Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ცვლის რკინიგზაში დასაქმებულებისთვის ახალი შინაგანაწესი

21 თებერვალი, 2017 16:09

6 თებერვალს, "საქართველოს რკინიგზამ" შრომის ახალი შინაგანაწესი მიიღო, რომელიც შრომითი ხელშეკრულების არსებითი შემადგენელი ნაწილია. კომპანიის განმარტებით, ამ დოკუმენტის დამტკიცების მიზანი შრომითი ურთიერთობების კიდევ უფრო მოწესრიგება და დახვეწაა.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამასთან დაკავშირებით რკინიგზის ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებს და აცხადებენ, რომ პირველი - "საქართველოს რკინიგზამ" აღნიშნული დოკუმენტი, დასაქმებულთა წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე შეიმუშავა, არ გაითვალისწინა პროფკავშირების მოსაზრებები, და მეორე - ახალი შინაგანაწესი დასაქმებულების შრომით ურთიერთობებსა და უფლებებს აუარესებს.  

თამარ სურმავა, პროფკავშირების იურიდიული დეპარტამენტის იურისტია. ამბობს, რომ შინაგანაწესის რამდენიმე მუხლი ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს და დასაქმებულებისთვის შრომითი უფლებების კუთხით მომავალში ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს, რაც დამსაქმებელმა შესაძლოა დასაქმებულების წინააღმდეგ გამოიყენოს.

მაგალითად, შრომის ახალი შინაგანაწესის 18-ე მუხლი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებსა და მისი გამოყენების წესებს ეხება. ამ მუხლის მიხედვით, დამსაქმებელს შეუძლია, დისციპლინური დარღვევის დროს, დასაქმებული დროებით გადაიყვანოს დაბალანაზღაურებად ან დაბალ თანამდებობაზე.

თამარ სურმავა ამბობს, რომ ამ მუხლით დამსაქმებელს საშუალება ეძლევა, დასაქმებულს საკუთარი შეხედულებისამებს დააკისროს ჯარიმა, გადაიყვანოს სხვა თანამდებობაზე და შეუმციროს ხელფასი, როგორც დროებითი, ასევე განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, მუხლით არაა გათვალისწინებული, რა სახის დარღვევებზე რა სახის პასუხისმგებლობის ზომები შეიძლება იყოს გამოყენებული.

"მაგალითად, თუ სამსახურში დავაგვიანე, დამსაქმებელს უფლება აქვს, მემანქანის თანამდებობიდან გაცილებით დაბალანაზღაურებად სამუშაოზე გადამიყვანოს და ხელფასი განუსაზღვრელი ვადით დამაკლოს. სრულიად კანონსაწინააღმდეგოა, როცა შინაგანაწესით, დასაქმებულმა ისიც არ იცის, რა სახის დარღვევაზე, რა სახის სანქციები შეიძლება შეეხოს", - ამბობს სურმავა.

იურისტისთვის ასევე მიუღებელია მუხლი, რომელიც კონფიდენციალობას ეხება. ამ წესის მიხედვით, დასაქმებულს უფლება არ აქვს კომპანიასთან წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მის შრომით ურთიერთობებს შეიძლება ეხებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსაქმებელი მის წინააღმდეგ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება შეუძლია.

"ეს რეგულაცია დასაქმებულს პრაქტიკულად უკრძალავს სამსახურთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის საკითხზე საუბარს. მან მესამე პირთან უკმაყოფილება რომ გამოთქვას, მაგალითად შრომით პირობების გამო, მის წინააღმდეგ შეიძლება სადამსჯელო ზომა გამოიყენონ. ამიტომ, ეს მუხლი პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას", - განმარტავს სურმავა.

მესამე საკითხი, რომელიც პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას ეხება, იურისტის თქმით, პირდაპირ ეწინააღმდეგება პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ საქართველოს კანონს. შინა განაწესის(მუხლი 20.2) მითითებული რეგულაციით დამსაქმებელს უფლება ეძლევა, გამოითხოვოს, მიიღოს, დაამუშაოს და გასცეს დასაქმებულის პერსონალური მონაცემების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია.

„გარდა ამისა, რამდენიმე რეგულაციის შინაარსი სრულიად გაუგებარია, რაც კომპანიას უტოვებს ბერკეტს, დასაქმებულის უფლებები თავისი სურვილისამებს შეზღუდოს".

პროფკავშირებმა „საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციას, შრომის შინაგანაწესთან დაკავშირებით შემუშავებული შენიშვნები უკვე გადაუგზავნა.

ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე „ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ კომპანია ვალდებული იყო, შინაგანაწესი მათთან ერთად განეხილა, მის შინაარსზე სოციალურ პარტნიორებთან ერთად ემსჯელათ. დოკუმენტში არ უნდა ასახულიყო მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესები:

„ეს პროცესი რომ გაცილებით ჯანსაღი ყოფილიყო, ჩვენ ახლა, უკვე დამტკიცებულ შინაგანაწესზე არ მოგვიწევდა შენიშვნების გაკეთება. ამ დოკუმენტით კომპანია არღვევს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს, მომავალში დაარღვევს დასაქმებულთა შრომით უფლებებს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვცდილობთ, ეს მდგომარეობა გამოსწორდეს, შენიშვნებს ვაძლევთ ადმინისტრაციას, დაველოდებით პასუხს".

ვიტალი გიორგაძის განმარტებით, თუ კომპანია მათ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, დაიწყება შრომითი დავა, რომელიც მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

„საქართველოს რკინიგზასა" და  ახალ პროფესიულ კავშირებს შორის დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 1 იანვარს გაუვიდა, შესაბამისად საქართველოს რკინიგზას სრული უფლება ჰქონდა მიეღო განახლებული შრომის შინაგანაწესი (რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა და მასში პროფკავშირთა არგუმენტირებული შენიშვნებიც იქნა ასახული)", - პასუხობენ კომპანიაში პროფკავშირების მოსაზრებას, რომ „საქართველოს რკინიგზას" შინა განაწესი, დასაქმებულთა წარმომადგენლებთან ერთად უნდა შეემუშავებინათ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  ახალი შრომის შინაგანაწესის მიღების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით შრომითი ურთიერთობების კიდევ უფრო მოწესრიგება და დახვეწა.

„ყველა მუხლის მხრივ, კომპანია მოქმედებს საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. რკინიგზა შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ითვალისწინებს პროფკავშირთა  დასაბუთებულ  შენიშვნებსა და წინადადებებს და ყოველმხრივ  უწყობს ხელს მათ მიზნების განხორციელებაში. შრომითი დავის დაწყება მათთვის კანონით მინიჭებული უფლებაა, თუმცა  მიგვაჩნია რომ არ არსებობს შრომითი დავის დაწყების საფუძველი", - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^