დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე პრეზიდენტს, პრემიერს და სახალხო დამცველს მიმართავს და სთხოვს არ გადასცეს ქართულმა მხარემ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს.
"მიზეზი სავარაუდოდ თურქეთის ხელისუფლებაა. გუშინ თურქეთის დელეგაცია იყო ჩამოსული და სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ დააკავეს ჩემი მეუღლე. ადვოკატებმა მითხრეს რომ ქართული მხარე მუსტაფას არაფერს ედავება. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს არ გადასცენ უდანაშაულო მუსტაფა ჩაბუქი თურქეთს" - განაცხადა დღეს მუსტაფა ჩაფუქის მეუღლემ თუფა ჩაბუფკმა.
დღეს თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. ამის შესახებ „ლიბერალს“ დაკავებულის ინტერესების დამცველმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
სოსო ბარათაშვილის თქმით, თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ბრალდების დასაბუთება კრიტიკას ვერ უძლებს. მისივე თქმით, აღნიშნული საქმე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ექსტრადირების საკითხს, არამედ საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციასაც.