Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონება დაუბრუნდება

16 იანვარი, 2017 16:16

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდებათ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წელს მოქალაქე გურამ ჩიქოვანმა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების გზით, შეიძინა სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კანონიერად დაირეგისტრირა სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლებიც მოგვიანებით თავის ახლობლებს ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადაუფორმა. 

გამოძიების თანახმად, ეს ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ამის გამო, ხელვაჩაურის გამგეობამ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მიმნიჭებელი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად ცნო და ამ მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. თუმცა, სასამართლომ გამგეობის აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის გამგეობას დაზარალებულებისთვის ქონების ჩამორთმევის ყველა გზა ამოეწურა, 2010 წლის აგვისტოში, გურამ ჩიქოვანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამართალდამცავებისგან შეექმნებოდა პრობლემები.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ დაზარალებულმა გურამ ჩიქოვანმა პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა მიწის ნაკვეთების დათმობის შესახებ მესაკუთრეებს - ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადასცა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ქონება სახელმწიფოს სახელზე გადაეფორმებინათ. 

კიდევ ერთი დაზარალებული  აკაკი მოისწრაფიშვილია. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებდა გამოძიებას აკაკი მოისწრაფიშვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე, რისთვისაც მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა. 

„2010 წლის ივლისში თბილისის მთავარი სამმართველოს ცალკეულმა თანამდებობის პირებმა, ბრალდებულ აკაკი მოისწრაფიშვილის მამას ჯანგულ მოისწრაფიშვილს შვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდინეს 22 150 აშშ დოლარად ღირებული „ჰიუნდაი ტუქსონის” მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩუქების გზით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. მხოლოდ ამის შემდეგ აკაკი მოისწრაფიშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე“.

მესამე საქმე ანრი გოგიტიძეს ეხება, რომელიც 2010 წლის 20 ოქტომბერს საბაჟო წესების დარღვევით საქონლის გადაადგილებისთვის დამნაშავედ ცნეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული საქმის სააპელაციო წესით განხილვის დაწყებისას, ანრი გოგიტიძის ოჯახს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შეუთვალეს, რომ თუ ანრი გოგიტიძეს სურდა საპატიმროს დატოვება, მას უნდა გადაეხადა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა 500 000 ლარი და საგამოძიებო სამსახურისთვის შეეძინა და საჩუქრად გადაეცა საცხოვრებელი ბინა. 

უწყების ინფორამციით, ანრი გოგიტიძის ოჯახი იძულებული გახდა დათანხმებოდა აღნიშნულ პირობას, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გარდა, 2011 წლის მაისში შეიძინეს ქ.ბათუმში ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჩუქების წესით გადააფორმეს სახელმწიფოს სახელზე, რის შემდეგაც ანრი გოგიტიძემ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

„ჩვენ მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: ფრიდონ ქიქავას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ლიანა ინწკირველს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე ჯანგულ მოისწრაფიშვილს ა/მანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონი“ და მოქალაქე ანრი გოგიტიძეს ქ.ბათუმში მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა. ხსენებული დაბრუნებული ქონების ღირებულება 1 000 000 ლარს აღემატება“.

რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, პროკურატურის ინფორმაციით,  გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, უწყება იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე. 

პქოკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 50 ფაქტი, მხილებულია 34 საჯარო მოხელე, დაზარალებულად ცნობილია 91 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 20 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^