ბათუმის მერიამ საინიციატივო ჯგუფს მეჩეთის აშენების ნებართვა არ მისცა, აღნიშნული ინფორმაცია „ლიბერალს“ ტარიელ ნაკაიძემ დაუდასტურა.
„უარი არის უაზრო, გაუმართავი. თითიდან გამოწოვილი მიზეზებით. ეს არის დამოკიდებულების ღიად დემონსტრირება ხელისუფლების მხრიდან, რომ მას არ სურს, მუსლიმ თემს ხელი შეუწყოს მეჩეთის აშენებაში. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ტარიელ ნაკაიძემ.
ბათუმის მერია უარს იმით ასაბუთებს, რომ ტერიტორია, სადაც მუსლიმები მეჩეთის აშენებას ითხოვენ, მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს, სადაც საცხოვრებელი სახლები დომინირებს.
„მუნიციპალიტეტის მიერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კვარტლის უკვე მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს და მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობით" - ნათქვამია მერიის წერილში.
მერია ასევე აღნიშნავს, რომ პროექტს, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა, განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა ესაჭიროება გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, გაჩერების და სხვა თვალსაზრისით, რასაც, საკულტო ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, დარჩენილი მიწის ნაკვეთი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.
მერია იმაზეც მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე ქალაქის გენგეგმის შესამუშავებლად წინასაპროექტო კვლევა მიმდინარეობს, გენგეგმის ფარგლებში კი სხვადასხვა ზონებისთვის შესაძლოა განსხვავებული ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება დადგინდეს.
საინიციატივო ჯგუფმა მშენებლობის ნებართვის მისაღებად თებერვალში მიმართა მერიას და პასუხი დღეს მიიღო. საინიციატივო ჯგუფი მეჩეთის აშენებას ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე გეგმავდა. აღნიშნული ტერიტორია მუსლიმმა თემმა თავისი სახსრებით შეისყიდა.