Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთიკის ქარტია: იუსტიციის საბჭოს ინიციატივა მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს

27 აპრილი, 2017 13:10

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, მოსამართლეებსა და მათ საქმიანობასთან მიმართებაში გამოხატვისა და გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტის დაწესების შესახებ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადებით მომართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სადაც „გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ ქარტიის რეაგირებას ითხოვს.

მისასალმებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნის ნაცვლად, რაზეც არაერთხელ ისაუბრეს, მედიის თვითრეგულირების ორგანოს მომართავს, თუმცა, სამწუხაროა, რომ მისი არსი სწორად არ არის გაგებული.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ისევე როგორც მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული თვითრეგულირების ორგანოები, შექმნილია პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით და არ ასრულებს სადამსჯელო ფუნქციებს. სწორედ ამიტომ ქარტია იღებს გადაწყვეტილებას დაირღვა თუ არა ქარტიის რომელიმე პრინციპი სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში და არ ასანქცირებს მის ავტორს.

ვერ დავეთანხმებით უმაღლეს საბჭოს იმაში, რომ ეს „გარემოება ისედაც ნაკლებეფექტიანს ხდის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევებზე რეაგირების სისტემას“. არაერთი კვლევა და მედიამონიტორინგის ანგარიში ადასტურებს იმას, რომ 2009 წლიდან, ქარტიის დაფუძნებიდან დღემდე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ეთიკური სტანდარტები მედიაში. ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 5-ჯერ არის გაზრდილი ქარტიაში შემოსული განაცხადების რაოდენობა, საქმის განხილვაში მონაწილეობენ თავად ჟურნალისტებიც, განმცხადებლებიც.

ქარტია საქმეს განიხილავს დადგენილი წესის შესაბამისად, ამიტომაც თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის რომელიმე პრინციპი, მათ შეუძლიათ მომართონ ქარტიას შესაბამისი ფორმით. საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ქარტიის საბჭოს არ შეუძლია საქმის წარმოების დაწყება და ზოგადი მსჯელობის შედეგად ჟურნალისტური სტანდარტების დაცის ან დარღვევის დადგენა.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეტენზიას, რომ თითქოს ქარტიის პრინციპებში არ არის ასახული „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ დებულება ფაქტის განზრახ დამახინჯებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად არის მიჩნეული.

ამას გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებაში მიუთითებს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტების დადგენის აუცილებლობაზე მაშინ, როცა ქარტიას შემუშავებული აქვს სახელმძღვანელო პრინციპები ე.წ. გაიდლაინები ჟურნალისტებისთვის სასამართლო პროცესის გაშუქების შესახებ.

აქვე შევახსენებთ, უმაღლეს საბჭოს, რომ ქარტია არამხოლოდ საჯაროდ აქვეყნებს გადაწყვეტილებებს, არამედ არასდროს ერიდება საჯაროდ მოსაზრებების გამოთქმას და დისკუსიის დაწყებას მედიაში არსებული პრობლემების შესახებ. შესაბამისად, დადგენილი წესის შესაბამისად ეხმაურება ყველა მოვლენას, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს.

ქარტიისთვის გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაზრება, თითქოს ჟურნალისტებს თვითცენზურისა და თვითშეზღუდვის ვალდებულება ჰქონდეთ. ქარტია, ისევე როგორც მედიის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციები პირიქით, ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომ ქვეყანაში არამხოლოდ ცენზურა, არამედ ჟურნალისტების თვითცენზურაც არ არსებობდეს, ვინაიდან „თვითცენზურა“ წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი მედიის პრინციპებთან.

საერთო ჯამში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წუხილი, რომ ჟურნალისტები „დასაშვები კრიტიკის“ და „გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს სცილდებიან, მიუღებელია ქარტიისთვის. ქვეყანაში არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიის თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაიმე ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება.

აქედან გამომდინარე, ქარტია, რომლის მთავარი მიზანია მედიის სტანდარტის გაუმჯობესება, ჟურნალისტების და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების დაცვა, საკუთარ ძალისხმევას მიმართავს სწორედ იქითკენ, რომ ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდვა ქვეყანაში არ დაწესდეს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^