Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება

27 მარტი, 2017 14:29

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არსებული დარღვევებისა და ხარვეზების სიმრავლის გამო, ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების, ცალკეულ შემთხვევებში, პროფესიონალური სამართალწარმოების მიუხედავად,  ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, „მათი საქმიანობა მაინც ვერ შეფასდება, როგორც ეფექტიანი.“

ანგარიშის თანახმად, პრაქტიკაში ოჯახში ძალადობა კვლავ აღიქმება მსხვერპლისა და მოძალადის პირად საქმედ, რომელიც უფრო ლმობიერ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე იმავე სიმძიმის სხვა დანაშაულები.

წინა საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი არასათანადო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი. უფრო კონკრეტულად კი, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, შეფარდებული გირაოს 17 შემთხვევიდან 8 (47%) იყო დაუსაბუთებლად ლმობიერი ღონისძიება.

როგორც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან მიმართებით, განსაკუთრებით საგანგაშო პრაქტიკაა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. უფრო კონკრეტულად კი,  დასწრებული 14 საქმიდან, მოსამართლეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია პატიმრობა და მხოლოდ გირაოს ან სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიების დაკისრებით შემოიფარგლა.

ასევე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ არც ერთ შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, დანაშაულის დაკვალიფიცირება არ მომხდარა დისკრიმინაციულ დანაშაულად.

მონიტორინგის ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ გამამტყუნებელი განაჩენებისა და დანაშაულის სერიოზულობის მიუხედავად, მოსამართლეებს უჭირთ მოძალადეების მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. უფრო კონკრეტულად კი, საქმეების უმრავლესობაში (21 შემთხვევაში - 72%) მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სანქციები გამოიყენა.

დაკვირვების შედეგების გათვალისწინებით საია რეკომენდაციით მიმართავს საერთო სასამართლოებს, რომ  ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს გენდერული ხედვით: „სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ასეთი ტიპის დანაშაულების სპეციფიკურობა, ადეკვატურად შეაფასოს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს ბრალდებულისგან და გამოიყენოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიებები“,- ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, პროკურატურამ სათანადოდ უნდა შეაფასოს არსებული გარემოებები და მოითხოვოს შესაბამისი სიმძიმის აღკვეთის ღონისძიება.

ასევე, რეკომენდაციის თანახმად, მნიშვნელოვანია, დაინერგოს ძალადობის რისკის შეფასების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საფრთხის დროულად განჭვრეტასა და შესაბამისი ზომების ეფექტიანად დაგეგმვას. რაც შესაძლოა, ევროპის ქვეყნების მსგავსად, განისაზღვროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებად.

მონიტორინგის პერიოდი 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის იანვარს მოიცავდა. საიამ ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სისხლის სამართლის 132 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^