Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გულისხმობს "საზმაუს" მენეჯმენტის მიერ დღეს წარმოდგენილი გადაცემების შეფასების სისტემა

17 თებერვალი, 2017 13:29

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა გუნდმა დღეს გადაცემის შეფასების პროექტი წარმოადგინა, რომელიც  პასუხია გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიერ წარმოდგენილ ხედვაზე.

გუშინ სამეურვეო საბჭომ წარმოადგინა ხედვა მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ჩარჩო-კრიტერიუმების თაობაზე. დოკუმენტში ჩარჩო-კრიტერიუმი წარმოდგენილია ოთხკუთხედის სახით და, შესაბამისად, ოთხი პარამეტრით:
1. ხარისხი
2. წვდომა და წილი
3. ზეგავლენა
4. ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით.

სამეურვეო საბჭომ, კრიტერიუმების წარდგენასთან ერთად, აღმასრულებელ საბჭოს სთხოვა, დაადგინოს ფორმულა, რომელიც ორიენტირებული იქნება ოთხკუთხედის ფართობის მუდმივ ზრდაზე, ესე იგი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუდმივ განვითარებაზე. აგრეთვე, სამეურვეო საბჭომ სთხოვა აღმასრულებელ საბჭოს, “კრიტერიუმების ფარგლებში შეიმუშაოს ცალკეული გადაცემების შეფასების სისტემა”. 

"აღმასრულებელი საბჭო მიიჩნევს, რომ მაუწყებლის საქმიანობის შეფასების ოთხივე პარამეტრი მისაღებია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ხარისხის, ზეგავლენისა და დანახარჯებთან მიმართებით ფასეულობის პარამეტრების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ძვირად ღირებული კვლევებით. 

ამავე დროს, უკვე გამოცხადებული გვაქვს ჩვენი მთავარი (და წარმოდგენილ ოთხ პარამეტრს შორის, ყველაზე მძიმე) ვალდებულება, რომ 2019 წლის ბოლომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის წილმა მედიაბაზარზე უნდა შეადგინოს მინიმუმ 15%. დანარჩენი სამი პარამეტრი - ხარისხი, ზეგავლენა და ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით - გააკონტროლებს სწორედ ამ 15%-იანი რეიტინგის შესაბამისობას საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან და სამეურვეო საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ პრიორიტეტებთან.

რაც შეეხება მოკლევადიან განვითარებას, მის პარამეტრებად საზოგადოებრივ მაუწყებელს ამჟამად შეუძლია აიღოს მხოლოდ ორი საზომი - საკუთარი წილი მედიაბაზარზე (რეიტინგი) და, ნაწილობრივ, ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით, რადგან სხვა საზომები (ხარისხისა და ზეგავლენის კვლევა), არა მხოლოდ არ არსებობს, არამედ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა სიმცირის გამო, ამ ეტაპზე არარელევანტურია. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ე.წ. „ნულოვანი ვარიანტი“ - მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის შეჩერება და 15 მილიონი ლარის გამოთავისუფლება პირველი რიგის ამოცანების გადასაწყვეტად - მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია რეფორმის მიმართულებით გადადგმულ „გრძელ“ ნაბიჯად, რომელიც თავიდანვე გამორიცხავდა სუბიექტურ გადაწყვეტილებებს გადაცემების შეჩერებასთან დაკავშირებით. 

სამეურვეო საბჭოს მიერ შემოთავაზებული კრიტერიუმები საშუალებას გვაძლევს, გადავდგათ შედარებით „მოკლე“ ნაბიჯი, რომლის უპირატესობაა კონსენსუსით და მყარ ინდიკატორზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება გადაცემების ნაწილის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ეს გზა - გადაცემების ნაწილის შენარჩუნება - არ გვიშლის ხელს ჩვენი მთავარი მიზნების მიღწევაში: კრიზისიდან გამოსვლა, კონკურენცია მედიაბაზარზე, შიდა კონკურენცია, ახალი შენობა, გადაიარაღება და ტექნოლოგიური განახლება, არქივის გაციფრება. 

სამეურვეო საბჭოს მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით სპეციალისტების მიერ შემუშავებული შეფასების სისტემა გვაძლევს საფუძველს, წარმოვადგინოთ ობიექტური (ციფრობრივ მონაცემთა ანალიზიზე დაფუძნებული) სურათი და დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე არსებული გადაცემები დავყოთ სამ ჯგუფად:
1.    გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია).
2.    გადაცემები, რომლებიც მაუწყებელს უნარჩუნებს არსებულ სტატუს კვოს (მათი რეიტინგი ემთხვევა არხის საშუალო რეიტინგს).
3.    გადაცემები, რომლებიც იწვევს მაყურებლის მიგრაციას სხვა არხებზე (მათი  რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია). 

ჩვენ მიერ წარმოდგენილი სურათის საფუძველზე და ჩვენი ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი ხედვა გულისხმობს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების დატოვებას ეთერში, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას. ეს პრინციპი იმუშვავებს მუდმივად და საფუძვლად დაედება ჯანსაღ კონკურენციას გადაცემებს შორის. 

ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ჩვენ დავეყრდნობით სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და თავიდან ავიცილებთ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს; მეორე მხრივ, შევასრულებთ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს; მესამე მხრივ, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რაც აუცილებელია რეფორმის განსახორციელებლად: ახალი შენობის მომზადება, ტექნიკური გადაიარაღება და მოდერნიზაცია, რეგიონული ოფისების მოწყობა, ნიუსრუმის ახალი კონცეფციის დანერგვა. 

იმედი გვაქვს, რომ სამეურვეო საბჭოსა და აღმასრულებელი საბჭოს ერთობლივი საქმიანობა, კონსენსუსის გზით რთული საკითხების გადაწყვეტა საფუძვლად დაედება საზოგადოებრივი მაუწყებლის შეუქცევადი განვითარების პროცესს. 

შეფასების სისტემაზე, რომელიც, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ფორმულაა, იმუშავეს სპეციალისტებმა - სტატისტიკოსმა ვანო კეჭაყმაძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მარკეტინგის დეპარტამენტის კვლევისა და ანალიტიკის სამსახურმა.  

შეფასების სისტემა

არსებულმა სურათმა გვაჩვენა, რომ  თითოეული გადაცემის პოტენციალი განისაზღვრება, მხოლოდ პირველი არხის მაყურებლებით. აქედან გამომდინარე შესაძლოა შემოვიტანოთ  შემდეგი მიდგომა. 

გადაცემების საშუალო რეიტინგი, წარმოადგენს არხის ყურების რეიტინგს, რომელსაც გააჩნია ნორმალური განაწილება, შემდეგი პარამეტრებით: x ̅=1/n ∑_(i=1)^n▒x_i -საშუალო ;    ∆=S_x/√n - ცდომილება;  S_x=1/(n-1) ∑_(i=1)^n▒(x-x ̅_i )   - სტანდარტული გადახრა

ორი სიგმას კანონის (ცენტრალური ზღვრული თეორემა) თანახმად, ალბათობა იმისა, რომ გადაცემამ მიიღოს  x_i>x ̅+∆*1.96  რეიტინგი არის 5%-ზე ნაკლები, თუ ამ გადაცემის აუდიტორია არის არხზე მიბმული. ანუ, იმ გადაცემების რეიტინგი, რომლის მნიშნელობა  აღემატება x_i>x ̅+∆*1.96, ცალსახად არ არის არხზე მიბმული, ისინი მაღლა სწევენ არხის რეიტინგს.

ორი სიგმას კანონის (ცენტრალური ზღვრული თეორემა) თანახმად, ალბათობა იმისა, რომ გადაცემამ მიიღოს x_i[x ̅+∆*1.96;x ̅+∆*1.96]  ;  ამ რეიტინგის ინტერვალში მოთავსებული გადაცემები, ასახავენ არხის საშუალო რეიტინგს, ანუ ისინი არც ზრდიან და არც ამცირებენ არხის რეიტინგს, _ "ნათქვამია აღმასრულებელი საბჭოს ახალ გეგმაში. 

წარმოდგენილი შეფასების სისტემაზე დაყრდნობით, მენეჯმენტი გადაცემების ჩამონათვალს აქვეყნებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^