Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაცის სქესობრივი კავშირი კაცთან - სისხლის დონორობის ჩანაწერი საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს

24 მარტი, 2017 14:20

მოქალაქეები - გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის დონორობასთან დაკავშირებულ ნორმას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, მამაკაცს, რომელსაც სქესობრივი კავშირი აქვს მამაკაცთან, სისხლის დონორობა ეკრძალება.

აღნიშნული ჩანაწერი ჯანდაცვის მინისტრის №241/ნ ბრძანებაშია, რომელიც სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებებს განსაზღვრავს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლს, რომლის მიხედვითაც „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“ და, რომ „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.“

საკონსტიტუციო სარჩელში აღნიშნულია, რომ ლევან ბერიანიძე და გოჩა გაბოძე ჰომოსექსუალებად  ახდენენ თვითიდენტიფიკაციას, ისინი არიან მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცთან. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. 

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო ჩანაწერი, რის მიხედვითაც სისხლის დონორობის შემზღუდავი ფაქტორებში შესული იყო „ჰომოსექსუალიზმი“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით, ბრძანების ძველ რედაქციაში იყო სიტყვა „ჰომოსექსუალიზმი“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, „მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანებაში ჩაწერა სიტყვა „მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან“ (მსმ) და ეს ნორმა არ არის გაუქმებული, თუმცა იგივე შინაარსისაა. საკონსტიტუციო სასამართლო [გადაწყვეტილებაში] ასევე საუბრობდა იმაზე, რომ დისკრიმინაცია მათ შორის სექსუალური ქცევის საფუძველზე აკრძალულია“.

„ბრძანებაში ტერმინი შეიცვალა და ასევე, ნაწილობრივ, შინაარსობრივადაც. ტერმინი „ჰომოსექსუალი“ მოიცავს არა მარტო ადამიანს, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება და, მეორე მხრივ, ტერმინი - მსმ ჰომოსექსუალის გარდა შეიძლება მოიცავდეს ასევე ჰეტეროსექსუალ მამაკაცს, რომელსაც სექსუალური კავშირი აქვს მამაკაცთან. ტერმინი „ჰომოსექსუალი“ არის სექსუალური ორიენტაციის გამომხატველი, მსმ კი გამოხატავს კონკრეტულ სექსუალურ ქცევას“, - ამბობს გოცირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლო 2014 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნავდა, რომ „სისხლის დონორად ყოფნის სურვილი უკავშირდება ადამიანის პიროვნული წლის ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზაციას, რისი ინტერესი და ფაქტობრივი შესაძლებლობა თანაბრად აქვთ პირებს მათი სექსუალური ქცევებისა და ორიენტაციის მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დიფერენცირებული პირები, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენენ დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის, რაც, თავის მხრივ, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით“.

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე ერთხელ უკვე იმსჯელა, ახალ საკონსტიტუციო სარჩელში მოსარჩელეები აღნიშავენ, რომ მათი სარჩელი არსებითი განხილვის გარეშე უნდა გადაწყდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით სადავო ნორმა ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს. საკონსტიტუციო სარჩელზე მოსარჩელის წარმომადგენლები არიან: გიორგი გოცირიძე,  „თანასწორობა 17-ის" იურისტი, ნინო ბოლქვაძე, „თანასწორობის მოძრაობის" იურისტი ანზორ ხატიაშვილი და დიანა დავითაძე;

აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებაზე ყურადღება აქვს გამახვილებული სახალხო დამცველსაც 2015 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ბრძანებებით მსმ ჯგუფი განსხვავებულ არასახარბელო მდგომარეობაშია ჩაყენებული ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ჰეტეროსექსუალ მამაკაცებსა და ჰეტეროსექსუალ, ბისექსუალ ქალებთან მიმართებაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი სტერეოტიპული მიდგომა ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფის სტიგმატიზაციას.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მსმ ჯგუფისთვის დონორობის აბსოლუტური აკრძალვა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში არსებული ტექნოლოგიებით შესაძლებელია ვირუსის იდენტიფიცირება გარკვეული დროის შემდეგ. შესაბამისად, შესაძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აბსოლუტური აკრძალვის გარეშე ნაკლებმზღუდავი საშუალების გამოყენებით. კერძოდ, მსმ ჯგუფისთვის დონორობის შეფარდებითი (დროებითი) ჩვენების დადგენა „ფანჯრის პერიოდის“ ვადით.

სახალხო დამცველმა 2015 წლის 29 სექტემბერს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეცვალოს ბრძანებების ფორმულირება იმგვარად, რომ პირებს შეეძლოთ დონორობა „ფანჯრის პერიოდის“ გასვლის შემდგომ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^