Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: „გაზპრომთან" ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა და არ გასაჯაროვდება

13 იანვარი, 2017 17:50

გაზის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო „გაზპრომთან" გააფორმებს, არ გაასაჯაროვებს, რადგან იგი მთლიანად კომერციული საიდუმლოება იქნება. ამის შესახებ „ლიბერალს" ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს.

თავდაპირველად „ლიბერალი" სამინისტროს დოკუმენტის მიღების მოთხოვნით დაუკავშირდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ დოკუმენტი კომერციულ საიდუმლოს შეიცავს, ამდენად საჯარო ვერ გახდება. მათ თავიდან არ აღუნიშნავთ, რომ დოკუმენტი რეესტრში ოფიციალურად ჯერ არ გატარებულა. 

„ლიბერალმა" დაშტრიხული ინფორმაცია, ანუ ის ნაწილი მოითხოვა, რომელიც კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავს, თუმცა სამინისტროს განმარტებით, „დოკუმენტი მთლიანად კომერციული საიდუმლოა". 

„მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ, ჰქონდეთ დოკუმენტზე წვდომა. რაც საზოგადოებისთვის საინტერესო იყო, იმაზე კახიმ უკვე ისაუბრა. დოკუმენტი არის კომერციული საიდუმლო. საჯარო რომ იყოს, საჯარო ნაწილს მიიღებდით", - უთხრეს „ლიბერალს" ენერგტიკის სამინისტროს პრესსამსახურში. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ" (27-ე სეკუნდა მუხლის მე-5 პუნქტი).

ლიბერალი" დაინტერესდახელშეკრულების რომელი მხარის მოთხოვნით ხდება დოკუმენტი კომერციული საიდუმლოება; ამასთანდარეგისტრირდა თუ არა შესაბამისი მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში და რა პარამეტრებით უნდა მოგვეძიებინა ის.

სამინისტროში ამბობენ, რომ კანონის აღნიშნული ჩანაწერი არა საჯარო რეესტრს, არამედ სამინისტროს რეესტრს ეხება და შესაბამისი ინფორმაციის მოსაძებნად სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესით უნდა მივმართოთ. 

„უნდა მოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია და მიიღებთ. ზეპირსიტყვიერად ამას იურისტები ვერ გეტყვიან. ოღონდ ეს არ არის საჯარო რეესტრი. ეს არის ჩვენი რეესტრი. ჩვენ გვაქვს ჩვენი აღრიცხვა და საქმის წარმოება სამინისტროს შიგნით. ეს სამინისტროს რეესტრს ეხება. ჩვენ ეს გატარებული უნდა გვქონდეს", - ამბობენ სამინისტროში.

თუკი დოკუმენტი რეესტრში ჯერ არ გატარებულა, გაუგებარია, რატომ გვთხოვა სამინისტრომ ამ ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის წესით მოთხოვნა. 

საია-ის იურისტი სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ სამინისტრო ამ შემთხვევაში დროს წელავს და პასუხის გაცემისგან თავის არიდებას ცდილობს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ლეგიტიმურია ხელშეკრულების მთლიანად კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, სალაძე ამბობს, რომ თეორიულად ამის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს.

„მაგალითად, ხელშეკრულებაში წერია, ვინ არიან მხარეები, რა პერიოდზეა გათვლილი ის. ამაზე ისედაც ხმამაღლა ლაპარაკობენ. ეს ამ ხელშეკრულების ნაწილია. როგორ შეიძლება, ეს ნაწილი საიდუმლო იყოს? თუ საიდუმლოა, ამ ნაწილებზე საჯაროდ ვერ უნდა ილაპარაკონ", - უთხრა სალაძემ „ლიბერალს".

რაც შეეხება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში არსებულ ჩანაწერს კომერციული საიდუმლოს მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის რეესტრში განთავსების შესახებ, სალაძის თქმით, საქმე არა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, არამედ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წარმოებაში არსებულ რეესტრს ეხება, სადაც შესაბამის დაწესებულებაში (ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტროში) არსებული ინფორმაცია ინახება. 

გარდა იმისა, რომ კომერციულ საიდუმლოებაზეა საუბარი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომელი ქვეყნის სამართალს იყენებენ ამ შემთხვევაში და რომელი მხარის მოთხოვნა იყო. როგორც ვიცი, ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული და მხარეებს შორის მხოლოდ შეთანხმებაა მიღწეული. აქ ასევე მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელობენ თუ არა ჩვენი კანონმდებლობით, რომელშიც წერია, როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა. მნიშვნელოვანია, რომ ეს სტანდარტი იყოს დაცული", - ამბობს სალაძე. 

ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, რომ „გაზპრომთან" მოლაპარაკება ჯერჯერობით შეთანხმების დონეზეა და მისი ხელმოწერა უახლოეს მომავალში იგეგმება.

„ეს ჯერჯერობით შეთანხმების დონეზეა. ჩვენმა მთავრობამ მოიწონა და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმოწერის უფლება მისცა. ხელი ორივე მხარემ უნდა მოაწეროს, ქართულმაც და რუსულმაც. რეესტრში გატარებული ჯერჯერობით ის არ არის, მაგრამ ცოტა ხანში იქნება, რა თქმა უნდა", - ამბობენ ენერგეტიკის სამინისტროში.

თუ დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის, უცნობია, რატომ ურჩიეს „ლიბერალს" დოკუმენტის კომერციულ საიდუმლოდ ცნობის მოთხოვნის შესახებ დეტალების საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვა. 

როგორც 11 იანვარს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა, საქართველო „გაზპრომთან“ 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. თუკი წლების განმავლობაში საქართველო-სომხეთში ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ გაზის 10%-ს იღებდა, ახალი ხელშეკრულებით ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^