Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ხმა ქართველი ქალისა" ასი წლის შემდეგ - პირველი ფემინისტური ფესტივალი ქუთაისში

06 აპრილი, 2017 2:38

 „ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ადამიანური პიროვნების  აღდგენისთვის და ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის.

დედაკაცის უფლებრივად მონური ყოფა და ჩვენი სამშობლო ქვეყნის ადგილობრივი საჭიროებანი იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად მწველი ყოველი გონიერი ქართველი ქალისთვის , რომ დარწმუნებულები ვართ სურვილი ერთისა და მეორის აღდგენისა განამტკიცებს ჩვენს ერთობას“ - ეს არის ნაწყვეტი რედაქციის მიმართვის ტექსტიდან,  რომელიც ასი წლის წინ, 1917 წლის 5 აპრილს გამოცემული გაზეთის „ ხმა ქართველი ქალისას“ პირველ ნომერში დაიბეჭდა. ქალთა კლუბის ინიციატივით და კატო მიქელაძის რედაქტორობით  ყოველკვირეული „საპოლიტიკო და სალიტერატურო“  გაზეთი ქუთაისში გამოიცა.

ასი წლის შემდეგ, სწორედ ქუთაისში გაიხსნა პირველი ფემინისტური ფესტივალი საქართველოში, რომელიც  გაზეთის იუბილეს უკავშირდება. ფესტივალი „ქალთა ფონდი საქართველოში“- ს ინიციატივით მოეწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალი საშუალებაა ხაზი გაესვას თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოში ფემინიზმს გააჩნია:“ გვინდა, კიდევ ერთხელ, წინ წამოვწიოთ თემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია - იქნება ეს პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ჩაგვრა და უსამართლობა, თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.„

ფესტივალი  „ქალთა ფონდი საქართველოში“ წარმომადგენელმა ნანა ფანცულაიამ გახსნა. მისი თქმით, ფესტივალის ჩატარების  იდეა მას შემდეგ  გაჩნდა რაც გაზეთის „ხმა ქართველი ქალისას“ ახლიდან დაბეჭდვაზე ფიქრი დაიწყეს. როგორც ის ამბობს, საინტერესო იყო ამდენი  წლის შემდეგ რა სათქმელი ჰქონდათ ქართველ ქალებს მათი ფემინისტი ბებიებისთვის და დედებისთვის.  

„როცა გავეცანით იმას რაზე იწერებოდა სტატიები მაშინ და რაზე საუბრობდნენ გაზეთში ასი წლის წინ, ძალიან თვალში საცემი იყოს ის, რომ პრობლემები  რომლებსაც ეხებოდნენ მაშინ ფემინისტები, დღესაც აქტუალურია“.

ფონდის მხარდაჭერით გაზეთის ასი წლის თავთან დაკავშირებით თსუ-ის გენდერის კვლევების ინსტიტუტის ინიციატივით ელექტრონული სამეცნიერო-პუბლიცისტური ჟურნალი „ხმა ქართველი ქალისა“ დაარსდა. ფესტივალის ფარგლებში პირველი ნომრის პრეზენტაციაც მოეწყო. ნომრის გაცნობა მკითხველებს შეუძლიათ ვებ-გვერდზე - openjournals.gela.org.ge

ჟურნალში დაბეჭდილ პუბლიცისტურ სტატიებზე ფესტივალის გახსნისას ავტორებმა ისაუბრეს. ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა სტატიის „წერა, ბედისწერა და ქალების მიმოწერა“ მიმოხილვისას აღნიშნა, რომ სტატია ერის ფილოსოფიურ პრობლემაზეა, რომელიც შემოქმედებას ეხება და ამ პროცესში ქალების ადგილს. სტატიაში 20-30 წლების რეპრესიების პერიოდში ქალების და განსაკუთრებით მწერალი ქალების მდგომარეობაზეა საუბარი. იყვნენ თუ არა ისინი ისეთივე რეპრესირებულები, როგორც კაცები და დევნიდა თუ არა სისტემა.

პანელ-დისკუსიის ფარგლებში, რომელიც ქალებს შორის კომუნიკაციის გზებზე ადრე და ახლა მსჯელობას ეხებოდა, პლატფორმა „ქალები საქართველოდან“ ავტორებმა იდა ბახტურიძემ, მაია ჩიტაიამ და ნინო გამისონიამ ისაუბრეს.

პროექტი „ქალები საქართველოდან“ სოციალურ მედიაში ერთი წლის წინ გაჩნდა. ქალები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, ჰყვებიან რეალურ ისტორიებს საკუთარ ცხოვრებაზე, გამოცდილებაზე, ოჯახსა და ინტერესებზე.

პროექტის ავტორების თქმით, იდეის მიზანი იყო შექმნილიყო მონაცემთა  ბაზა განსხვავებული გამოცდილების, ინტერესების, საჭიროებების მქონე ქალებზე, რომელიც ერთის მხრივ დაეხმარებოდა სხვა ქალებს ამ ისტორიების გაცნობით საკუთარი პრობლემების იდენტიფიცირებაში, მეორე მხრივ გამოავლენდა გენდერულად ბრმა პოლიტიკურ თუ სოციალურ სისტემებს.

როგორც ავტორებმა აღნიშნეს, პროექტის მხარდამჭერების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და ახლა პლატფორმას უამრავი მკითხველი ჰყავს. პროექტის ფარგლებში სულ 150 ქალის ისტორია გამოქვეყნდა. ასევე, გამოიცა წიგნიც „ქალები საქართველოდან".

ფესტივალის პირველ დღეს ნაჩვენები იყო სალომე კერესელიძის ფილმი „ გოგონათა მხატვრული სახეები“. იმერეთის სხვადასხვა სოფელში თუ დაბაში მცხოვრები გოგონები ჰყვებიან ამბებს მათზე და სხვა გოგოებზე, რა უშლით ხელს რომ იყვნენ უფრო მეტად რეალიზებული და თავისუფალი. როგორ ხედავენ ურთიერთობებს და სოციუმს, სადაც ცხოვრობენ.

ფესტივალის პირველი დღე გამოფენა-პერფორმანსით დაიხურა.

„ქალთა ბედნიერება“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც გალერეა „ვარლაში“ მოეწყო. ოთხი ხელოვანი ქალი - ლია უკლება, ლუიზა ლაფერაძე, ნადია წულუკიძე, თამო ხმიადაშვილი თავიანთი ნახატებით თუ ვიდეო-არტ- ვიზუალური პერფორმანსით გვაჩვენებენ როგორია ქალების „ბედნიერება“ დღეს, საქართველოში.

„..სიჩუმე ჩამოვარდა: - მე, გოგო დავიბადე

ჩემი პირველი სამოსის ფერი ჩემა სქესმა განსაზღვრა. ახალშობილის კონვერტი, რომელიც დედამ სამშობიარო სახლიდან ჩემს გამოსაყვანად შეიძინა- ვარდისფერია. ამ ფერს დღეს თითქმის მთელ მსოფლიოში „ქალის“ ფერს უწოდებენ. ის მკაფიო გენდერულ დაპირისპირებაში ლურჯ ფერთან, რომელიც „მამაკაცის“ ფერად არის აღიარებული. ფერების მსგავსი დაყოფა ამყარებს წინააღმდეგობას, ქმნის შემოსაზღვრულობას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს თანამედროვე რეალობაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას.

ფერები უნდა განთავისუფლდნენ! „ - ეს არის ნაწყვეტი ლუიზა ლაფერაძის პერფორმანსიდან.

პირველი ფემინისტური ფესტივალი კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებსი იქნება საუბრები ქალთა უფლებების ირგვლივ, დისკუსიები, საჯარო ლექციები, ქუთაისის ფემინისტური ტური, კინოჩვენებები და სხვადასხვა ღონისძიებები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^