Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის საბჭო სასამართლოსადმი შეურაცხმყოფელ განცხადებებზე რეაგირებისთვის ქარტიას მიმართავს

26 აპრილი, 2017 18:34

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებთან დაკავშირებით მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ განცხადებებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ისინი დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ თავად გამოხატვის თავისუფლებას და იწვევს მის დისკრედიტაციას, რამდენადაც განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლებისგან განუყოფელი „მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის“ დარღვევით, ხოლო ზოგჯერ - თვით ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენებით. საუბარია ნიკა გვარამიას, ზაალ უდუმაშვილის, გიორგი გაბუნიასა და ელისო კილაძის განცხადებებზე. 

„სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი გამოვლინებანი შორს სცილდება არა მარტო სასამართლოს „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებს, არამედ, გამოხატვის თავისუფლების საერთო ფარგლებსაც, რომელთა გადალახვის შემდეგაც მისი შეზღუდვის აუცილებლობა წარმოიშობა“,- აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

საბჭო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოუწოდებს, ეს ფაქტები განიხილოს. თუმცა საბჭოს წევრთა შეფასებით, ქარტიის პრინციპები ყველა იმ დებულებას არ ასახავს, რომლებიც „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ მიღებული დოკუმენტითაა გათვალისწინებული. მაგალითად: ქარტია არ ადგენს ჟურნალისტის უფლებასა და მოვალეობას „კეთილსინდისიერი კომანტარისა და კრიტიკის“ თაობაზე; ქარტია არათუ მხოლოდ „მძიმე პროფესიულ დარღვევად“, არამედ საერთოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად არ ასახელებს „წინასწარ განზრახულ, ბოროტ, ღვარძლიან, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, უსაფუძვლო თავდასხმებს, ფაქტების დამახინჯებსა და ჭორების გავრცელებას“.

საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ქარტიამ უნდა გაითვალისწინოს გამოხატვის თავისუფლების თაობაზე ევროპული კონვენციის ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპი - 1. გამოხატვის თავისუფლებისათვის თანაარსია „შესაბამისი მოვალეობანი და პასუხისმგებლობა“ და 2. იგი შეიძლება შეიზღუდოს როგორც ინდივიდუალური რეპუტაციის, ისე სასამართლოს ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის დასაცავად.

„ქარტია, წესდების თანახმად, შემოიფარგლება მხოლოდ ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული ეთიკის პრინციპების დარღვევის დადგენით ან დარღვევის უარყოფით, ხოლო დამრღვევის წინააღმდეგ არანაირ სანქციას არ იყენებს. ეს გარემოება ისედაც ნაკლებეფექტიანს ხდის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევებზე რეაგირების სისტემას. ამის გათვალისწინებით, დიდი იმედი გვაქვს, რომ ქარტია დიდი გულისყურით მოეკიდება საქმეს, არ მოახდენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინამდებარე განცხადებაში მითითებული ფაქტების იგნორირებას და თავს არ აარიდებს საერთაშორისო სტანდარტებით მათ შეფასებას“.

საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რო მოსამართლე, „თავშეკავებულობის პრინციპიდან“ გამომდინარე, მოკლებულია მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკაზე ადეკვატური პასუხის შესაძლებლობას მედიასაშუალებების მეშვეობით. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პასუხობს. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საბჭომ ამგვარი გზა აირჩია და პარლამენტის ნაცვლად თვითრეგულირების ორგანოს მიმართა. თუმცა, მისი შეფასებით, საბჭოს წევრებს კარგად არ ესმით თვითრეგულირების არსი, რადგან თვითრეგულირება ნიშნავს, ჟურნალისტების ურთიერთშეთანხმებას, რომ თავად იმუშავებენ ქვეყანაში მედიასტანდარტის გაუმჯობესებაზე. ამიტომ თვითრეგულირების პრინციპთან წინააღმდეგობაში მოდის რაიმე სანქციის დაწესება ეთიკური პრინციპის დარღვევის გამო.

ნატა ძველიშვილი საბჭოს მიმართავს, რომ თუ მის რომელიმე წევრს აქვს ეჭვი, რომ ჟურნალისტმა ეთიკის პრინციპი  დაარღვია, ქარტიის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით  მიმართოს მას, ქარტია აუცილებლად განიხილავს ამას და მიიღებს გადაწყვეტილებას. ძველიშვილი განმარტავს, რომ მომართვის ასეთი ფორმის საფუძველზე ქარტიას ამ ფაქტებზე მსჯელობის დაწყება არ შეუძლია.

ამასთან, ნატა ძველიშვილი არ ეთანხმება საბჭოს იმაში, რომ ქარტიას რაიმე გამორჩენილი აქვს თავის 11 პრინციპში. მისი შეფასებით, ნებისმიერი ფორმით რაიმე გამოხატვის შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაბლა დაწევას ნიშნავს და იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ამის პრეცედენტი არ შეიქმნება. ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ  აბსოლუტურად საკმარისია ის ბერკეტები, რომელიც დღეს ცილისწამების წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყანაში არსებობს. მისი თქმით, მოსამართლეებსა და მოქალაქეებს სამოქალაქო წესით დავისა და თვითრეგულირების ორგანოსთვის მიმართვის საშუალება აქვთ და ეს საკმარისად ეფექტიანი საშუალებაა. 

„გვსაყვედურობენ იმასაც, რომ თურმე არაკეთილსინდისიერებასა და ფაქტის განზრახ დამახინჯებაზე ქარტიას არაფერი არ უწერია. მაშინ, როდესაც ქარტიის მეთერთმეტე მუხლში პირდაპირ წერია, რომ უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად აღიქმება ფაქტის განზრახ დამახინჯება. პირველი პრინციპი კი ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს. მოკლედ, სხვადასხვა პრინციპი ფარავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაზეც  შეიძლება მოქალაქეს ჟურნალისტთან პრეტენზია ჰქონდეს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^