„ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივით, გასული წლის 21 სექტემბერს „დიდუბობა 2016" აღინიშნა. თბილისის მერიიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „დღესასწაულის" ფარგლებში რამდენიმე გასართობი ღონისძიება გაიმართა, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 69,204 ლარი შეადგინა.
ღონისძიებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილობრივი ჩამონათვალი:
1) ცეცხლოვანი შოუ აკრობატებით – 3 000 ლარი;
2) ქალაქური სიმღერების მომღერალთა გუნდი – 1 200 ლარი;
3) სცენარისტი, რომელსაც დიდუბის ლეგენდის თეატრალიზებული და მუსიკალური დადგმის შექმნა დაევალა – 1 500 ლარი. (სატენდერო დოკუმენტის თანახმად, სცენარისტი პოეტი ან პროზაიკოსი უნდა ყოფილიყო და ერთი საავტორო წიგნი მაინც უნდა ჰქონოდა გამოშვებული);
4) ყვავილებით აწყობილი სიტყვა „დიდუბობა" – 1 485 ლარი;
5) საბავშო მუსიკალური პროგრამა – 6 000 ლარი;
6) მოცეკვავე/მსახიობი – 4 000 ლარი;
7) ოჩოფეხებზე შემდგარი გამრთობები – 1 250 ლარი.
„ფლანგვის დეტექტორისთვის" გამოგზავნილი პასუხებიდან აგრეთვე ცხადი ხდება, რომ გამგეობამ „დღესასწაული" ამ სახით პირველად 2016 წელს აღინიშნა. გასულ წლებში „დიდუბობაზე" გაწეული ხარჯი ბიუჯეტში არ ფიქსირდება. ამ ტრადიციის გახსენება და აღორძინება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა.