ყველა საერთაშორისო ექსპერტი, ყველა კვალიფიციური დასკვნა, სამთავრობო გუნდისაც და ჩვენი უცხოელი კოლეგებისაც ადასტურებს, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ შეაწუხოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, არის სწრაფი განვითარების გეგმა, რომელმაც უნდა გამოიწვიოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა გახლდათ შექმნილიყო დამატებით რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი. სწორედ ამას ემსახურება მოგების გადასახადის გაუქმება რეინვესტირების შემთხვევაში, ამას ემსახურება მრავალმილიარდიანი ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელება, სივრცითი მოწყობა და ა.შ. ამ ბიუჯეტის თანახმად საქართველოში ეკონომიკური ზრდა იქნება გაცილებით უფრო მაღალი პროცენტებით გამოხატული, ვიდრე ეს ჩვენ გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან იცით, რომ რეგიონში იყო პრობლემები“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.