Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მანანა რატიანი: სქემის აქტივობების შესაფასებელი კრიტერიუმები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

17 თებერვალი, 2017 19:16

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებულ სქემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, თუკი პედაგოგმა პროფესიული და საგნობრივი გამოცდების ჩაბარებით ვერ დააგროვა საკმარისი კრედიტქულები (19 კრედიტი), მას შეუძლია ისინი სხვა აქტივობების მეშვეობით შეავსოს.

სქემაში აღნიშნული აქტივობები ოთხ ბლოკადაა დაყოფილი,- საპროექტო სწავლება, სოციალური მუშაობა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეებთან მუშაობა, კონკურსისთვის მზადება/საკლუბო მუშაობა.

სქემის იმპელემენტაციისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, დადგინდეს ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც აღნიშნული აქტივობები შეფასდება. ანუ კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც შეფასდება, თუ რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის საქმიანობა, რომ მან ამ აქტივობისთვის კრედიტქულა მიიღოს.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა მანანა რატიანმა „ლიბერალს“ უთხრა, კონკრეტული აქტივობების შეფასების კრიტერიუმების შემუშავების პროცესი მასწავლებლის სახლმა უკვე დაასრულა, დოკუმენტი რამდენიმე სკოლაშია გადაგზავნილი, საიდანაც საბოლოო კომენტარებს ელოდებიან. მათი გათვალისწინებით, კრიტერიუმებს საბოლოო სახე მიეცემა. მანანა რატიანის თქმით, პროცესი მომდევნო კვირაში უნდა დასრულდეს და შესაბამისი ბრძანებაც გამოქვეყნდეს.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ აქტივობების ჩამონათვალი ტიპობრივად გავაერთიანეთ, იმ მიზნით, რომ მასწავლებლებს უფრო გაუადვილდეთ მათი გაგება. მაგალითად, სოციალური და სასწავლო პროექტები ერთგვაროვანი კრიტერიუმებით იქნება წარმოდგენილი. ასევე დადგენილია, თუ რა საბუთები/მასალები უნდა წარუდგინონ მასწავლებლებმა შეფასების ჯგუფებს, რომ ეს აქტივობები ჩაეთვალოთ. აქაც ვეცადეთ, რომ ბიუროკრატიის თავიდან არიდების მიზნით, მინიმუმამდე დაგვეყვანა წარსადგენი დოკუმენტაცია. ჩვენ ვმუშაობთ ვიდეოინსტრუქციების ჩაწერაზეც, რაც კიდევ უფრო დაეხმარებათ მასწავლებლებს, უკეთ გაიაზრონ, თუ რა მოთხოვნებს უყენებს მათ კონკრეტული კრიტერიუმი. თუ სქემაში ჩანდა მხოლოდ აქტივობების ჩამონათვალი, რეალურად ეს კრიტერიუმები უჩვენებს იმას, თვისებრივად რა ტიპის საქმიანობებს ველით მასწავლებლებისგან“,- განმარტა მანანა რატიანმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კრიტერიუმები და ვიდეოინსტრუქციები გამოქვეყნდება, შეფასების ჯგუფებს მათ გასაცნობად გარკვეული ვადა მიეცემათ, რის შემდეგაც სკოლებში კონსულტაციები დაიწყება.

გარდა აქტივობების შესაფასებლად კონკრეტული კრიტერიუმების შედგენისა, განახლებული სქემის იმპლემენტაციისათვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო დაკვირვების წესის შემუშავება და გარე დაკვირვება.

მანანა რატიანის თქმით, ამ მიმართულებითაც სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

„უფრო კონკრეტულად კი, ის რუბრიკა, რომელიც საგაკვეთილო დაკვირვებისთვის იყო შემუშავებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, ჩვენ ვთხოვეთ სკოლებს, კიდევ ერთხელ, ყველა საგნობრივ ჯგუფს გამოეცადათ, თუ როგორ იმუშავებდა პირისპირ დაკვირვების დროს. შეგროვდა ინფორმაცია სკოლებიდან და მომზადდა რეკომენდაციებიც.“

რაც შეეხება გარე დაკვირვების წესს, მანანა რატიანის განმარტებით, ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი გრძელდება. მისი განმარტებით, გარე დაკვირვების გასავლელად მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდება. რეგისტრაციის დროს კი ყველა მასწავლებლისთვის თანაბარი პირობები იქნება უზრუნველყოფილი.

მისი განმარტებით, გარე დაკვირვებისათვის მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს ათამდე გაკვეთილის თემატური გეგმა. მასწავლებელს წინასწარვე ეცოდინება, როდის დაესწრება დამკვირვებელი.

„ეს იქნება ქართულის, თუ სხვა საგნის მასწავლებელი, კვირაში 2 საათი დატვირთვით მუშაობს, თუ 5 საათით, ამის გამო მას არ გაეზრდება დატვირთვა, ანუ ის მასწავლებელი, რომელიც კვირაში 5 საათს ასწავლიან, მათ მეტი გაკვეთილის თემატური გეგმა არ ექნებათ წარმოსადგენი. საშუალოდ, ყველა მასწავლებელი ათამდე გაკვეთილის გეგმას წარმოადგენს. სულ იქნება ორი გარედამკვირვებელი, ერთი - ცენტრის მიერ დაქირავებული დამკვირვებელი, რომელიც გადამზადდება, შესაბამისად, და ასევე სხვა სკოლის წარმომადგენელი.“

მანანა რატიანი ამბობს, რომ, როგორც კი გარე დაკვირვების წესი დამტკიცდება, აქტიურად მიეწოდება სკოლებს სრული ინფორმაცია. მასწავლებლის გადასაწყვეტი იქნება, წელსვე ჩაერთოს თუ არა პროცესში.

მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ გარე დაკვირვება სკოლებში აპრილიდან დაიწყოს, იქამდე კი რეგისტრაცია გამოცხადდება, თუმცა მანანა რატიანი ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყ ...

„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფრო ...
23 მაისი
23 მაისი

ინიციატივა საჯარო სივრცისთვის: „მზიურის" ...

„ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" აცხადებს, რომ „მზიურის" ტერიტორიას განაშენიანების მორიგი საფრთხე ე ...
23 მაისი
23 მაისი

მსახიობი როჯერ მური 89 წლის ასაკში გარდა ...

მსახიობი როჯერ მური, რომელიც ჯეიმს ბონდის როლის შესრულებით გახდა ცნობილი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. როჯერ მუ ...
^