კამპანია „ეს შენ გეხება“ საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შესაძლებობას, ე.წ. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.
კამპანიამ ამისთვის „ეს შენ გეხებას“ ვებ-გვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე ელექტრონული სარჩელის ფორმა განათავსა. როგორც კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს ახლად მიღებული კანონი.
„ფარულ მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არასკონსტიტუციურად, თუმცა საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც საკონსტიტუციო სასამართლოს შენიშვნები და არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სამჯერ დაადო ვეტო აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაძლია. შედეგად ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათი თქმით, გასაჩივრებისთვის საჭიროა, საქართველოს მოქალაქემ შეავსოს ელექტრონული სარჩელის ყველა სავალდებული ველი, გაეცნოს სარჩელის შინაარს, დაბეჭდოს სარჩელის ტექსტი და ხელმოწერის შემდეგ მიიტანოს „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ტრენინგცენტრი. სარჩელის ჩაბარების თარიღი განსაზღვრულია 6 აპრილით.