Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოტიკების ტესტები ზიანის შემცირებისთვის - „თეთრი ხმაური“ პროგრამის პილოტირებას გეგმავს

10 აპრილი, 2017 16:25

ტესტები ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული შესაძლო ზიანის შემცირებისთვის - „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საქართველოში ნარკოტიკების ტესტების დანერგვისთვის საინფორმაციო კამპანიას და ტესტების საპილოტე ვერსიის დაწყებას გეგმავს.

ტესტები არის ნარკოტიკების იდენტიფიცირებისთვის სწრაფი და მარტივი საშუალება. სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებისთვის შექმნილია ინდივიდუალური ტესტი. თითოეულ მათგანს აქვს კონკრეტული ფერის რეაქცია და რეაქციის დრო. ტესტი ეფექტიანი საშუალებაა არასასურველი მინარევებისა და სხვა პოტენციურად საშიში ნივთიერებების იდენტიფიცირებისთვის.

„ეს არის გზა, რომლითაც უნდა წავიდეთ... როდესაც შავ ბაზარზე რაღაც ნარკოტიკს ყიდულობ, შეგიძლია მისი მცირე ნაწილი გატესტო და მიხვდე, რა ნარკოტიკია, რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს იმას, რომ ზიანი შემცირდეს. მაგალითად, ხშირად ჰგონიათ, რომ MDMA იყიდეს, თუმცა მასში შეიძლება უდიდესი წილი იყოს რაღაც სხვა ნივთიერება. არადა მომხმარებელი ელოდება, რომ მიიღებს MDMA-ს, მიჩვეულია, იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამ კონკრეტული ნივთიერების შემთხვევაში. მან იცის, როგორ არ უნდა მოახდინოს ზედოზირება. იმ შემთხვევაში კი, თუ აღმოჩნდება, რომ MDMA-ის სახელ ქვეშ ის სხვა ნივთიერებას იღებს, შეიძლება, პრობლემას წააწყდეს“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დათო სუბელიანი.

მისი თქმით, ზიანის შემცირების რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე თვეს ვილნიუსში გაიმართა, საქართველოში მისი განხორციელების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს გაეცნენ, ასევე გაიცნეს შესაძლო პარტნიორები. სუბელიანი ამბობს, რომ „თეთრი ხმაური“ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში აქტიურად იმუშავებს.

„ეს სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რისკი შემცირდეს, რომ გაჩნდეს კულტურა იმისა, რომ მომხმარებელმა აირჩიოს, რას იღებს, რადგან დღეს, ცოტა არ იყოს, ბრმად უწევთ მიენდონ იმას, რასაც შავი ბაზრის ხელი აწვდის. მით უმეტეს, რომ საქართველოში ძალიან მოიმატა პოლინარკომანიამ - რაც იშოვება, სადაც იშოვება, ყველა ყველაფერს მეტ-ნაკლებად ცდის. ტესტები კი შესაძლო ზიანის შემცირებას შეუწყობს ხელს“, - ამბობს სუბელიანი.

ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის პოლიტიკის რეფორმის მრჩევლის დაშა მატიუშინას თქმით, ნარკოტიკების ტესტები მნიშვნელოვანი საშუალებაა იმისათვის, რომ შემცირდეს ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობა და მოწამვლა.

როგორც ის „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, ნარკომომხმარებელმა ხშირად არ იცის/არ აქვს ინფორმაცია, რა სახის ნარკოტიკს ან ნარევ ნივთიერებას ყიდულობს.

„ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ვითარება, რომელიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს, არის როდესაც ექსტაზის ან სხვა კლუბური ნარკოტიკის სახელქვეშ ხდება ოპიოიდების გაყიდვა, ამის შედეგად კი შეიძლება მივიღოთ, ფატალური შედეგი ზედოზირებისგან. არა მხოლოდ იპიოიდები, არამედ, მაგალითად, ნივთიერება ჰალუცინოგენური ეფექტით, შეიძლება იყოს უკიდურესად სახიფათო, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ფსიქოზი, თუკი ადამიანმა არ იცის, რომ ის მოიხმარა“ , - ამბობს მატიუშინა.

მისი თქმით, ნარკოტიკების ტესტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველგან, თუმცა პრიორიტეტი იმ ქვეყნებისთვის უნდა იყოს, სადაც კლუბური ნარკოტიკია გავრცელებული. მისი თქმით, შესაბამისად, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც ადამიანები მოიხმარენ კლუბურ ნარკოტიკს, ნარკოტიკების ტესტები პირველ რიგში უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ ნარკოტიკების ტესტების გამოყენებამ საქართველოში მომხმარებელს პოლიციასთან პრობლემები შეუქმნას. თუმცა მისი თქმით, პოლიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ ტესტების გამოყენება ადამიანის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

„როგორც დღეს პოლიციელი აჩერებს მანქანას და შემოწმებისას ნახულობს, რომ გახვრეტილი ბოთლი დევს, რაც ქართულ სინამდვილეში ზოგიერთი ნარკოტიკის მოხმარების ხელსაწყოა, თუმცა თავისთავად ბოთლი დანაშაული არ არის, მაგრამ ის პოლიციელისთვის ნიშანია, რომ ადამიანს შეიძლება ნარკოტიკი ჰქონდეს და ამის გამო დამატებით ჩხრეკასა და ძიებაზე გადადის. ამ შემთხვევაშიც იგივე შეიძლება მოხდეს, რომ თუ ამ ტესტებს აღმოაჩენს პოლიცია  ვიღაცის ჯიბეში, ხელში, მანქანაში, შეიძლება მიიჩნიოს, რომ სავარაუდოდ ეს მომხმარებელია და „შეყვეს“. როდესაც ჩვენ ამ ტესტებზე ვიმუშავებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ძალიან კარგი საინფორმაციო კამპანია ვაწარმოოთ და ვიმუშაოთ იმავე პოლიციასთანაც. სულ მცირე, იმის თქმა მაინც შეგვეძლება, რომ პოლიციელები თუკი ასეთ ადამიანებს დაუწყებენ ჩაგვრას, რეალურად იმუშავებენ მათთვის ზიანის გასაზრდელად, რადგან თუკი ადამიანებს შეეშინდებათ ტესტების გამოყენება პოლიციელების გამო, შესაძლოა,  ამ დროს მივიღოთ ზედოზირება, პრობლემური მოხმარება რომელიმე ნარკოტიკის... მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ლმობიერად უნდა შეხედოს ამას. უნდა აღიარონ, რომ ადამიანები არიან მომხმარებლები და თუკი მომხმარებელს სხვები არ უვლიან, თავის მოვლა მაინც უნდა შეეძლოთ, უნდა იცოდნენ, რას იღებენ“, - ამბობს სუბელიანი.

მისი თქმით, ნარკოტიკების ტესტების რამდენიმე ვარიანტი არსებობს - ზოგი უფრო ძვირი, ზოგი იაფი, უფრო განვითარებული და ნაკლებად განვითარებული და მათ უნდა შეარჩიონ ისეთი, რომელიც საქართველოში მომხმარებლისთვის კარგად იმუშავებს.

„ალბათ, ჯერ პილოტირებას მივმართავთ, გარკვეული რაოდენობის მომხმარებელში; მათ უკუკავშირს დაველოდებით; ვნახავთ, როგორ იმუშავებს; თუ ვნახეთ, რომ კარგად მუშაობს, უფრო ფართო გამოყენებასაც შევუწყობთ ხელს, რა თქმა უნდა, თავისი საინფორმაციო კამპანიით“, - ამბობს სუბელიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^