Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლეთა და თავმჯდომარეთა დანიშვნა - რა ხარვეზები იკვეთება იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში

28 მარტი, 2017 16:06

„მოსამართლეთა ნაკლებობის პირობებში აბსოლუტურად გაუგებარია ბიულეტინების მიზანმიმართული გაბათილების ფაქტები იმ კანდიდატების მიმართ, რომლებიც მანამდე ღიად აფიქსირებდნენ განსხვავებულ ან კრიტიკულ მოსაზრებებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც „მოსამართლეთა ერთობამ“ მოამზადა.

ანგარიში 2016 წლის თებერვლიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და იმ ხარვეზებს ეხება, რაც საბჭოს საქმიანობაში გამოიკვეთა. ერთ-ერთ ხარვეზად ავტორები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს მიიჩნევენ, რადგან საანგარიშო პერიოდში ორჯერ გამოცხადებული მოსამართლეთა კონკურსის შედეგების  მიუხედავად, გამოცხადებული ვაკანტური ადგილები არც ერთ ჯერზე არ შეივსო სრულად.

ანგარიშის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ხელახლა გადანიშვნის მიზნით კონკურსში მონაწილეობდნენ მოქმედი მოსამართლეები, რომლებსაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა ამოწურული არ ჰქონდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტორთა შეფასებით, საბჭოს წევრები კონკურსის მონაწილე პირების მიმართ მიუკერძოებლობით არ გამოირჩეოდნენ.

„საანგარიშო პერიოდში კონკურსების მიმდინარეობისას ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები. დაფიქსირდა საბჭოს მდივნის მიერ კონკურსის ვადის თვითნებურად გაგრძელების პრეცედენტი“.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების პროცესი  გამჭვირვალობის დაბალი ხარისხით მიმდინარეობდა, რაც გამოიხატებოდა შეფასების საკითხებთან დაკავშირებული სხდომების  დახურვით და ამ პროცესებში გამოვლენილი ხარვეზების შეფასების შეუძლებლობით.

ანგარიში ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა სასამართლოების თავმჯდომარეთა დანიშნვა, საბჭოს წევრების დამოუკიდებლობა, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა და სხვა.

სასამართლოსა და კოლეგიების თავმჯდომარეთა დანიშვნა  

იმის გამო, რომ კანონი არ ადგენს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმებსა და პროცედურებს და  ბუნდოვანია სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობაზე დანიშვნის საკითხებიც, საბჭო დაადგა არათანმიმდევრული პრაქტიკის გზას და თავისი შეხედულებებით ხელმძღვანელობდა.

„გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას აკისრებდა. საბჭოს მიერ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა კონკრეტულ პირებზე კანონის მორგების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაც, საბოლოო ჯამში, საბჭოს როლს აკნინებს. მსგავსი საკითხი უნდა წყდებოდეს არა საბჭოს მიერ შემუშავებული სტანდარტების დამკვიდრებით, არამედ უნდა არსებობდეს საკანონმდებლო რეგულაცია, რათა მიღებული გადაწყვეტილება არ იყოს მორგებული კონკრეტულ გარემოებას. დღეის მდგომარეობით, ფაქტობრივად, თავისუფალია სასამართლოს თავმჯომარეთა შტატები და სახეზეა გაურკვეველი ვადით დანიშნული მოვალეობის შემსრულებლები“.

საბჭოს წევრების დამოუკიდებლობა

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა მოსაზრებები შესამჩნევად დაუახლოვდა ერთმანეთს და საბჭოს წევრებს შორის სულ უფრო იშვიათად ფიქსირდებოდა განსხვავებული აზრი სხვადასხვა საკითხზე.  განსხვავებული აზრის არარსებობა ბადებდა ეჭვს, რომ საბჭოს წევრები მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ დამკვირვებელი ვერ აღიქვამდა, როგორც დამოუკიდებლებს, რაც ვერ უზრუნველყოფდა საბჭოში წევრთა დამოუკიდებლობის მაღალ სტანდარტს. 

საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა

ანგარიშის თანახმად, პრობლემები საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხითაც გამოიკვეთა - საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ქვეყნდებოდა სხდომების შესახებ ინფორმაცია 7 დღით ადრე, ასევე, არ ქვეყნდებოდა სხდომების დღის წესრიგები. 

„საბჭო მუდმივად დარღვევით გასცემდა გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას, ხშირად 10-დღიანი ვადის დარღვევით. იყო კენჭისყრისა და დასაბუთების გარეშე სხდომების დახურვის პრეცედენტები, რომელთა შესახებ საბჭო არ აკეთებდა განმარტებას დახურვის მიზეზსა და გარემოებებზე. ამასთან, სხდომების ჩაწერა უწყვეტად არ მიმდინარეობდა, ჩანაწერის ხარისხი დაბალი იყო. ეს აზიანებდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას  და ნაკლებად გამჭირვალეს ხდიდა საბჭოს სხდომებს“.

საბჭოს მართვის ხარისხი

საანგარიშო პერიოდში ასოციაციის წარმომადგენელი საბჭოს 41 სხდომას დაესწრო. ხშირ შემთხვევაში მას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ  საბჭოს წევრები არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულები განსახილველი საკითხის ირგვლივ, რაც აისახებოდა მათ აქტიურობასა და გადაწყვეტილების ხარისხზე.

„ხშირად საბჭოს წევრები საკითხს სწავლობდნენ უშუალოდ სხდომის მსვლელობის პროცესში, რის გამოც  საკითხის გადადება ხდებოდა მომდევნო სხდომაზე განსახილველად. საანგარიშო პერიოდში მხოლოდ საბჭოს ერთმა არამოსამართლე წევრმა დააყენა სხდომის დღის ცვლილების საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ არასამუშაო დღეებში ვერ ახერხებდნენ ჯეროვნად მომზადებას, თუმცა სხდომის დღის ცვლილებამაც საბჭოს წევრთა მომზადების ხარისხი ვერ გააუმჯობესა“.

მოსამართლეთა თვითმმართველობა

ანგარიშის ავტორთა შეფასებით, მოსამართლეთა სამივე  რიგგარეშე კონფერენცია მოსამართლეთა თავისუფალი ნების გამოვლენის დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა. ამასთან, ყველა კონფერენციაზე კანდიდატებს საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ასახელებდა და მათ არ ჰყავდათ ალტერნატიული/კონკურენტი კანდიდატები.

„მოსამართლეების  მხრიდან არ ყოფილა კრიტიკული გამოსვლები და კითხვები. მოსამართლეებს არც ერთხელ არ გამოუყენებიათ თავიანთი თავის წარდგენის უფლება; ხშირ შემთხვევაში არ სახელდებოდა ალტერნატიული კანდიდატები. შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეთა სამივე რიგგარეშე კონფერენცია ერთსულოვნებით გამოირჩეოდა. არჩევნების პროცესში, უმეტეს შემთხვევაში, ასარჩევი კანდიდატის წინააღმდეგ მიცემული ხმა არ ფიქსირდებოდა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^