Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორი იქნება სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რეკონსტრუქციის შემდეგ

14 მარტი, 2017 14:58

სანკტ-პეტერბურგის #6 ნომერში საცხოვრებელ სახლზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ საკითხზე არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია „ლიბერალს“ ესაუბრა.

„პროექტი დამტკიცებულია თუ არა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ სამუშაოები ძალიან უხეშად ტარდება - მორღვეულია ეზოსპირა აივნების ნაწილი, მოტეხილია ჭვირული მოაჯირის მთელი ფრაგმენტები. გარდა ამისა, ეზოსკენ ძალიან დიდი მილია ჩამოშვებული, სადაც იყრება სამშენებლო ნაგავი, კარნიზებისა და სხვა ნალესი ფორმების ნამტვრევები.  უხეშად, ვანდალურად, ჩაქუჩით ანგრევენ ფრონტონს. ეს შენობა ძეგლია, მას აქვს სტატუსი, ის არის სანკტ-პეტერბურგის ქუჩის ნაწილი და განუყოფელია მისგან. ასეთი მოპყრობა მის მიმართ დაუშვებელია. სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით არის გამორჩეული და თითოეული სახლის როლი მთლიანობის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა მაია მანიამ.

როგორც აღმოჩნდა, სანკტ-პეტერბურგის #6-ში მიმდინარე სამუშაოებზე ყველა ნებართვა გაცემულია. 

„მიეცეს დადებითი შეფასება ქ. თბილისში, სანკტ-პეტერბურგის ქ. N6-ში (ძეგლი) არსებული შენობის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს“ - ნათქვამია თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

შენობის მფლობელს საპროექტო შენობაში რეკონსტრუქციის  შემდეგ  სასტუმროს განთავსება სურს.

„2014 წელს აღნიშნულ შენობის რეკონსტრუქციაზე შედგა ესკიზური პროექტი და წარდგენილი იქნა შესათანხმებლად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ურბანული სექციის სხდომაზე, ესკიზურ პროექტს მიეცა დადებითი შეფასება.

დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია-გამაგრება. რეკონსტრუქციის შემდეგ სარდაფში  მარცხენა ფლიგელში განთავსდება სამზარეულო, დამხმარე სათავსები პერსონალისათვის, საუნა გასახდელებით და დამხმარე სათავსებით. პირველ სართულზე ცენტრში  განთავსდება რეცეფცია. მარცხენა ფლიგელში რესტორანი, მარჯვენაში საკონფერენციო დარბაზი. შიდა ეზო კეთილმოეწყობა. ფლიგელების ბოლოში მრგვალი ხის კიბეები შენარჩუნდება თავდაპირველი ფუნქციით.  2-3 სართულზე  განთავსდება სასტუმროს ნომრები, ერთი ნომერი გათვალისწინებულია შშმ პირთათვის. შენარჩუნდება ორივე ხის კიბე, შიდა ეზოში ჩასასვლელად. 4-5 სართული განვითარდება ტერასულად“.

 შენობის პროექტი რენდერებზე

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უცვლელად მოხდება ფასადის რესტავრაცია,  მეტალოპლასტიკის ყველა ფანჯარა და კარი შეიცვლება ავთენტური ანალოგით. შიდა ეზოს მხრიდან ფასადს ჩაუტარდება რესტავრაცია.  შიდა ეზოში რესტავრატორთან შეთანხმებით დაიშლება ლითონის ნაკეთობებისაგან დამზადებული ელემენტები და მოიხსნება გვიანი პერიოდის ამოშენებები რომელიც, ყოფილი მოსახლეებს მიერ არის დამონტაჟებული, საცხოვრებელი ფართის მომატების მიზნით.

მაია მანია კი მიმდინარე სამუშაოებს  „ძეგლის ნგრევად“ მიიჩნევს, რაც უნდა შეჩერდეს.

საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამუშაოები უნდა წარიმართოს არქიტექტორ-რესტავრატორის მონაწილეობით, თუმცა მაია მანია შიშობს, რომ ამ სამუშაოები არქიტექტორ-რესტავრატორის ჩართვის გარეშე მიმდინარეობს. 

„ამ წამსვე უნდა შეჩერდეს მიმდინარე  სამუშაოები, არ უნდა გაგრძელდეს ნგრევა. ძეგლი ზედმიწევნით უნდა აიზომოს, შედგეს რესტავრაციის პროექტი. უნდა დაისახოს გეგმები მის გადასარჩენად და შედგეს რესტავრაცია-ადაპტაციის და არა რეკონსტრუქციის პროექტი. მაგრამ დასადგენია, ჩართულია თუ არა ამ პროცესებში არქიტექტორ-რესტავრატორი? მიმდინარე სამუშაოების მიხედვით, არა მგონია, ჩართული იყოს.

ამ ქუჩაზე სტილების მრავალფეროვნებაა, ამ ქუჩის სახლების ფასადების მიღმა თბილისური ეზოები იმალება, თბილისური სპეციფიკაა შენახული და ჯერ კიდევ თბილისური ცხოვრებაა შენარჩუნებული. #6 სახლი ქუჩის განაშენიანების, სანკტ-პეტერბურგის ქუჩა კი თბილისის მთლიანობის ნაწილია. დღემდე დაუზიანებლად მოღწეულ ქუჩას ვანგრევთ. დიდ უგულობას და უცოდინრობას ავლენს ის, ვისაც შენობა ეკუთვნის და ვინც ითხოვს იმას, რაც აქ ხდება“,- ამბობს მაია მანია. 

 „ლიბერალი“ დაუკავშირდა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელსაც ევალება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე წარმოებული სამუშაოების სანებართვო პირობების კონტროლი, მონიტორინგი. მერიიდან განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით სამუშაოები დადგენილი პირობების მიხედვით მიმდინარეობს. 

სანკტ-პეტერბურგის ქუჩა საფრთხეშია ► ინტერვიუ მაია მანიასთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აპრილი
23 აპრილი

ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...

დღეს ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 25-მდე სოფელში მოსახლეობა დააზარალა. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ...
23 აპრილი
23 აპრილი

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი ს ...

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადა ...
23 აპრილი
23 აპრილი

2 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობა" „ახალი ...

2 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობა" რიგით მეორე „საყოველთაო შეკრებას" გამართავს. მათი თქმით, წლე ...
^