Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა - გეგმები, მოთხოვნები, არგუმენტები

07 დეკემბერი, 2016 17:02

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, რომელშიც 40-მდე ორგანიზაცია, სათემო ჯგუფები თუ ექსპერტები არიან გაერთიანებული, არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის.

მათი თქმით, სახელმწიფომ რესურსები უნდა მიმართოს პრევენციის, ზრუნვისა და დახმარების პროგრამებზე და უნდა შეწყდეს სამართალდამცველთა მიერ მომხმარებლის დევნა.

პლატფორმის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული უნდა იყოს შემდეგ ძირითად საკითხებზე: 
•    გაუქმდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის/მცირე ოდენობით ფლობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;
•    გადაიხედოს და შემსუბუქდეს ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის განსაზღვრული სანქციები;
•    დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების ადეკვატური და სამართლიანი - მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი - ოდენობები;
•    შეიცვალოს არსებული იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პრაქტიკა;
•    გაუქმდეს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთათვის დამატებით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი,  ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, ნარკოკანონმდებლობის ცვლილებების კუთხით კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს, სადაც ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებული ყველა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საკითხის გადაწყვეტის გზა იქნება ასახული.

როგორც პრესკონფერენციაზე პლატფორმის წევრმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტმა, დათო სუბელიანმა განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში შეტანას საგაზაფხულო სესიისთვის ფიქრობენ.

მანამდე კი, მისი თქმით, იგეგმება მოსამზადებელი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა კომიტეტთან თუ პოლიტიკურ ჯგუფთან.

„დეკემბრის განმავლობაში გვექნება კომიტეტებთან საქმიანი პოზიციების შეჯერების მცდელობა, ასევე - სხვა ფორმატის შეხვედრები პოლიტიკურ ფიგურებთან,  შესაძლოა პარტიების ხელმძღვანელებთანაც. ფაქტობრივად გამზადებულ კანონპროექტს ჩვენ მათთან სამუშაო მაგიდაზე დავდებთ. შევეცდებით, რომ კიდევ ერთხელ საბოლოო შტრიხები შევიტანოთ ერთობლივად, იმისათვის, რომ პარლამენტში შევიდეს კარგი კანონპროექტი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი წინასწარ რაც შეიძლება კარგად მომზადდეს, შეჯერდეს და შეთანხმდეს ყველა ძალასთან, მათ შორის მათთანაც, რომელთაც შესაძლოა ეშინოდეთ ძირეული ცვლილების. ჩვენი პლატფორმა მოწადინებულია, რომ აქტორებს იმ შიშების შესახებ ვესაუბროთ, რომლებიც მათ შესაძლოა ჰქონდეთ, და ვუთხრათ საპირისპირო  არგუმენტები“, - აცხადებს სუბელიანი.

როგორც პრესკონფერენციაზე ნარკოლოგმა, პლატფორმის წევრმა ზურა სიხარულიძემ განაცხადა, პლატფორმის ფარგლებში ასევე მიდიოდა მუშაობა რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზე მცირე ოდენობების განსაზღვრაზე. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და  ის აისახება იმ კანონპროექტში, რომლის შეტანასაც პარლამენტში გეგმავენ.

სამედიცინო სერვისების მიწოდების ხელმისაწვდომობის საკითხი

ზურა სიხარულიძის განცხადებით, აპელირება იმაზე, რომ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის არ არსებობს რესურსი და საკმარისი კადრები, არასწორია. მისი თქმით, რეალურად დღეს არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსი სწორად და ეფექტურად არაა გამოყენებული და გადანაწილებული.

„ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სამედიცინო სერვისები  საქართველოს მასშტაბით. ეს არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს და ამ ეტაპზე არ მოითხოვს დამატებით რესურსს. ამ მიდგომებს შესაბამის უწყებებს წარვუდგენთ, რაც პრაქტიკულად მზად გვაქვს. ამით დაინგრევა ის მითი, რაც უკვე წლების განმავლობაში არსებობს. აკადემიური წრეები, სერვისის მიმწოდებლები დღეს გაერთიანდნენ და ამბობენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ გამოწვევების საკუთარ თავზე აღება და იმ რისკების გათვალისწინება, რაც შესაძლებელია პირველ ეტაპზე არსებობდეს. ეს რისკები მინიმალიზებულია იმ მიდგომით, რასაც ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ“, - აცხადებს სიხარულიძე. მისივე თქმით, დღეს არ არსებობს საქართველოში რეგიონი, სადაც არ არის სამედიცინო მომსახურების ცენტრი, „უბრალოდ მას სჭირდება გარკვეული ხელშეწყობა და გაფართოება. რეალურად შესაძლებელია, რომ ამ ერთეულებმა ყველა ის ფუნქცია შეასრულონ, რაც საჭირო იქნება“.

არგუმენტი მოსაზრებაზე, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზება მოხმარების ზრდას გამოიწვევს

„ეს ის არგუმენტია, რითაც ოპონენტები გვაშინებენ, ძირითადად ამას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს ის არგუმენტია, რომლითაც  შსს-ს პარლამენტი და საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი“, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა დავით ოთიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი საფუძველი ამ არგუმენტს არ აქვს.

„არცერთი ქვეყნაში, სადაც მოხმარება დეკრიმინალიზებულია, და ასეთი ქვეყანა უამრავია, ამ პროცესს არ გამოუწვევია მოხმარებისა თვალსაჩინო მატება. შესაძლოა იყო მოკლევადიანი, რომელიღაც კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარების ზრდა, რაც შემდეგ ძალიან მოკლე ხანში დასტაბილურდა“, - აღნიშნა ოთიაშვილმა.

მისი თქმით, ამ „რისკის“ დაზღვევის მთავარი გარანტი იქნება ის, რომ კანონმდებლობის ცვლილების პარალელურად აუცილებელია ჯანდაცვის, პრევენციული და სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. მისი განმარტებით, ეს არის ერთმანეთისგან განუყოფელი ორი პროცესი, რომელიც პარალელურად უნდა წარიმართოს. „ეს არის ის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში დაგროვდა“.

 „მათი არგუმენტი, რომ სისტემა არ არის მზად, რომ დეკრიმინალიზების შემდეგ მიიღოს ის ნაკადი, რომელსაც სახელმწიფო აღარ დაიჭერს;  არგუმენტი, რომ დასჯას აქვს დღეს პრევენციული დატვირთვა არამხოლოდ იმ ადამიანზე, რომელსაც იჭერენ, არამედ სხვებზეც; რომ ისინი სხვის გაკვეთილზე სწავლობენ და აღარ მოიხმარენ ნარკოტიკს - ყველა ეს არგუმენტი ჩემთვის მითია. შეიძლება ამის ვიღაცას სჯეროდეს, თუმცა მას სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია...“, - აღნიშნა ოთიაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის პირობებში, საქართველოში პრობლემური მოხმარების გავრცელება საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაახლოებით 3-ჯერ მაღალია.

დათო სუბელიანის თქმით, კარგი მაგალითი იმისა, რომ ნარკომოხმარების დეკრიმინალიზება, ნარკოტიკების მოხმარების ზრდას არ გამოიწვევს, არის ის, რომ საკონსტირუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც მოხდა სასჯელის მნიშვნელოვნად შემსუბუქება მარიხუანასთან დაკავშირებით და ადამიანები ამის გამო ციხეში აღარ მიდიან, „ამის შემდეგ გვსმენია სადმე, რომ ხალხი მომეტებულად მოიხმარს მარიხუანას? ამ პატარა ექსპერიმენტმა გაამართლა და გვიჩვენა, რომ ამ კუთხით დიდი საშიშროების წინაშე არ ვდგვართ“, - განაცხადა სუბელიანმა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე, კიდევ ერთხელ დაანონსდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით დაგეგმილი აქციები.

თბილისი, 7 დეკემბერი, 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ - „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD ), „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა" და „თანადგომას“ საპროტესტო აქცია.

თბილისი, 10 დეკემბერი, 17:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ - თეთრი ხმაურის მოძრაობის საპროტესტო აქცია.

ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე

რატომ არ უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მოხმარება პატიმრობით

ნარკოტესტირება საქართველოსა და უცხოეთში

„შარდში კრიმინალი არ ჩანს" - ნარკოტესტირების დამამცირებელი პროცედურები

EMC: ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულთათვის უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^