Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გადაწყდა აუტიზმის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით

24 მარტი, 2017 16:21

უახლოეს ორ კვირაში გადაწყდება, რა ფორმით შეიცვლება და შეიცვლება თუ არა საკრებულოს დადგენილების ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, აუტიზმის მქონე ბავშვები, რომლებიც თბილისში 2015 წლის 1 ივლისამდე არ არიან რეგისტრირებულები, რეაბილიტაციის პროგრამაში ვერ ხვდებიან.

ეს გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები, თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი, დეპუტატი რატი იონათამიშვილი, სერვისის მიმწოდებელი კლინიკების ხელმძღვანელები, სახალხო დამცველისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუბარია დაახლოებით 40-მდე ბავშვზე, რომლებიც რეგიონებიდან თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში ჩასართველად გადმოვიდნენ, თუმცა პროგრამის დაწყებამდე ვერ მოასწრეს დედაქალაქში დარეგისტრირება. ასევე, ბავშვებზე, რომლის მშობლებმა თბილისში რეგისტრაციის მისამართი გამოიცვალეს, გადავიდნენ სხვა საცხოვრებელ ადგილზე და ამის გამო, მომსახურების გარეშე დარჩნენ.

შეხვედრაზე თავად იმ მშობლებმა ისაუბრეს, რომლებსაც რეგიონებიდან წამოსვლა მოუხდათ, მაგრამ დღეს თავიანთი სახსრებით უწევთ რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით(ABA თერაპია) სარგებლობა. ერთ-ერთმა მშობელმა, თამუნა ელიკაშვილმა მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსს, გელა ჩივიაშვილს აუხსნა, რომ გურჯაანის რაიონში ოჯახმა სახლი გაყიდა, გადმოვიდა თბილისში, თუმცა პროგრამა უკვე მიმდინარეობდა და ვეღარ დაარეგისტრირა შვილი. შესაბამისად, მომსახურების მიღება საკუთარი სახსრებით უწევთ, თუმცა, როგორც თამუნა ამბობს, ბავშვისთვის არაეფექტიანია, რადგან უსახსრობის გამო, ხანდახან გარკვეულ სეანსებზე უარს ამბობენ:

„ჩემზე უკეთ იცით, როგორი ძვირია ABA თერაპია, თვეში 2000 ლარიც მეხარჯება, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ ამ ფულის მოძიებას. ამიტომ, სეანსებს ვაგდებ, ბავშვს პერიოდულად კარგი შედეგი აქვს, შემდეგ კი ისევ უკან მიდის მისი მდგომარეობა. იმის გამო, რომ გურჯაანში მსგავსი მომსახურების შესახებ არც კი სმენიათ, თბილისში ქირით ვცხოვრობთ“.

გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ „თბილისის ბიუჯეტი არ უნდა ვაქციოთ საქართველოს ბიუჯეტად“. თბილისის მერიის წარმომადგენელი საფრთხეს ხედავს, რომ თუ ახლა ამ 40 ბავშვს ჩართავენ პროგრამაში და შესაბამისად შეიცვლება საკრებულოს აღნიშნული დადგენილების ჩანაწერი,  საფრთხეა, რომ უახლოეს მომავალში თბილისში მაგალითად 100 ბავშვი დარეგისტრირდეს და მათაც იგივე მოითხოვონ:

„ამას კი მერიის ბიუჯეტი ვეღარ გასწვდება. ამიტომ, უნდა მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება. მე თანახმა ვარ, პროგრამაში პირველ ეტაპზე მაინც ჩავრთოთ ის ბავშვები, ვინც თბილისშივე შეიცვალა მისამართი და ამის გამო ამოვარდა პროგრამიდან. არ ვიცი, ასეთი რამდენი ბავშვია, თუმცა ამასაც კი, დადგენილების ქვეპუნქტის გადახედვა დასჭირდება. ამიტომ, უახლოეს ორ კვირაში დავგეგმოთ შეხვედრები, რომელშიც ყველა ჩაერთვება, მშობლები, კლინიკები, ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი და გადავწყვიტოთ, როგორ შეიძლება ამ ჩანაწერის მორგება მშობლების მოთხოვნებთან", - აღნიშნა გელა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებში მსგავსი მომსახურების არქონას, ამაზე დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა. იონათამიშვილი მშობლებს შეჰპირდა, რომ ის პირადად ჩაერთვება მუნიციპალიტეტებთან ადვოკატირების პროცესში და მშობლებს დაეხმარება, რომ რეგიონებში, ადგილობრივ დონეზე მოხდეს ამ საკითხის წამოწევა, რათა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მომსახურება მხოლოდ თბილისში არ იყოს ცენტრალიზებული.

რაც შეეხება პროგრამის მიმდინარეობის პროცესს, დღევანდელი მდგომარეობით, პროგრამის მოსარგებლეა 600 ბავშვი, 27 ბავშვი მომლოდინე სიაშია, პროგრამის ბიუჯეტი კი 2017 წელს 2 მილიონი ლარია. თითოეული ბენეფიციარისთვის თვეში ფინანსდება არაუმეტეს 20 სეანსი და თითოეულის ხანგრძლივობა 1 საათია. დაფინანსება ხდება ვაუჩერის სახით, თითოეულ ბავშვზე თვეში 420 ლარია გამოყოფილი. ერსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსის ღირებულება 21 ლარია.

მაია გაბუნია „მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის” წარმომადგენელია, ეს ცენტრი ერთ-ერთი დიდი სერვისმიმწოდებელია. მაია გაბუნიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეალურად, ABA თერაპიის მომსახურება გაცილებით ძვირი ჯდება და მერიის მიერ გამოყოფილი 21 ლარი ხშირად არაა საკმარისი:

„გარდა ამისა, დღეს მე ვფიქრობ იმ პრობლემაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს. არ გვყავს იმდენი პროფესიონალი, რომ პროგრამის ფარგლებში ყველას ინტერესი დაკმაყოფილდეს და მივიდეთ რეალურ შედეგამდე”.

პროფესიონალების ნაკლებობა შესაძლოა მალე იმ რეგიონების პრობლემაც აღმოჩნდეს, სადაც აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა სულ ახლახან დაიწყო. ეს ქალაქებია: ბათუმი,  ქობულეთი, ქუთაისი, ზუგდიდი და თელავი.

„კოალიცია აუტიზმისთვის“ ხელმძღვანელმა, ეკა არველაძემ აღნიშნა, რომ ამ ქალაქებში დაფინანსება უფრო მწირია და, ასევე, სეანსების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე თბილისში. მონიტორინგის საშუალებაც არაა და სპეციალისტების კვალიფიკაციაც, სავარაუდოდ ნაკლებია.

მომავალი შეხვედრა ორშაბათს ჩაინიშნა, სადაც უკვე კონკრეტულად ისაუბრებენ, როგორ შეიძლება დადგენილების აღნიშნული ჩანაწერის შეცვლა და ბავშვების შესაბამის პროგრამაში რაც შეიძლება სწრაფად ჩართვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^