდღეობასა და მათ განვითარებაზე. ბავშვები თავისი ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მოკლებულების არიან სკოლამდელ და საშუალო განათლებას, რაც მათ მომავალზე უარყოფითად აისახება.

ბავშვთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად "გაეროს ბავშვთა ფონდს" საქართველოს მთავრობისთვის კონკრეტული რეკომენდაციები აქვს.

სოციალური გარიყულობის აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს სტრატეგია ბავშვთა უფლებებისთვის, რომელიც მოიცავს მრავალ სფეროს და შესაბამისობაში იქნება ბავშვის კონვენციასთან. ასევე, ბავშვებისთვის კარგად და სწორად უნდა დაიგეგმოს შეღავათები, რომ მათ თავი დააღწიონ სიღარიბეს. UNICEF-ის ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ ბავშვების მონაცემების შეგროვებასაც ეხება: "შემუშავდეს მონაცემთა შეგროვების უფრო ქმედითი მეთოდოლოგია", - წერია კვლევაში.

გარდა ამისა, "გაეროს ბავშვთა ფონდი" საქართველოს მთავრობას ურჩევს, ბავშვთა და დედათა ჯანმრთელობის დაცვისთვის მედიკამენტებზე მეტი ხელმისაწვდომობა იყოს, ადრეული და სკოლამდელი აღზრის და განათლების კანონი გაუმჯობესდეს და ბავშვებმა შეძლონს, ინკლუზიური განათლების სისტემაში ჩართვა: "განათლების სისტემა არ აქვეყნებს სკოლიდან წასული, ან ასეთი რისკის წინაშე მყოფი ბავშვების რაოდენობას. ხშირად, სკოლიდან წასვლის მიზეზი უკიდურესი სიღარიბე, ბავშვებში სწავლის მოტივაციის დაბალი დონე და უნარები და ადრეული ქორწინებაა. უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც სკოლის მიტოვების რიცხვს და რისკებს შეამცირებს", - წერია კვლევაში.

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2015 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის,მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^