Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

21 აპრილი, 2017 18:09

დღეს საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. 

კანონპროექტი ცვლილებათა ოთხ ძირითად ბლოკს ითვალისწინებს, რაც, როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, უფრო ეფექტიანად დაიცავს სტუდენტთა უფლებებს და უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში მათ თანაბარ მონაწილეობას უზრუნველყოფს.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გუშინ პარლამენტში, კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა, რჩება სამი ძირითადი საკითხი, რომლებზეც მომდევნო მოსმენისას უნდა შეჯერდნენ.

უფრო კონკრეტულად კი, მარიამ ჯაშის თქმით, პირველი საკითხი არჩევნების რიგითობას ეხება,- რამდენად შეუძლია ერთსა და იმავე სტუდენტს, არჩევნებში ზედიზედ ორჯერ მიიღოს მონაწილეობა, ბაკალავრიატის დონეზე.

მეორე საკითხი გულისხმობს, უნდა მიეცეს თუ არა სტუდენტს უფლება ერთდროულად იყოს არჩეული ფაკულტეტის და წარმომადგენლობით საბჭოებში (სენატში).

მესამე საკითხი სტუდენტური თვითმმართველობის შემადგენლობას ეხება, მარიამ ჯაშის განმარტებით,- იმისთვის, რომ თვითმმართველობისა თუ სხვა სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა იყოს ჭეშმარიტად უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, აღნიშნული ორგანიზაციის შემადგენლობაში უნდა იყვნენ თუ არა მხოლოდ არჩეული წევრები.

მისივე თქმით, აღნიშნული სამი საკითხიდან, ორი პრაქტიკულად შეჯერებადია, მაგრამ მესამე საკითხთან დაკავშირებით, მომდევნო განხილვისას იქნება დამატებითი კითხვები.

„თუკი ამ სამ საკითხზეც შევჯერდებით ეს იქნება კანონპროექტი რომელიც მოგვცემს უკეთესი დაცვის მექანიზმს თითოეული სტუდენტისთვის“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის საკითხს, მარიამ ჯაშის განმარტებით, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, შერჩეულია ოპტიმალური ვარიანტი, რაც სტუდენტური თვითმმართველობის არა გაუქმებას, არამედ მაქსიმალურ დეცენტრალიზაციას გულისხმობს.

„დღეს არსეული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტ პრობლემებს შევქმნიდით უნივერსიტეტის დონეზე თუკი სრულიად გავაუქმებდით სტუდენტურ თვითმმართველობას. წამყვანი სტუდენტური ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს სტუდენტური თვითმმართველობა ან პარლამენტი, ან კლუბი, (ისევე როგორც სხვა ქვეყნებში არის სტუდენტების უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაცია) ამგვარი ორგანიზაცია ჩამოყალიბდება და იფუნქციონირებს უშუალოდ უნივერსიტეტის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით, დარჩება ერთი წამყვანი სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანო. იარსებებს სხვა კლუბები და ასოციაციები, ისევე როგორც დღესაა შესაძლებელი, მაგრამ მათ არ მიენიჭებათ თვითმმართველობის და სტუდენტთა უფლებებების დაცვის წამყვანი ორგანოს სტსტუსი“,- განმარტა მარიამ ჯაშმა.

რა ცვლილებებს გულისხმობს კანონპროექტი

ცვლილებათა პირველი ბლოკის მიზანია, ყველა სტუდენტს მიენიჭოს პირდაპირი წესით არჩევის უფლება, არა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში), არამედ უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოებშიც.

ცვლილებების მეორე ბლოკის მიხედვით, უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის ყველა სტუდენტს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის - მიეცემა უფლება, აირჩიონ უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოსა (სენატში) და ფაკულტეტის საბჭოებში პროპორციული გადანაწილების წესით  (არანაკლებ ერთი წარმომადგენლისა).  

მესამე ბლოკის მიხედვით, ყველა სტუდენტს მიენიჭება უფლება, თანაბარი წვდომა ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე ინდივიდუალური ან/და ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების განსახორციელებლად.

დაბოლოს, ცვლილებების მეოთხე ბლოკით, სტუდენტთა მთავარი წარმომადგენლობითი გაერთიანებების ალტერნატივების ზოგადი დეფინიციების, მიზნებისა და არჩევის წესის, დეტალური განსაზღვრა უნივერსიტეტის დონეზე უნდა მოხდეს.  კანონპროექტი სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას არ ითვალისწინებს. უნივერსიტეტის დონეზე შენარჩუნდება ერთი წამყვანი სტუდენტური ორგანიზაცია, თუმცა მოხდება მისი მეტად დივერსიფიცირება. როგორც მარიამ ჯაში განმარტავს, წამყვანი სტუდენტური ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია სტუდენტების უფლებების დაცვა და ამ საკითხთან დაკავშირებული საქმიანობა იქნება. 

კანონპროექტის ავტორი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშია. განათლების კომიტეტმა  ცვლილებათა პროექტი 31 მარტს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ცვლილებათა პროექტი პარლამენტში 7 მარტს დარეგისტრირდა, რის შემდეგაც სტუდენტურმა მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დატოვა. სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი 2016 წლის 23 ნოემბერს დაიკავა. მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტის კორპუსს იქამდე არ დატოვებდნენ, სანამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი პარლამენტში არ დარეგისტრირდებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 აპრილი
24 აპრილი

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობი ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენო ...
24 აპრილი
24 აპრილი

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბ ღ ...

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველ ...
23 აპრილი
23 აპრილი

ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნ ...

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლის მიხედვით, ემანუელ მაკრონი და მარი ლე პენი გავიდნენ. წინასწარი ...
^