Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

500-კვტ-იანი ხაზის წინააღმდეგ „მწვანე ალტერნატივის" სარჩელს სასამართლო 20 ივნისს განიხილავს

23 მაისი, 2017 14:53

ქსანი-სტეფანწმინდის 500-კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ „მწვანე ალტერნატივის" სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს განახლდება. 

სარჩელი სასამართლოში „მწვანე ალტერნატივამ", შოთა ბუჩუკურმა და ზაზა წიკლაურმა შეიტანეს. გუშინ მათ სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებები წარადგინეს. 

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნინო გუჯარაიძის განმარტებით, ზაზა წიკლაურმა სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის 2016 წლის 27 მაისის #ი-260 ბრძანების შეჩერების შუამდგომლობა დააყენა, რომლითაც მინისტრმა „შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსების პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა დაამტკიცა.

გუჯარაიძის განმარტებით, სამ დღეში გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო შუამდგომლობას, რაც, სავარაუდოდ, სამუშაოების შეჩერებასაც გამოიწვევს. 

მოსარჩელე მხარე მოითხოვს:

1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის 2016 წლის 27 მაისის #ი-260 ბრძანება, რომლითაც მინისტრმა „შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ  ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსების პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა დაამტკიცა.

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის #37068 გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ა(ა)იპ "მწვანე ალტერნატივას", ზაზა წიკლაურის, შოთა ბუჩუკურის ადმინისტრაციული საჩივარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. მათ აქციები არაერთხელ გამართეს და დამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცადეს, რაც სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლით დასრულდა. 

ისინი იმ პოტენციურ ზიანზე საუბრობენ, რომელიც, მათი თქმით, შესაძლოა, პროექტის განხორციელების შემთხევაში, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიადგეს. 

„ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა" - ასე შეაფასა ჭართლიდან, ფასანაურიდან და ხანდოდან თბილისში ჩამოსულმა მოსახლეობამ პროექტი, რომელიც, მათი თქმით, განხორციელების შემთხვევაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს. 

„ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა" - აქცია ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის წინააღმდეგ

„მწვანე ალტერნატივაში" მიიჩნევენ, რომ საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა პროექტმა გააჩინოს, სათანადოდ არ არის შესწავლილი. 

„პროექტით არ იყო გათვალისწინებული ელექტრომაგნიტური ველისგან დაცვის ღონისძიებები. არ იყო რისკები სათანადოდ შესწავლილი, თუმცა სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი დასკვნა, რომელიც მშენებლობის ნებართვის ნაწილია. დღეს გაუქმებულია ის რეგულაცია, რომელიც სპეციალური დაცვის ზონას აწესებდა ადამიანებისთვის. მოქმედი ნორმა გადამცემ ხაზს იცავს ადამიანებისგან და სწორედ ეს ნორმაა გამოყენებული. როცა 30-მეტრიან დერეფანზე მიუთითებენ, ეს ელექტროგადამცემი ხაზის დასაცავადაა. ძველი ნორმა ითვალისწინებდა 240-მეტრიანი დაცვის ზონას და იგი 2007 წელს გააუქმეს, რადგან სხვა კანონში უნდა ასახულიყო. თუმცა ასე არ მოხდა" - ამბობს „ლიბერალთან" საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე. 

შეკითხვაზე, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს შესაბამისი ელექტროგადამცემი ხაზი, გუჯარაიძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მეცნიერებს ერთიანი მოსაზრება არ აქვთ, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წინდახედულობის პრინციპით ხელმძღვანელობს.

„არსებობს 30 000-ზე მეტი კვლევა, რომელთა ნაწილი ამბობს, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს, კიბო, ლეიკემია, ნეიროდეგენერაციული პროცესების ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი ბავშვებში. რადგან ამ საკითხზე არ არსებობს შეთანხმება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ იგი მაქსიმალურად შრს იყოს დასახლებული ტერიტორიისგან" - ამბობს გუჯარაიძემ. 

ქსანი-სტეფანწმინდის 500კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ენერგოტრანსი" ახორციელებს, რომელიც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შვილობილი კომპანიაა. ამ უკანასკნელის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ საწყის ეტაპზე, ელექტროგადამცემი ხაზი იმუშავებს 110 კვ. ძაბვაზე და მოემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მიერ გენერირებული ელ. ენერგიის ინტეგრირებას საქართველოს ენერგოსისტემაში.

ხანდოში ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს აპროტესტებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^