Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა

23 თებერვალი, 2017 14:42

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვების საკითხზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ მაია რჩეულიშვილის მიმართ პატიმრობაშის ძალაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მაია რჩეულიშვილის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა. მოსამართლეს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონკრეტული ფაქტები ან გარემოებები არ განუხილავს და არსებული საფრთხეების რელევანტურობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოსამართლემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ის მიზნები და  დასაბუთება, რაც თავის დროზე გახდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ახლაც ძალაში იყო და არ არსებობდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა.

ასეთი შეფასების საფუძველს გვაძლევს სასამართლო სხდომა, რომელიც გაიმართა 2017 წლის 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროკურორის განმარტებით, პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო  სხვა აღკვეთის ღონისძიებით. აღნიშნულის დასასაბუთებლად ბრალდების მხარემ მიუთითა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აღკვეთის ღონისძიების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორების თავიდან აცილება და ბრალდებულის იმგვარი ქცევა, რაც არ დააბრკოლებს და ხელს არ შეუშლის გამოძიების სრულყოფილად და ეფექტიანად წარმართვას. პატიმრობის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს არამართლზომიერი მიზნით და აუცილებლობაზე ხანგრძლივი ვადით.

ამგვარადაღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას მოსამართლე მსჯელობს  არა პირის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხზე, არამედ  იმაზე, რამდენად აუცილებელია გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაგრძელება და  რატომ ვერ უზრუნველყოფს იმავე მიზნების შესრულებას სხვა ნაკლებად მკაცრი  ღონისძიება.

საქართველოს კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადგენს, რომ განგრძობადი პატიმრობა, როგორც ადამიანის უფლებებში ყველაზე მძიმე და ინტენსიური ჩარევა, გაგრძელებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, მაშინ, როცა სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება ადეკვატური კანონიერი მიზნის მისაღწევად. 

ამასთან, ხელისუფლებამ დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიყვანოს პატიმრობის ნებისმიერი პერიოდისათვის. შესაბამისად, პატიმრობის გაგრძელების სასარგებლოდ მეტყველი არგუმენტები ზოგადი და განყენებული  არ უნდა იყოს და ის უნდა შეიცავდეს  კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, რომელიც ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას.

მოცემულ შემთხვევაში, ზემოთხსენებული სტანდარტებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტები, რომელიც რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვებას გაამართლებდა. კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის ნაწილში, პროკურორმა ყურადღება გაამახვილა მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ჩადენილ შესაძლო კანონდარღვევაზე, რასაც ეფუძნებოდა მის მიმართ წარდგენილი ახალი ბრალდება. თუმცა, იმ საქმის წარმოების განმავლობაში, სადაც რჩეულიშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული, არ ჰქონია ადგილი ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევას. ამასთან, დანაშაულის ჩადენის საფრთხის შეფასებისას უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობს პირის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რეალური შესაძლებლობები. აგრეთვე, დაუსაბუთებელი იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია სასამართლოში. ხოლო, დაცვის მხარის მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედება არ არის ლოგიკური და რელევანტური. ნაკლებად არის გასაზიარებელი მიმალვის საფრთხეც, ვინაიდან, ადვოკატის განმარტებით, რჩეულიშვილს საზღვრის გადაკვეთა რამდენიმე წლის წინ  უფიქსირდება. ამავდროულად, მიმალვის საფრთხის განეიტრალება შეიძლება მოხდეს სხვა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებით (მაგალითად, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა).

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა ეს არგუმენტები წარმოადგინა, სასამართლოს ევალებოდა თითოეული ამ მოსაზრების რელევანტურობაზე ემსჯელა, რაც არ მომხდარა. სასამართლო პატიმრობის გადასინჯვისას ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება და გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს უნდა იყოს ჯეროვანი და დასაბუთებული და არა სტერეოტიპულად ფორმულირებული. ამავდროულად, გაჭიანურებულმა პატიმრობამ შეიძლება შელახოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შეაფასა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით,  მიუხედავად ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პირობებშიც შესაძლებელი იყო სათანადო მკურნალობის განხორციელება და ამის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გამხდარიყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიას მიაჩნიარომ, მოცემულ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელების დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“,- ნათქვამია საიას განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^