Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დედებისთვის, ვინც აბორტი გაიკეთა, ეკლესიის ასაშენებლად საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი გადაეცემა

03 თებერვალი, 2017 19:31

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოს თბილისში, ხუდადოვის ქუჩის მიმდებარედ არსებული 2643 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც ეკლესია უნდა აშენდეს იმ ქალების, „დედების თხოვნით, რომლებსაც აბორტი აქვთ გაკეთებული". 

მიწის გადაცემის შესახებ შესაბამის წინადადებას მხარი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს, თუმცა სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

12 დეკემბერს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო რომ  ექიმ-გინეკოლოგებმა და ის ქალებმა, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს, „თავისი სინანულის გამოსახატად, სურვილი გამოთქვეს, რომ ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე".

საპატრიარქოს განცხადებით, ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა. მათ მიერ გავრცელებული განცხადებით, ეკლესია ხუდადოვის ტყის მიმდებარედ აიგება.

„ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე", - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოში ამ საკითხს ხმაური მოჰყვა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ საკრებულოს ყოველ სხდომაზე განიხილება საპატრიარქოსთვის მიწის გადაცემის საკითხი და ის ყოველთვის დადებითი დასკვნით სრულდება. მან წარმოადგინა მონაცემები, თუ რა რაოდენობით მიწის ნაკვეთი გადასცა სხვადასხვა მინიციპალიტეტმა უსასყიდლოდ საპატრიარქოს. უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, რიმა ბერიძის შეფასებით, ხელისუფლებას მხოლოდ მადლობა ეთქმის ამ გადაწყვეტილებებისთვის.

„აღნიშნული საკითხი განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რასაც ესწრებოდა კომისიის წევრთა თითქმის 90%. მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ხათუნას, იმ ინფორმაციის შესახებ, თუ რამდენი მიწის ნაკვეთი გადაეცა ეკლესიას ამ წლების განმავლობაში, რომ ასეთი ხელშეწყობა ხდება მართლმადიდებლური ეკლესიის და, რა თქმა უნდა, ხალხის ხარჯზე, რადგან ეკლესია ჩვენს ხალხს ემსახურება, ჩვენი შვილებისა და  ჩვენი სულიერებისთვის. იქ უნდა აშენდეს ეკლესია, რადგან იქ უვლიან უპატრონო და მიტოვებულ ბავშვებს“ - განაცხადა რიმა ბერიძემ. 

მერიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ადგილზე უკვე არსებობს სამი მონასტერი, რომლებიც წლებია მოქმედებს. ეკლესიისთვის კი მიწის ნაკვეთს ახლა გადასცემენ საკუთრებაში. ეს არ არის მხოლოდ საპატრიარქოს მომართვა, არამედ იმ დედებისაც „რომლებსაც აბორტი აქვთ გაკეთებული და თავიანთი სინანულის გამოსახატად სურთ ეკლესიის მშენებლობა".

ხათუნა სამნიძის თქმით, იმ დროს, როცა უამრავი პრობლემა და მძიმე სოციალური ფონია, საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიწის ნაკვეთები და გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდება. 

„ასეთი აგრესია და რეაქცია სხვა საკითხებს იშვიათად მოსდევს, თუმცა მოსდევს, როცა საქმე ეხება საპატრიარქოსთვის მიწის გადაცემის საკითხს. მე დღეს წარმოვადგინე EMC-ის კვლევის მონაკვეთი, სადაც საუბარია რომ წლიდან წლამდე იზრდება, როგორც თანხის გადაცემა საპატრიარქოსთვის, ისევე მიწის გაცემა მუნიციპალიტეტებიდან. თბილისის საკრებულოს სტატისტიკა რომ ავიღოთ 2015-2016 წლებში, თითქმის 14000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცათ უსასყიდლოდ. ეს იმ ფონზე, როდესაც უამრავი პრობლემა და მძიმე სოციალური ფონია, როგორც რეგიონებში, ისე თბილისში.  ავარიული სახლების მდგომარეობის გამო, ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება. ამასთან, დაზარალებულის კომპენსაციის საკითხებთან დაკავშირებით მერია სრულიად იცილებს პასუხისმგებლობას.

ამ ფონზე საკრებულოს წევრებს საერთოდ კითხვის დასმის საშუალებასაც არ გვაძლევენ, რადგან ეს სენსიტიური საკითხია.  მაგრამ, ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ გვაქვს საქმე სახელმწიფო ქონებასა და მუნიციპალურ საკუთრებასთან, კითხვის დასმის საშუალებას უნდა გვაძლევდნენ.

მათგან პასუხი კითხვებზე არის ასეთი: იმიტომ უნდა არსებობდეს ეკლესია, რომ ჩემნაირები დასაჯოს და ეს ისეთი საკითხებია, რომ კითხვის დასმის უფლება არ გავქვს.  წესით, წყნარად, მშვიდად კონსტიტუციის ფარგლებში უნდა განიხილავდნენ  ამ საკითხებს, მათგან კი ისმის სრულიად ირაციონალური, აგრესიული, არაპროფესიული რეპლიკები ჩვენს მიმართ“. - განაცხადა ჟურნალისტებთან ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^