რუსთავში ქიმისკოსთა სპორტულ დარბაზში, ა(ა)იპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით სპორტული ღონისძიება გაიმართა, მასში მონაწილეობას იღებდნენ, მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ქალაქის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და მისი მოადგილეები.
ფოტო მასალაში რომელიც რუსთავის საკრებულოს ვებგვერდზეა განთავსებული ჩანს რომ სავარაუდოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებაში აცვიათ მაისურები წარწერით - შშმპ.
ა(ა)იპ ,,რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლის თქმით, მაისურები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მათ არ შეუკერავთ და არ იცის თუ ვისი იდეა იყო მაისურების დამზადება.
სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის წარმომადგენლის თამუნა ხაჩიძის თქმით, ღონისძიებაში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვადასხვა დღის ცენტრებისა და საცხოვრისების ბენეფიციარები არიან და არ გამორიცხავს, რომ თავად დღის ცენტრებმა უზრუნველყვეს ამ მაისურების დამზადება.
„ლიბერალმა“ ერთ-ერთი ცენტრის დირექტორთან დაკავშირება მოახერხა. ნანა ზერეკიძის თქმით, აღნიშნული მაისურები მათ არ დაუმზადებიათ და არ ის იცის ვისი იდეა იყო მაისურებზე „შშმპ“ წარწერის გაკეთება. მისივე თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაში მისი ცენტრის 5-მდე ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის წარმომადგენლის ანა არგანაშვილის თქმით, 3 დეკემბრის დანიშნულება ის არის, რომ ადამიანები გააერთიანოს განსხვავებულობის მიუხედავად.
„განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს როდესაც ეხება საქმე, ასეთი დღეების გზავნილი უნდა იყოს მათი სრულყოფილი ინტეგრირება საზოგადოებაში. ამ კონცეფციის საწინააღმდეგო ქმედებაა, ადამიანისთვის გულზე “შშმპ”-ს დაწერა და ამით იმის ხაზგასმა რომ ის არის სხვებისგან განსხვავებული. ამავე დროს, ეს უთანასწორობის შემცველი გზავნილიცაა, ამავე ლოგიკით რატომ სხვა იქ მყოფმა პირებმა არ დაიწერეს გულზე "ადამიანისთვის გულზე “შშმპ”-ს დაწერა და ამით იმის ხაზგასმა რომ ის არის სხვებისგან განსხვავებული უთანასწორობის შემცველი გზავნილია, ამავე ლოგიკით, რატომ სხვა იქ მყოფმა პირებმა არ დაიწერეს გულზე მათი მაიდენტიფიცირებელი რამე ნიშანი? ადამიანისთვის დიდი ასოებით იარლიყის ჩამოკიდება, ბუნებრივია არ დაეხმარება საზოგადოებაში სხვების თანასწორად ინტეგრირებას. მინდა დავიჯერო, რომ თვითმმართველობას სხვა უფრო პოზიტიური მიზნები ჰქონდა, თუმცა, ფოტოებზე ეს მიზანი დაიკარგა და მხოლოდ იარლიყები შემოგვრჩა. კარგი იქნება, სხვა დროს უფრო გულისხმიერად თუ დაგეგმავენ ამ ღონისძიებებს და კონსულტაციებს გაივლიან შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებთან და მათ წარმომადგენლებთან, რათა კარგი მიზნების იუხედავად სეგრეგაციული პრაქტიკის დანერგვას არ შეუწყონ ხელი.“ - ამბობს ანა არგანაშვილი.
ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" წარმომადგენლის, მარი კორკოტაძის თქმით, ასეთი წარწერა მაისურზე არაღირსეულ დამოკიდებულებას გამოხატავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ.
"არსებობს შესანიშნავი ლოზუნგი "არაფერი ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე". სწორედ აქედან ჩანს, რომ არანაირ ჩართულობას არ უზრუნველყოფს რუსთავის მთავრობა.“ - ამბობს მარი კორკოტაძე.