2016 წლის 28 ნოემბერს ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მიიღო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2013 წელს მიღებული პრემიების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია 2014 წლის ივნისიდან ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღება მხოლოდ პროკურატურისადმი მიმართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. IDFI-მ 2014 წლის ივნისში მოთხოვნილი მონაცემების მიღება მხოლოდ 2016 წლის მიწურულს შეძლო.
შსს-მ IDFI-ის გაუგზავნა ინფორმაცია შსს-ს ცენტრალურ აპარატში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაცემული პრემიების შესახებ.
IDFI გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ინფორმაციის მიუწოდებლობისა და პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი გაცემული პრემიების უპრეცედენტოდ მაღალი ოდენობა უნდა ყოფილიყო, რაც დადასტურდა მიღებული მონაცემებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები.
კერძოდ, რიგ შემთხვევაში თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მითითებულია არასრული/არასწორი მონაცემები. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 89 828 ლარი. ამავე დროს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, მან 10 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით მიიღო 113 500 ლარი.
ასევე, მაშინდელ მინისტრის მოადგილეს, ვახტანგ გომელაურს დეკლარაციაში 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავალში მითითებული აქვს 84 112 ლარი, მაშინ, როდესაც მხოლოდ პრემიის სახით 2013 წლის მარტი-ნოემბრის პერიოდში მიიღო 74 000 ლარი. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ პრემიასთან ერთად მის მიერ მიღებულ ყოველთვიურ სარგოს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეკლარირებული თანხა არ ასახავს რეალობას.
გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობაზე მიღებული დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 78 103 ლარს, მაშინ როდესაც 10 თვეში მხოლოდ პრემიის სახით მიიღო 70 000 ლარი.
ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ დეკლარირებული შემოსავალი აღნიშნულ თანამდებობაზე შეადგენს 45 862 ლარს, მაშინ როდესაც სამინისტროს დოკუმენტაციის მიხედვით მხოლოდ პრემიის სახით აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული აქვს 66 250 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. აღნიშნული დანაშაული „ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
„შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს საქმის დეტალები და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.“ - ნათქვამია idfi-ის განცხადებაში.