Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როდის იქნება შრომის პირობების ინსპექტირება სავალდებულო

12 იანვარი, 2017 12:06

მთავრობამ შრომის პირობების ინსპექტირების 2017 წლის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 275 ათასი ლარითაა გაზრდილი და სულ 575 ათასი ლარია. შრომის მონიტორების რაოდენობა წელსაც 25 იქნება, გაზრდილი ბიუჯეტის ნაწილი მათ პროფესიულ გაზრდასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას მოხმარდება. 

მონიტორების მუშაობის შედეგები და ზოგადად, დეპარტამენტის თითქმის ორწლიანი მუშაობა 11იანვარს, ახალმა ხელმძღვანელმა, ლევან ჟორჟოლიანმა შეაფასა. მან ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის ინპექტირება 2017 წლის ბოლომდე სავალდებულო  გახდება. ამისთვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტი მზადაა, თუმცა კონსულტაციებია გასავლელი პარტნიორ ორგანიზაციებთან, დამსაქმებელსა და დასაქმებულებთან. ამის შემდეგ კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნება, საბოლოოდ კი - პარლამენტს, განსახილველად.

იქამდე კი, ჟორჟოლიანის ინფორმაციით, 2015-16 წლებში დეპარტამენტმა სულ 300 ობიექტი შეამოწმა, მათ შორისაა: ნავთობგადამუშავების, სამშენებლო, სამედიცინო, ტურიზმის, ტექსტილის, საიუველირო, სატრანსპორტო, სამთო, მძიმე და მსუბუქი მრეწველობისა და ერთი მედიასაშუალების ობიექტი.

70 დაწესებულებაში/კომპანიაში დეპარტამენტმა რემონიტორინგი(ხელმეორედ გადამოწმება იმის გასაგებად, როგორ ასრულებს დაწესებულება დეპარტამენტის რეკომენდაციებს) ჩაატარა.

იმის გამო, რომ ეს რეკომენდაციები კონფიდენციალურია, ლევან ჟორჟოლიანმა ამ პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებზე მხოლოდ ზოგადად ისაუბრა.

სახანძრო და ელექტროუსაფრთხოების არქონა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სიმცირე, ნარჩენების გადამუშავების კუთხით არსებული პრობლემები, დასაქმების ადგილებზე მომეტებული ხმა და მტვრიანობა - ეს ის ძირითადი ხარვეზებია, რომელიც ამ 300 ობიექტზე მონიტორებმა გამოავლინეს.

„ბევრმა კომპანიამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ ჩვენი რეკომენდაციები შეესრულებინა. ციფრებით რომ ვისაუბროთ, ხელმეორედ გადამოწმებული 70 კომპანიიდან 42-ში სახანძრო სისტემა გაიმართა, 18-ში ელექტროგაყვანილობების, 17 კომპანიაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის შტატიც კი დაემატა”.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ასევე იძულებითი შრომისა და ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენა ევალება. ჟორჯოლიანის ინფორმაციით, 2016 წელს, 107 შეტყობინებიდან მხოლოდ 1 შემთხვევა გადასცეს შსს-ს გამოძიებისთვის, თუმცა აქაც არ დადასტურდა ტრეფიკინგის შემთხვევა.

პრესკონფერენციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელიაც ესწრებოდა. ჟურნალისტების შეკითხვაზე - რატომ განაგრძობს დეპარტამენტი ისევ პროგრამის პირობებში მუშაობას და კონკრეტულად, როდის იქნება ქვეყანაში ეფექტიანი შრომის ინსპექცია, რომელსაც კომპანიების ნებართვის გარეშე ექნება მათი შემოწმების ბერკეტი, კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ 2006 წლიდან 2015 წლამდე შრომის ინსპექცია გაუქმებული იყო. ამიტომ, ძალიან რთული იყო ორ წელიწადში ამ სისტემის მაქსიმალურად დახვეწა:

„მთავარია, ჩვენმა ინსპექტორებმა დაანახეს ბიზნესს, რომ ეს არაა სადამსჯელო რაზმი, პირიქით, ეს ხალხი მათ ეხმარება, რომ დასაქმების ადგილზე ხარვეზები აღმოაჩინონ. ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი სტრუქტურა. მთავარი სანქციები და კომპანიების დასჯა არაა, მთავარია, ქვეყანაში შეიქმნა ეს სტრუქტურა, დანარჩენი დროის ამბავია. კანონპროექტი მზადაა უკვე, ვფიქრობ, წლის პირველ ნახევარშიც მოესწრება მისი დამტკიცება და შრომის პიროებების მონიტორინგი ყველასთვის სავალდებულო გახდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტი არის ქვეუწყება, რომლის მუშაობა სრულიად მოჩვენებითია - ასე აფასებს „ლიბერალთან“ პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია დეპარტამენტის მუშაობის 2-წლიან პროცესს:

„ამის რამდენიმე არგუმენტი შემიძლია დავასახელო. პირველი - სტატისტიკა. მიუხედავად იმისა, რომ შსს სრულყოფილ სურათს არ გვაძლევს, 2015 წელს საწარმოო ტრავმით 42 ადამიანია დაღუპული. 2016 წლის 6 თვეში - 33. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს მონაცემები იმის შესახებ, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ან დაშავდა მაგალითად, პროფესიული დაავადებების შედეგად, სამუშაო მოვალეობის დროს ავტოკატასტროფაში. არ ვიცით დასაქმებულებზე, ვინც ტრავმა მიიღო, თუმცა მოგვიანებით დაიღუპა. ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღრიცხავს", - ამბობს ალექსანდრია და ყურადღებას ამახვილებს ასევე შრომის პირობების მონიტორების სამუშაო პირობებსა და უფლებებზე.

მისი თქმით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენცია საქართველოს ავალდებულებს, რომ შრომის მონიტორები იყვნენ საჯარო მოხელეები, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, ზემო ინსტანციებისგან დაუკითხავად დაუწესონ კომპანიებს ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები. 

„ეს ადამიანები არიან ფიზიკური, დაქირავებული პირები, რომლებიც პერიოდულად, კონტრაქტორის დავალებით ასრულებენ სამუშაოს. გარდა იმისა, რომ მონიტორები არ სარგებლობენ იმ ბენეფიტებით, რაც საჯარო მოხელეებისთვისაა განკუთვნილი, მათ აქვთ დაბალი ხელფასი იმ შრომასთან შედარებით, რაც უწევთ. აქვთ ასევე, შეურაცხმყოფელი, ვადიანი კონტრაქტები. ამიტომ, ბევრს მოტივაციაც დაკარგული აქვს. სხვა პრობლემების გარდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ პირობებში, შეუძლებელია შრომის ინსპექციის შექმნა", - ამბობს ალექსანდრია.

რაც შეეხება ტრეფიკინგის შემთხვევას. როგორც აღვნიშნეთ, დეპარტამენტმა ერთ შემთხვევაზე საქმე პროკურატურას გადასცა, თუმცა დანაშაულის კვალი არ გამოიკვეთა. 

პროფესიული კავშირების წარმომადგენელი იხსენებს, რომ ეს შემთხვევა ზვარეში რამდენიმე თვის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხება:

„ეს იყო თვალთმაქცობა, სამწუხარო ამბავი. ზვარეში მაშინ დაძაბული მდგომარეობა იყო, საზოგადოებას ემოციურ დონეზე ეგონა, რომ იქ ადგილი ჰქონდა შრომით ექსპლუატაციას. ჯანდაცვის სამინისტროს რამე უნდა გაეკეთებინა. ამიტომ საქმე პოლიციას გადასცა, რომ იქ დასაქმებულების გულისწყრომა ჩაეხშოთ. მშრომელებმა არ იცოდნენ, რომ პროკურატურა მაგას ვერ დაადასტურებდა, რადგან იურიდიულად შრომითი ექსპლუატაცია ნიშნავს, რომ დასაქმებულს შრომას იარაღის მუქარით, დასჯით, სიცოცხლის მოსპობით და ა,შ, უნდა აიძულებდნენ. საბედნიეროდ, ასეთი მდგომარეობა საქართველოში არ გვაქვს. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მაშინ შრომის უსაფრთხოების რეგულაციაბის შეუსრულებლობის გამო უნდა გადაეცა საქმე შსს-სთვის, მაშინ შედეგი მეტი იქნებოდა. მაგალითად, კომპანიისთვის რომ ეჩივლა სამშენებლო ან გვირაბგაყვანის რეგულაციების დარღვევისთვის. ჩვენ ვუჩივლეთ ზუსტად ამ ნაწილში ზვარეში, დამსაქმებელს, თუმცა მეექვსე თვე გადის და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაკითხეს", - ამბობს ალექსანდრია.

როდის განიხილავს ეკონომიკის სამინისტრო შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტს და როდის დამტკიცდება საბოლოოდ? - ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ დეპარტამენტში, თუმცა საზოგადეობას ჰპირდებიან, რომ 2017 წლის ბოლომდე, შრომის ინსპექტირება სავალდებულო და ამასთან, სანქციებზე დამყარებული იქნება. ლევან ჟორჟოლიანი კანონპროექტზე მუშაობის პროცესის დროში გაწელვას ქვეყანაში გამართულ არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ამან ცოტა შეანელა ჯანდაცვის სამინისტრო. 

განსხვავებული აზრი აქვს გოჩა ალექსანდრიას. ამბობს, რომ ესაა განზრახ გაჭიანურებული პროცესი, რომლითაც მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პრიორიტეტი ბიზნესზე მორგება და დამსაქმებლების ინტერესების გათვალისწინებაა, რაც თავისთავად არასწორი მიდგომაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

გომელაური: იყო საფრთხე, რომ მოსახლეობა მ ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის თქმით, იყო საფრთხე, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მძე ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

გომელაური: გავრცელებული ინფორმაცია, რომ ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ინფორმაცია სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახ ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

პრემიერი: ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი რეფერალურ ჰო ...
^